Skip to content
May 15, 2011 / mkitxveli

მიშელ უელბეკი – “ბრძოლის ველის განვრცობა”

ერთი მეგობარი მწერდა, მგონი ახლობლები დავკარგე, იმდენი საქმე მაქვს, ვეღარავის ვეკონტაქტებიო. მეორემ მითხრა, ურთიერთობები რომ გაცივდა მეც და შენც ვამჩნევთ, მაგრამ რამის შესაცვლელად რას ვაკეთებთო? არაფერს მეთქი ვუპასუხე, გამახსენდა რამდენი მესიჯი დავტოვე უპასუხოდ იმ იმედით, რომ მოგვიანებით მივწერდი, იმ დღესვე იყო დედაჩემის საყვედურებით სავსე ზარი, ორი სიტყვით რომ მითხრა შენი ამბები გამიხარდებაო. არაფერს ვაკეთებ იმიტომ, რომ მეც ტიპური თანამედროვე ადამიანი ვარ, ემოციებისგან დაცლილი. საღამოს კიდევ მიშელ უელბეკის  “ბრძოლის ველის განვრცობის” კითხვა დავიწყე, რობოტი ვარ – მეთქი ვიფიქრე, პირველი იმიტომ, რომ ბევრი რამ მეცნო და მეორე, ასე მძაფრად არ განვიცდი, ან ჩვენთან საფრანგეთთან შედარებით ურთიერთობისა და სიყვარულის დეფიციტი ნაკლებია, ან მე ვარ მართლა იმდენად უემოციო, რომ ამ პრობლემას ასე მძაფრად ვერ ვამჩნევ.

ეს წიგნიც ადამიანზეა, რომელიც საქმეში ჩაფლული ხალხის გარემოცვაშია. სამსახურში სამი დღე არ იქნები – მერე რა, არავის დააკლდები, თანამშრომელი ტრაგიკულად გარდაიცვალა – არაუშავს, სხვას აიყვანენ. პენსიაში გავიდა ერთი – მისი ღვაწლი მხოლოდ გამოსამშვიდობებელი ვახშმით ფასდება და რეალურად მის არყოფნას არავინ გრძნობს.

“წესის მიხედვით ცხოვრება ბევრს ვერაფერს შველის. იხდი გადასახადებს, დროულად ისტუმრებს ვალებს, პირადობის მოწობაც მუდამ თან გაქვს და მაინც, მიუხედავად ამისა, მეგობრები არ გყავს.”

დღეს ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად მიდიმოდიან, ძნელად ვინმე რომ დაგაკლდეს. აი, რამდენიმე დღე ან კვირა რომ გავა და ხვდები, უნდა დაელაპარაკო, სოციალური ქსელით კი არა რეალურად.

“ადამიანთა ურთიერთობა სულ უფრო რთულდება, თითქმის შეუძლებელი ხდება, ცხოვრება იცლება თავგადასავლებისგან და დღითიდღე, სულ უფრო აშკარად იკვეთება სიკვდილის სახე, მთელი მისი ბრწყინვალებით. მესამე ათასწლეულს მართლაც რომ კარგი პირი უჩანს”

“სხვა უფრო თვალსაჩინო მოვლენების უკმარისობა ატმოსფერულ ცვლილებებს მეტ წონას მატებს. ჩემი ცხოვრებაც მათ რიტმსაა აყოლილი. აკი ამბობენ, მოხუცებს მუდამ ამინდი აკერიათ პირზეო.”

ოცი წლის ასაკში დაბერდითო, მთელი დღე რას აკეთებთ, გადახედეთო. ცხოვრება ბრძოლააო, ულებეკი ამტკიცებს, ეს ნაწარმოები ერთი კაცის ცხოვრებაა, კაცისა, რომელიც მძაფრად აღიქვამს ადამიანთა გულგრილობას. მგონია, რომ ბერნარი თავად უელბეკია, ყოველშემთხვევაში ისიც იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ფსიქიატრი ხდება ერთადერთი ადამიანი, ვისაც მასთან ურთიერთობა აინტერესებს, ისიც იმიტომ, რომ ახალ ნაშრომზე მუშაობს და “საცდელი კურდღლის” შოვნა უნდოდა, მთავარია სჭირდები. მერე რა, თუ თქვენი საუბარი “ყრუთა დიალოგია.”

არ გიფიქრია, რამდენი ადამიანის ცხოვრებაში გიკავია დიდი ადგილი, რომ გაქრე უშენობას რამდენი განიცდის და რამდენს დარჩება შენი ადგილი შეუვსებელი. ან სტატისტიკა როგორია, რამდენი მიდის და რამდენი მოდის შენს ცხოვრებაში. უელბეკს უთქვამს, ორივე თვალში + 10 მაქვს მხედველობა და ყველაფერს კარგად ვხედავო. ალბათ, გამძაფრებული უნდა გქონდეს აღქმა, ცხოვრება ცივ წყლად რომ მოგეჩვენოს. არადა, ჩვენთან ამბობენ, “მშვენიერიაო”.

“ბრძოლის სამყაროში უნდა გადაგებიჯებინა , გსურდა თუ არა. შეეცადე აღიდგინო ზუსტად ის წამი. ბევრმა წყალმა ჩაიარა არა? ხომ გახსოვს. წყალი ცივი იყო . . .”

ისეთი წიგნია, ბოლო გვერდს მხოლოდ იმისთვის თუ დახედავ დაადგინო სიამოვნების რამდენი გვერდი დაგრჩა და მერე კითხვის ტემპს შეანელებ, იმიტომ რომ საკმაოდ პატარა ტექსტია. მით უმეტეს, იმ საკითხისთვისთვის რაზეც წერს.

მიშელ უელბეკი

“დღეს ადამიანები ისე ხშირად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს . შეხვედრისას სხვაპასხუპით ლაპარაკობენ ამ მთისასა და იმ ბარისას მიედმოედებიან. ზოგჯერ საქმე პირზე კოცნამდეც მიდის, რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომრებსაც ინიშნავენ, მაგრამ დარეკვაზე ნურას უკაცრავად. თუ მაინც ერთმანეთს გადაურეკეს და შეხვედრაზე შუეთანხმდნენ, წამსვე გრძნობენ, რომ პირველი შეხვედრის სიცხოველეს იმედგაცრუება ენაცვლება.”

უელბეკის ეს პირველი რომანია, მერე “ელემენტარულ ნაწილაკებში” უფრო მწვავედ განიხილავს ადამიანის ქცევებს, გულგრილობასა თუ სიყვარულის დეფიციტს. ამას კი ეტყობა, რომ ძალიან მცირეა გვერდების რაოდენობა და სათქმელი ბოლომდე არ უთქვამს. დარწმუნებული ხარ, რომ ამ საკითხს კიდევ მიუბრუნდება და  სათქმელს ერთიანად ამოხეთქავს. რაც ასეც მოხდა მოგვიანებით.

შიგ ჩართული “ტრაქტატები” კიდევ უფრო ამძაფრებს და შენც ფიქრობ, ფიქრობ, როგორ შეიძლება არ დაემგვანო მათ, ყველაზე მცირე რაც შეიძლება გააკეთო, დგები და შენს ადამიანებს წერ იმას, რასაც მათ მიმართ გრძნობ. პასუხი როგორც წესი იქნება “მთვრალი ხარ?” ჩვენთან სიყვარულს ერთმანეთის მიმართ მხოლოს ალკოჰოლით ამყრალებულები გამოხატავენ და ფასს უკარგავენ ყველაფერს. არაუშავს, შენ შენი სათქმელი თქვი, მერე კიდევ ასევე მოიქცევი და მიეჩვევიან შენგან მიღებულ სითბოს, რა იცი, იქნებ ერთხელაც უკან დაგიბრუნდეს.

უელბეკი ჩემი ახალი ფავორიტი მწერალია.

6 Comments

Leave a Comment
  1. ნინო / May 15 2011 7:26 pm

    რამდენი მესიჯი დავტოვე დღეს უპასუხოდ რომ იცოდე და ახლა როგორ ვნანობ((.მეგობარი მწერდა, შენს მომავალ ნათლულს, რომელიც ერთ თვეში დაიბადება, ტანსაცმელი ვუყიდეო და მე კიდევ საქმე მქონდა და ვერც კი ვუპასუხე(( აუტანელი ვარ!

    • mkitxveli / May 15 2011 8:59 pm

      რაც უელბეკი გავიცანი ეგ შეგრძნება სულ თან დამყვება😦 ერთმა მითხრა დღეს ცვლილებები დავიწყეო, ისე მიხარია🙂

  2. rode / May 15 2011 9:34 pm

    რამდენი სიამოვნება მელის წინ… უცნაური სიამოვნება🙂

    • mkitxveli / May 16 2011 8:16 am

      კითხვის სიამოვნება და პრობლემებზე სერიოზულად დაფიქრება🙂 თუ უელბეკს აქამდე არ იცნობდი

  3. Kejeradze / May 17 2011 5:57 pm

    ამ ეტაპზე მეც “ვავრცობ ბრძოლის ველს” უელბეკთან ერთად : ) რამდენიმე ფურცლის შემდეგ უკვე ვგრძნობ, რომ “ელემენტარულ ნაწილაკებზე” მეტად მომეწონება : ) … და მესიჯებსაც უფრო მონდომებით ვუპასუხებ : ) )

    • mkitxveli / May 17 2011 6:48 pm

      ორიევს კომბინაცია უდიდეს ეფექტს იძლევა🙂 მაგრამ “ელემენტარული ნაწილაკები” უფრო მძაფრია, ეს მსუბუქია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ ავტორი ამ სათქმელით დამუხტული იყო, ახლა ჰაერი გამოუშვა და ერთხელაც ამოხეთქავდა, ხოდა ასე დაემართა მგონი ნაწილაკებში.

      რა შედარებები მაქვს🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: