Skip to content
June 6, 2011 / მკითხველი

ბასა ჯანიკაშვილი – “აბსურდისტანი”

მელომანი კი არა, მასთან მიახლოებულიც არაფერი მქვია. მუსიკა ჩემთვის ისაა, წერა-კითხვისას ფონად რომ გამყვება ხოლმე. არასდროს ვინტერესდები შემსრულებლებით, მათი გარეგნობით, ბიოგრაფიით (უმრავლესობის სახელიც არ ვიცი) , ამ მუსიკის ჟანრით, ტექსტის შინაარსით, ალბომითა თუ ჩაწერის თარიღით. მთავარია მომწონს, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ კითხვაზე “რა მუსიკას უსმენ?” პასუხი არ მაქვს.

“აბსურდისტანი” კი საბჭოთა მელომანის ამბავია. იქ დასახელებული ჯგუფების მხოლოდ სახელები გამეგონა. მერე თითოეულის მოსმენა გადავწყვიტე და მე თვითონ გამიკვირდა, როცა ჩემს პლეილისტში Nirvana-სა და  Pink Floyd-ის რამდენიმე სიღერა აღმოვაჩინე, Radiohead-ი და ბობ მარლი კი იმ იშვიათ გამონაკლისში შედის, რომელსაც ხმით ვცნობ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იმ ადამიანებზე, რომლებმაც 70-იან 80-იან წლებში და შემდგომ პერიოდში მუსიკალურ სამყაროში ახალი სიტყვა თქვეს, თითქმის არაფერი ვიცოდი.

ამიტომ ცოტა მიჭირს იმათი გაგება, ვინც ჯერ მაგნიტოფონის კასეტებს, შემდეგ VHS ვიდეოს აგროვებდა და ერთმანეთს ახალ ალბომებს აწერინებდა. საზღვარგარეთ წასული კი პირველ რიგში მუსიკალური მაღაზიებისკენ გარბოდა. მართლა არ ვიცი, ასეთი რა გავლენა მოახდინეს ამ შემსრულებლებმა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დროის ახალგაზრდობის ნაწილის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს.

ბასა ჯანიკაშვილის ეს ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და 90-იანელების მუსიკალურ ცხოვრებას ეხება, თუმცა, მუსიკის გარდა კიდევ ბევრ რამეს გაახსენებს იმ დროის ახალგაზრდობას. ავტორის მეხსირებას შემორჩენილი ფრაგმენტებია.

თავიდან ვფიქრობდი, ამ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თემატიკიდან ვეღარ გამოვიდნენ ეს მწერლები-მეთქი. ბოლოს მაინც მოქმედებს შენზე იმიტომ, რომ ახლობელი და ნაცნობია ყველაფერი. ბასას აქვს რაღაც, რითად მუდმივად ახდენს გავლენას და დასასრულის შემდეგ დიდ ემოციებს მიტოვებს. აქაც ასე იყო, როგორც “ოცნებით კაიროში”. წერს სადად და მარტივად,  ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ უცებ მოყოლა მოუნდა, დაჯდა და დაწერა.

“მაშინ მობილური არ იყო და საკუთარი თავის შეხსენება მთელ ხმაზე, ყველა მეზობლის გასაგონად გიწევდა: მე აქ ვარ და ვარსებობ! “დაძახების ინსტიტუტი” მობილურის ფენომენმა მოსპო”, – ამაზე ბოლო სართულზე მცხოვრები კოტე გამახსენდა. ყველაზე ბევრი დამძახებელი მას ჰყავდა და ზეპირად ვიცოდით, ვინ მიდიოდა და რა საკითხზე, დიალოგები ეზოდან ბოლო სართულზე არც ისე ხანმოკლე იყო.

ხოდა ბევრი ამგვარი დეტალით 90-იანებში გადახვალთ, ზოგს ლამფა, “კერასინკა”, რიგები, ომობანა, “პატრიოტი” დეგენერატები, შავთეთრი ტელევიზორი და ათასი უბედურება გაახსენდება, ზოგი კი ამას ისევე ვერ გაიგებს, როგორც მე ბასა განცდებს ტომ იორკთან შეხვედრისას იმიტომ, რომ მკითხველთა ურავლესობას მცირე ასაკის გამო არც ემახსოვრება. ასე არ მესმის მეც საბჭოთა მელომანებისა.

ქალი ყველაზე დამყოლი ცეკვისას ხდება და ეჭვი მაქვს, ცეკვა მამაკაცის მოგონიალიაო, ბასა ირწმუნება 🙂 ამაზე ბევრი ვიცინე, იმიტომ რომ ცეკვისას ზომა/ნორმას ვერ ვგრძნობ და ჩემს სუნთქვას მუდმივად გამოცდას ვუწყობ.

“რა ვიღონოთ მაშინ, როდესაც შეუძლებელია იცეკვო შაკირას ბაიათისა და ქანთრის ნაზავზე, რა წყალში ჩავვარდეთ, როდესაც შენს მოწონებულ გოგოს ერთი სული აქვს აჰყვეს ამ ქაჯურ სიმღერას, შენ კიდევ ზურგის ტვინით გრძნობ, რომ ახლა უარის თქმა არ იქნება, თორემ შენც უარს გეტყვიან მოგვიანებით.

აბა, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მაშინ, როდესაც “ნელ ცეკვას” ცეკვავთ, გვერდიდან შეხედეთ თქვენს უაზრო მიხვრა-მოხვრას. თქვენს მარჯვენა ხელში ჩადებულია ქალის მარცხენა ხელი, რომელიც ამწესავით წინ გაგიშვერიათ და არ იცით, რა უნდა უქნათ ამ ორ მტევანს ჰაერში. თქვენ გაქვთ საშინელი ოთხი წუთი , რომ იცეკვოთ და რა ნელა გადის ხოლმე ეს ავბედითი ოთხი წუთი,” – აქამდე მეგონა ცეკვას ასე საშინლად მხოლოდ ჩემი ერთი მეგობარი ვერ იტანდა.

ბასა ჯანიკაშვილი

ბოლო გვერდი, როგორც ყოველთვის, ბასას ისეთი აქვს, გული ბოლომდე რომ უნდა დაგწყდეს და კიდევ ერთხელ დაფიქრდე, სად ხარ და რა ჯანდაბას აკეთებ.

“დასანანია, რომ ეს თაობაც მოესწრო ომს, ამ მხრივ თაობათა შორის წყვეტა არ ხდება, ჩვენ ერთმანეთს ვუამბობთ ომზე, ვუზიარებთ გამოცდილებას. დასანანია, რომ სხვა ყველაფრისთვის ადგილი ცოტა რჩება.

დღეს მთელი დღეა ოთხი წლის სოფის ვუხსნი, რა არის ომი, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავაგებინე, რატომ შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონ, ამდენ “რატომზე” მე პასუხი არ მაქვს. “ხომ შეიძლება ფრთხილად იყო, რომ ბომბი არ დაგეცეს?” სოფისთან ამ თემაზე საუბარს ვწყვეტ ამ კითხვის შემდეგ –  “ბავშვები ჩვენ შემდეგაც მოესწრებიან ომს?” 

აღარ მინდა აბსურდისტანში ცხოვრება!

10 Comments

Leave a Comment
  1. ნანიკო / Jun 7 2011 6:55 pm

    არდა არც ისე კარგი წარმოდგენა მქონდა ამ წიგნზე, როგორ ახერხებ ხოლმე იმას, რომ მუდმივად მიჩენ იმის წაკითხვის სურვილსაც, რაც გდადებული მაქვს 🙂

    ნამდვილი მკითხველი ხარ!

    • mkitxveli / Jun 7 2011 6:59 pm

      მიხარია თუ ასე ფიქრობ 🙂 🙂

      ისე ამ წიგნის წაკითხვას დიდი დრო ნამდვილად არ სჭირდება, ის რამდენიმე საათი კი არამგონია, დაგეანოს

  2. gela / Jun 7 2011 6:56 pm

    აუ როგორ მომინდა წაკითხვა 🙂

    • mkitxveli / Jun 7 2011 7:00 pm

      რა გიშლის კითხვაში ხელს? 🙂

  3. Nini Berdzenishvili / Sep 6 2011 6:15 pm

    წავიკითხე და ძალიან მომეწონა. თითქოს ჩემი სათქმელი ითქვა .დღეს დილით დავიწყე და საღამოს მოვრჩი კითხვას. ძალიან საინტერესო იყო.

    • mkitxveli / Sep 6 2011 6:23 pm

      ბასას წიგნები სულ ასე ერთი დღეში იკითხება 🙂

  4. lily / Sep 17 2011 1:27 pm

    ეს წიგნი როგორც კი დავინახე წიგნების მაღაზიაში არც დავფიქრდიი ისე ვიყიდე და მართლაც რამდენიმე საათი დაჭირდა… და ძალიან მომეწონა , რეალურად რაც იყო ის წერია… წაიკითხეთ გირჩევთ… თან თუ როკი გესმით მითუმეტეს . ” ამ წიგნის მთავარი პერსონაჟიც სწორედ როკია”

    • mkitxveli / Sep 17 2011 6:14 pm

      მე არ მესმოდა მაგრამ მაინც მომეწონა 🙂

  5. (Lazy) / May 8 2012 8:32 am

    ეს წიგნი დღეიდან მამაჩემია 😀 სულ ვოცნებობსი მელომან მამაზე რომელიც მეტყოდა აი ამას მოუსმინე,ეს ნახე რა მაგარია… და გადმომიწყობდა თავის კასეტებს და ვიდეოებსმ,მაგრამ სამწუხაროდ ჩემი მშობლები შორს არიან მელომანისგან თან როკ-მელომანისგან.ამიტომაა რო არ ესმით რატო მინდა გიტარის ყიდვა ან რატო ვაბრახუნებ ჯოხებს ტაშტებზე 😀 სულ ყველაფერზე თვალი რომ დავხუჭოთ დღესდღეისობით როცა ყველგან უნიჭო პოპ მომღერლები ტრიალებენ და ყველას მათი სიმღერები აკერია პირზე როკ-მელომანისთვის უდიდესი სიამოვნებაა როცა სადღაც ზეპელინზე,დიფ ფარფლზე,ფინკ ფლოიდზე,საბატზე და ა.შ. გაიგონებს ან წაიკითხავს რამეს 🙂 2 დღეში მოვრჩი და ისიც იმიტომ რომ მინდოდა მეორე დღეც მხიარულად გამეტარებინა.ასეთ წიგნს ალბად სიამოვნებით ვიკითხავ მთელი ცხოვრების მანძილზე.ისე აღმოვაჩინე ძაან მაგარი ბენდი შაკტი რომელიც ძალიან საინტერესო მუსიკას უკრავს და ახლა გადავწყვიტე რეიდიოჰედს ჩავუჯდე.რატომღაც ყოველთვის ვერიდებოდი მაგ ჯგუფს 😀

    • mkitxveli / May 9 2012 4:09 pm

      მე სამწუხაროდ შორს ვარ მელომანობისგან, რედიოჰედს კი ვუსმენ 🙂

Leave a reply to Nini Berdzenishvili Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.