Skip to content
March 8, 2011 / mkitxveli

ორჰან ფამუქი – „თეთრი ციხესიმაგრე“

Ferit Orhan Pamuk – Beyaz Kale

ტექსტის სრულად აღქმა ცოტა არ იყოს გამიჭირდა, რამდენჯერმე დავუბრუნდი გარკვეულ ეპიზოდებს, დიდხანს ვიფიქრე, რა დავწერო-მეთქი. მერე „მამაჩემის ჩემოდანი“ წავიკითხე, ნობელის პრემიის გადაცემისას ფამუქის მიერ წარმოთქმული სიტყვა, და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

წიგნში ორი ადამიანის ურთიერთობაა მოთხრობილი თურქი ჰოჯასი და იტალიელი უსახელო კაცის. ორივე ერთმანეთს ვიზუალურად ძალიან ჰგავს, თუმცა, აშკარად არ არიან ტყუპები. ხან სიზმრების ახსნას ცდილობენ, ხან იარაღს ქმნიან და ფაშასა და სულთანს აბითურებენ.

ერთი აზიელია, მეორე – ევროპელი. ფამუქი ბოლოსიტყვაობაში წერს, რომ ამ ნაწარმოებით გაცხადებულია სურვილი, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაყოფა არ ხდებოდეს. ფინალში ისე ემსგავსებიან ერთმანეთს ნაწარმოების გმირები, რომ მათი გარჩევა ჭირს, რომელია ვენეციელი და რომელი – სტამბულელი. თეთრი ციხესიმაგრე კი სიმბოლოა დედამიწელთა ერთიანობის. იმის, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან და უფრო პრივილეგირებული არ შეიძლება არსებობდეს.

ჩემი აზრით, ასეთი ერთიანობა პირობითია იმიტომ, რომ კიპლინგისა არ იყოს, „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი – აღმოსავლეთი.“ ნაციონალიზმისგან საკმაოდ შორს ვარ, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ერი რაიმე ნიშნით შეიძლება სხვაზე მაღლა დავაყენოთ, თითოეულ ნაციას თავისი დამახასიათებელი უპირატესობა აქვს, რაც აბალანსებს მსოფლიოს და ერთ სიმაღლეზე აყენებს ყველა მათგანს. თუმცა მათ შორის განსხვავება რომ არსებობს, ცხადია.სხვა თუ არაფერი, კულტურათაშორისი განსხვავება საკმაოდ თვალშისაცემია. ინდივიდუალიზმი ადამიანებს პიროვნებებად აქცევს. ამიტომაც ერთიანობა პირობითი ხდება.

„სტამბოლში გატარებული უღიმღამო დღეებიდან იმის გაგება მოვახერხე, რომ მსოფლიოს ცენტრი ჩვენგან ძალზე შორს იმყოფება,“ – ამბობს ფამუქი „მამაჩემის ჩემოდანში“. „თეთრი ციხესიმაგრის“ იდეასაც სწორედ ეს განსაზღვრავს. როგორც ჩანს თვითონ ძალიან გრძნობდა დასავლურ სამყაროსთან სიშორეს. პრინციპში, პროვინციალურობის გრძნობა მეც არაერთხელ მქონია და ხშირად მიოცნებია, სადმე უფრო განვითარებულ ქვეყანაში მეცხოვრა. ერთი შეხედვით ძალიანაც კარგი იქნება თუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ასე თვალშისაცემი განსხვავება არ იქნება, მაგრამ ეს ალბათ არასდროს მოხდება. ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ რელიაგიათაშორისი განსხვავებებიც დიდწილად განსაზღვრავს ადამიანთა ქცევას, ამიტომაც „დასავლეთი ყოველთვის დასავლეთი იქნება, აღმოსავლეთი კი – აღმოსავლეთი“. თუმცა ბოლოს ადამიანები ისე ეჩვევეიან, რომ ფამუქივით ბოლოს ამბობენ „სტამბოლი მე ვარ“.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს წიგნი პიროვნულ გაორებაზე იყო. ხან დოსტოევსკის „ორეული“ მიდგებოდა თვალწინ და ხან ჰესეს „ტრამალის მგელი“. ფამუქის ამ ნაწარმოებში ორივე ისევე ერთიანდება, როგორც ზემოთდასახელებულ წიგნებში. თუმცა, ბოლოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ძალიანაც მომეწონა წერის სტილი, სიუჟეტის განვითარება, ის, თუ როგორ მოდის წიგნიდან სიტყვები – ერთბაშად და შეუწყვეტლად.

ორჰან ფამუქი

ისიც დამაფიქრებელია, სულთანსა და ფაშას ეს ორი ადამიანი როგორ ათამაშებს, ათასგვარ სისულელეს ეუბნებიან, იმას კიდევ სჯერა, ყოვლ დილას იბარებს, რომ სიზმარი აახსნევინოს, ერთხელაც ვერ ნახავს, მაგრამ დღე რომ არ ჩაუვარდეთ, მსახურის სიზმარის განმარტებით შეიქცევენ თავს. ქვეყნის პირველ პირებს ნეტა რამდენი ასეთი გამაბითურებელი ადამიანი ჰყავს?

ბოლოს ძალიან მინდა თქვენც გაგაცნოთ ფამუქის პასუხი ჟურნალისტების ბანალურ კითხვაზე „რატომ წერთ?“

„მეწერება და იმიტომ! იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ! . . ყველაფერზე, ყველაზე ძალიან გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვწერ. დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ. მთელი არსებით მწამს ლიტერატურის, რომანის ხელოვნებისა და ვწერ. მეშინია არ დამივიწყონ და ვწერ. განმარტოებისთვის ვწერ. ეგებ როგორმე გავარკვიო ყველაზე, თითოეულზე რატომ ვბრაზობ-მეთქი და ვწერ. ჩემგან ყველა ამას ელის, და მეც ვწერ. ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ. ერთი ადგილია, ყველა უცილობლად რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, სწორედ იმგვარად, თითქოს იქამდე ვერადავერ ვაღწევ. ამ გრძნობისაგან გათავისუფლება მწადია და ვწერ. ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე იმიტომ ვწერ. ბედნიერი რომ ვიყო, იმიტომ ვწერ.“

11 Comments

Leave a Comment
  1. როდე / Mar 9 2011 10:21 am

    კარგი სტატიაა ;))
    ეს პირველი ნაწარმოებია, რომელიც წავიკითხე ფამუქის. ბოლო მოთხრობამ და სანობელო სიტყვამ, გაცილებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა, ვინემ თავად რომანმა.
    თუმცა, კარგი რომანია, მომეწონა განსხვავებული წერის მანერა, რომელსაც ქართულად თარგმნისას, მგონია რომ, დიდი განსხვავება არ განუცდია.
    შემდეგი “ჯევდეთია” რიგში🙂

    • mkitxveli / Mar 9 2011 10:33 am

      “მამაჩემის ჩემოდანი” მეც ძალიან მომეწონა, ბევრი ნობელიანტის სიტყვა მაქვს წაკითხული, მაგრამ ამან განსაკუთრებით იმოქმედა.

      სამწუხაროდ ფამუქი ჩემთან ჯერჯერობით არ დგას რიგში🙂 თუმცა დღეს ბიბლიოთეკას რომ გადავქექავ ვნახოთ რა მომხვდება ხელში🙂

      ისე მისი სხვა ნაწარმოები წაკითხული გაქვს?

    • როდე / Mar 9 2011 11:32 am

      არა, სხვა არაფერი🙂

      “ჯევდეთი” მაქვს შეძენილი და უახლეს მომავალში ვაპირებ წავიკითხო.
      ასევე აქებენ “მე წითელი მქვია” და ამ რომანის წაკითხვაც უცილობლად მსურს🙂

  2. mkitxveli / Mar 9 2011 12:29 pm

    “მე მქვია წითელზე” კარგი რეცენზიები მოვისმინ-წავიკითხე ნამდვილი მკითხველებისგან. საერთოდ კი ვაპირებ ფამუქის უფრო ახლო გაცნობას და მის ფერებში გარკვევას, მაგრამ როდის ვიზამ მაგ ამბავს ჯერ არ ვიცი🙂

    • როდე / Mar 9 2011 6:12 pm

      კი ძალიან კარგი ფერი–რომანები ექნება, რატომღაც ასე მგონია და წინასწარ ვტკბები🙂

  3. Sophie SUNNY Golden / Mar 11 2011 3:12 pm

    ამ წიგნთან რომანტიკული განცდები მაქვს, პრაღაში რომ მივდიოდი და ვბრუნდებოდი, მატარებელში წავიკითხე. თვალებს რომ დავხუჭავ, წარმოვიდგენ თბილ თურქეთს, ლურჯ ხმელთაშუა ზღვას და ჩემს უსაყვარლეს ვენეციას… ყველაფერია ამ წიგნში, რაც ადამიანს შეიძლება მოეწონოს. უძლიერესი მწერალია ფამუქი, ჩემი ზრით, სიამოვნებით გავიცნობდი და ვესაუბრებოდი.

    • mkitxveli / Mar 11 2011 4:02 pm

      შენ სტამბული ისედაც ცოცხლად გყავდა წარმოდგენილი “სეფორას” ვგულისხომობ🙂

  4. Kejeradze / Sep 27 2011 10:44 am

    ამ ნაწარმოების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფამუქი “ჩემი” მწერალია🙂

  5. tamuna / Apr 16 2012 11:09 am

    საშინელი წიგნია

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:46 am

      ფამუქი მიყვარსო “რჩეულ წიგნებში” შემხვდა შენი კომენტარი🙂

  6. jeko / Aug 9 2013 5:31 am

    უაზროზე უაზრო და პრიმიტიული წიგნია, ზოგადად ფამუქი საქართველოში რატოა ასე გაპიარებული ვერ ვხვდები

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: