Skip to content
May 10, 2011 / mkitxveli

გურამ მეგრელიშვილი – „ადამიანის ქალაქი“

მოქმედების ადგილი – მატარებელი, ზოოპარკი, გოლგოთა, ციხე, ეკლესია, კაფე „21 ძველი ბიჭი“, გადასაღები მოედანი და კიდევ ბევრი ის ადგილი, წესით ერთმანეთთან არაფერი რომ უნდა აკავშირებდეს – ეს ფიქრი მხოლოდ წიგნის წაკითხვამდე გაგყვება.

გურამ მეგრელიშვილის (ზემხა) „ადამიანის ქალაქი“ მოთხრობების კრებულია. თითოეულ მათგანს თავისებური სტრუქტურა აქვს, ზემხასეული. აქაც ისევე გეთამაშება, როგორც წინა კრებულებში. „საფოსტო ყუთის“ წაკითხვამდე ინსტრუქციას მთავაზობს, მე არ ვუჯერებ, გვერდებს მიყოლებით ვფურცლავ, სახიდან ღიმილი მალევე მცილდება, გასართობი ნოველის ნაცვლად მნიშვნელოვანი პრობლემებით დახუნძლული და საფიქრალი ტექსტი შემრჩა.

თავიდან ვერ ხვდები, რა აკავშირებთ ერთმანეთთან ჯემალ კარიას, ნია ჩერქეზიშვილს, შიგ ჩართული პიესა და ჯვარცმის ამბები გაბნევს, მერე თავიდან უბრუნდები, მიჰყვები ინსტრუქციას და თავში აზრები ლაგდება. ჯვარცმა კიდევ ერთხელ „ჯვარცმობანაში“ გახსენდება, თუმცა მანამდე „ადამიანის ქალაქში“ მოხვედრისას ღიმილი წიგნის ბოლომდე გიქრება, იმიტომ რომ ხვდები შენც ერთ – ერთი იმათგანი ხარ, 30 ვერცხლს რომ აჩხრიალებს. იუდები ისევ მრავლად არიან, ჰეროდეც აქვეა, რეალურად კარგსა და ცუდს ისევ ვერ ვარჩევთ. უბრალოდ, ახლა ბავშვების ერთიანად გაჟლეტის ნაცვლად აბორტების ბუმი იწყება, თუმცა, ის მაინც იბადება, ადამიანი ისევ ისეთია, დრო და გარემო შეიცვალა მხოლოდ. ყველაფერი მისი ნებით ხდება, ჩვენ ვერ შევცვალეთ ვერაფერი იმიტომ, რომ ჯერ საკუთარი თავის შეცვლა ვერ მოვახერხეთ.

მოთხრობებში იმდენი ალეგორიაა, გმირები კი იმდენად ახლობელი, რომ მკითხველს განუსაზღვრელი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს. საერთოდ ყველას თავისი სიმართლე აქვს, მათ მოქმედებებს რაღაც იდეა და რწმენა განსაზღვრავს. „კიდობანი“ ლოგიკური დასასრულია კრებულისა, რომელიც ბოლოს რომანად მომეჩვენა. ყველა მოთხრობას ერთი ხაზი გასდევს, თითოეული მათგანი თავებად ისე იყოფა, ცალკე ნოველად აღიქვამ, ამიტომ მთელი კრებულის გაერთიანებაც არ გიჭირს. ვიცი, გაუგებარად გეჩვენება ეს ფრაზები, არ წაგიკითხავს და იმიტომ.

„როცა რამეს კარგავს ადამიანი, იმიტომ კარგავს რომ, ის უკეთური გზითაა შეძენილი და ღმერთი როცა ართმევს, ამით დანარჩენ სხვა სიკეთს უნარჩუნებს ფასს , რადგან ერთი ცუდი გზით ნაშოვნი ბევრი სწორი გზით ნაშოვნს წყალში ყრის,“ – ამბობს მოძღვარი, რომელიც მთელი წერილის განმავლობაში ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტებას სიცრუისგან ვერ ვარჩევთ. „ორი ფეხმოჭრილიდან ცალფეხა ის არის, ვინც არ აღიარებს, რომ კიდური აკლია, ვინც ამას აღიარებს, ის ცალფეხა კი არ არის, უბრალოდ, ერთ ფეხზე დგას და ასეთი თვალებით უყურებს სამყაროს“.

ეს წერილი ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ჯვარცმა რამდენიმეგან გვხვდება. მაინც მგონია, რომ აქ აღმსარებლობას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ადამიანებმა რელიგიური წესები იმიტომ შექმნეს, რომ საკუთარი ქცევები ეკონტროლებინათ. ყველას თავისებურად სწამს – ზოგი „ადგილის დედას“ შუა კაფეში დგამს და დინამიკები ახლოს არ დადგათო, ყვირის, ზოგი ეკლესიაში მიდის, ვიღაც აღსარებას დატოვებულ წერილში ამბობს, ვიღაც კი ღმერთს სწერს წერილებს და სჯერა, რომ ფურცელი ადრესატამდე მივა. იმ კიდობანში ყველა ჩავსხდებით. მანამდე კი ყველა საკუთარ ცხოვრებას გაადაავლებს თვალს, იპოვის შეცდომებს და ითხოვს პატიებას, ფიქრებისთვისაც კი.

„დედა, მაპატიე, რომ ჩემს მეგობარს უცხოეთიდან ჩამოტანილი ბოტასები ეცვა, მე კი გული წყდებოდა რომ შენც არ იყავი ბოზი და მეც არ მეცვა თეთრი ლამაზი ბოტასები.“

ყველა მოთხრობას ადამიანი და ღმერთი აერთიანებს. „სოფელი N, მფრინავი ხრენ და ჟუნტულაში“ კი ჩვენნაირი ადამიანი შეგრჩება ხელთ, აი ისეთი, 2008 წლის აგვისტოში რომ ვიყავით.

ეს წიგნი შენთვისაა, თუ გიყვარს ერთი შეხედვით მარტივი ნაწარმოებები ბევრი საფიქრალით, მერე დეტალებში ჩასაძიებლად უკან დაბრუნებაც თუ არ გეზარება და ტვინის წვალებაც თუ გიყვარს ლოგიკური კავშირების საპოვნელად.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: