მიშელ უელბეკი – “პლატფორმა”
ფული, გავლენები, პრაგმატიზმი, კონკურენცია, უცანური ფორმის კრეატივი, სექსი, ტერაქტი, ეგოიზმი – უელბეკის ევროპა, სადაც ყველაფერი ყიდვა – გაყიდვამდე დადის. იწყებ “ბრძოლის ველიდან” და “ელემენტარული ნაწილაკების” გავლით ახალ “პლატფორმაზე” ხვდები, უკვე XXI საუკუნეა. ადამიანები ისევ უგრძნობები არიან, ოღონდ ამჯერად სექსისთვისაც ვეღარ იცლიან, საქმემ და ფულის შოვნისკენ სწრაფვამ გრძნობები გვერდით გაწია, მხოლოდ შვებულების დროს, ტურისტული მარშუტისას შეიძლება გაგახსენდეს, რომ საქმის გარდა სხვა რაღაცეებიც არსებობს.
მერე ერთხელაც “ორმოც წელს მიტანებული ფუნქციონერი, რომელსაც შვებულების დროს თავი ახალგაზრდად მოაქვს” დაკვირვებული აღმოჩნდება და ახალ დასკვნას გააკეთებს – უფრო მეტი ფულის საშოვნელად სექსუალური ტურიზმი უნდა განავითარო.
ვკითხულობ უელბეკს და ყველა მძულს, ვინც კი რამდენიმე წამით მაინც მაწყვეტინებს, ფრანგი “ჩემი მწერალი” გახდა და “პლატფორმა” კიდევ მისი ყველაზე კარგად წასაკითხი წიგნი მგონია, მოქმედებაც უფრო დინამიურად ვითარდება და სულ უფრო ზუსტია. ბიოლოგიის ნაცვლად ამჯერად სოციოლოგიაში მარკვევს, თანაც ისე, რომ არ მბეზრდება, არ მეზედმეტება. ყველაფერი ლოგიკური და რეალური მგონია, ისე წერს, მეჯერება. საერთოდ მგონია, რომ მწერალი თანამედროვეობას უნდა ეხმიანებოდეს და ეპოქის პრობლემებს აყენებდეს, ამ მხრივ უელბეკი XXI საუკუნის ავტორებიდან (რაც წაკითხული მაქვს) ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას. მისი ნაწერები არ არის ერთგვაროვანი, არ გექმნება შთაბეჭდილება, რომ მის წინა ნაწარმოებებში შეგხვდა ეს ფრაზები, არადა, ერთი და იგივე პრობლემა მის რამდენიმე რომანშია. მკითხველს აზროვნების საშუალებას აძლევს და ბოლო გვერდები სულ უფრო ნელა წასაკითხია.
ფული მთავარ როლშია:
“სილამაზეს მეტი ფული დაედო, უფრო ნარცისული, ფულზე გაცვლადი გახდა. თუ სექსუალობა სასაქონლო სექტორში უნდა დამკვიდრებულიყო, საუკეთესო გამოსავლად მესახებოდა მისი გაზომვა ფულით – ამ უნივერსალური საშუალებით, რომელსაც ჭკუის, ნიჭის, კომპეტენტურობის ზუსტი ფასი უკვე განესაზღვრა და შეხედულებების, გემოვნების, ცხოვრების წესის სრული სტანდარტიზაცია მოეხდინა.”
სწორედ ამიტომ ადამიანების მთავარი მიზანი ფულის შოვნა გახდა, ამისთვის აწვალებენ ტვინს და რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრებას ცდილობენ, გრძნობები გვერდით რჩება. “სიყვარულის განცდასა და სექსუალურ ლტოლვას ერთი და იგივე სათავე აქვს: ორივე საკუთარი თავის დავიწყებისას იბადება. თუ თავი არ დაკარგე, უბრალოდ ვერაფერს გააწყობ. ჩვენ ცივები, რაციონალურები გავხდით, ინდივიდუალურობამ და საკუთარმა უფლებებმა მეტისმეტად გაგვიტაცა.” საქმის გამო, რომელიც რეალურად ფულის შოვნისკენ გადადგმული ნაბიჯებია, გვავიწყდება ყველაფერი ადამიანური. ხოდა, მეც, როცა უარს მხოლოდ საქმის გამო მეუბნებიან, ძალიან ვბრაზდები. წარმატებაც ასევე მონეტებით დათვლადი გახდა და” წინ თუ ვეღარ მიდიხარ, უკვე სიკვდილის ბუზი გაზის”, ტურისტებიც მოსიარულე საფულეები არიანო, აეროპორტი კიდევ ამ საქმეებსა და დასვენებას შორის გაჩხერილი შუალედური სივრცე.
სადღაც ამ ქმედებებს შუა ჩასვა ულებეკმა წიგნის კითხვა, თუმცა მისთვის დრო მხოლოდ მგზავრობისას თუ რჩება ადამიანს “კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დადად სარისკო რამაა.”
ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ვალერი ზედმეტი გმირი გამოუვიდა, რომელმაც მთალიანად დაჩრდილა მიშელი. მე კიდევ პირიქით მგონია. ზუსტად ის, რომ გოგო ასეთი წარმატებული და აქტიურია, თანამედროვე ქალის სახეს კარგად წარმოაჩენს, იმიტომ რომ ჩვენს დროში სწორედ ქალები განსაზღვრავენ არამხოლოდ კაცების მოქმედებებს, ეს კი ძალიან კარგად ჩანს “პლატფორმაში”.
ეს წიგნი ანტიისლამურად მიიჩნიეს და უელბეკს ამის გამო პრობელებიც შეექმნა, სწორედ ამ რელიგიის ჩაკეტილობას აბრალებს იმ ტერაქტებს რაც ხდება, ერთერთ პერსონაჟსაც ათქმევინებს, სანამ ისლამი იარსებებს მშვიდობა არ იქნებაო. მთლად ასე მკვეთრად არა, თუმცა, ეს აზრი მეც არაერთხელ გამომითქვამს. აქ მოყვანილი ამბებიდან არც ერთი გაზვიადებულად არ მეჩვენება, იმიტომ რომ მედიით არაერთხელ გვინახავს მსგავსი ტერაქტების ამსახველი მასალები. სხვა თუ არაფერი, რომანის გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ 11 სექტემბრის ტერაქტი მოხდა, რომელიც ბევრად უფრო დიდი მასშტაბის იყო, ვიდრე წიგნში მომხდარი ამბავი.
უელბეკის კითხვისას არ არსებობს ფამუქი არ გამახსენდეს ხოლმე. დარწმუნებული ვარ მას ასეთი დასავლეთი ნამდვილად არ უნდა. საერთო ჯამში თურქიც და ფრანგიც, მგონი, ერთ იდეას ატარებენ. აღმოსავლეთმაც და დასავლეთმაც ერთმანეთი უნდა დააბალანსოს, ერთმანეთისგან კარგი აიღონ. რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე რთულია, იმიტომ რომ ორივესთვის “კარგი” სხვადსხვა რამაა.
“ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ.”
წიგნის კითხვისას, გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, ბევრ ასპექტზე შეიძლება გაამახვილო ყურადღება, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანი განსხვავებულად დაინახავს და სხვა მომენტზე გააკეთებს აქცენტს – როგორ ინგრევა აწყობილი ბიზნესი, სოციალური ქცევები, კონკურენცია, ბიზნესის აშენება, ტურიზმი, ევროპა, აზია, სტრესი, ფსიქიატრია და კიდევ ბევრი თემა შემოდის. არ დაიჯეროთ, თუ ვინმემ გითხრათ, უელბეკი ანტიდეპრესანტიაო, ეს სისულელე ერთგან უკვე წავიკითხე.
2000-იანი წლები მართლა სხვა “პლატფორმაა.”
ბოლო გვერდები სულ უფრო ნელა იკითხებაო რა კარგად შეგინიშნავს 🙂 🙂 მართლა მასეა, არ გინდა დამთავრდეს. როგორც ყოველთვის, ზუსტი აქცენტები გაქვს.
უელბეკის რომანებიდან ეს ყველაზე მეტად მომწონს, “კუნძული” წაკითხული გაქვს?
არა არ წამიკითხავს, მგონი ქართულად არ არის ნათარგმნი
მომწონს ეს მწერალი ძალიან.. ეს ნაწარმოებიც ძალიან მომეწონა… არის ყველანაირი კომპლექსის გარეშე დაწერილი. ბევრი ფიქრობს რომ არის უაზრო ეროტიკა ეს წიგნი , მახსოვს მითხრეს ამას რა გაკითხებსო. დავიჯერო ამ წიგნში მხოლოდ “ეროტიკაა” დასანახი ?
ბოლო გვერდები მეც ძალიან მომეწონა… ვალერის დაკარგვას ძალიან ემოციურად აღწერს. ამ აბზაცს რომ ვკითხულობდი რადენნაირი ემოცია მქონდა არ ვიცი… –––>> “როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაირად პირობითი და ნაძალადევი ხდება. ადამინის ისერსახესა და საქციელს ინარჩუნებ, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, გული როგორც იტყვიან სამუდამოდ მკვდარია. შეიძლება სამყაროში ისე იცხოვრო მისი საერთოდ არ გესმოდეს, უბრალოდ …… “
უელბეკი ჩემი აჩემებაა, ჩემი მწერალია და მისი პრობლემები ყველაზე ახლოსაა, მთლიანად წიგნში ვარ და მისი ყველა ნაწარმოები მომწონს. მგონია, უფრო საღად მოაზროვნე და მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე მკითხველისთვისაა გათვლილი, ვიდრე იმათთვის ვინც მის წიგნებში უხამსობას ხედავს
ვინ თქვა უელბეკზე, რომ ანტიდეპრესანტია? “ელემენტარული ნაწილაკები” რომ წავიკითხე ცხოვრება აღარ მინდოდა, მაგრამ როცა დრო გადის და საღი თვალით უყურებ, კარგად ხვდები, რომ ის საფრთხეები, რაც უელბეკის ევროპაშია, ჩვენ ოდნავ წინ გვაქვს, და რომ კიდევ შეიძლება რაღაცეების თავიდან აცილება. თუმცა კი ერთი შეხედვით “ელემენტარული ნაწილაკები” კაცობრიობის “ადამიანურობის განადგურების” პოსტ სკრიპტუმ დაწერილი წიგნია. “პლატფორმა” ჩემი აზრით ნაკლებ ტრაგიკულია. დასკვნა მხოლოდ ერთია, უელბეკი ჩვენი დროის ყველაზე ადეკვატური და ადამიანური მწერალია ჩემთვის
უელბეკი ჩემი ბოლო აღმოჩენაა, საოცარი გავლენა მოახდინა ჩემზე. სულ შიში მაქვს მის გმირებს არ დავემსგავსო, ამის საფრთხე კი ნამდვილად არის
ჩემი ბოლო აღმოჩენაცაა 🙂
უელბეკი ჩემი აღმოჩენაცაა:)… ჩემმა მეგობარმა გამოიტანა ბიბლიოთეკიდან “პლატფორმა” და ჯერ შენ წაიკითხეო, თან ზღვაზე მივდიოდით. მართლაც რომ საღად მოაზროვნე და “თავსუფალი” ადამიანების მწერალია… მომხიბლა მისმა თავისუფლებამ, უკომპლექსობამ და ნამდვილად არ არის მისი წიგნი უაზრო ეროტიკა, აქ ყველაფერი მეტად ნატურალურია და დაღდი, თავისუფალი… ეს ჩემი ერთერთი საუკეთესო წიგნი გახდა,ჩემმა მეგობარმაც კი შეამჩნია ცვლილებები რომელიც ამ წიგნმა მოახდინა ჩემში:).ზღვაზე დასვენება მეტად ლამაზი და დაუვიწყარი იყო ჩვენთვის:)….
მოკლედ ამ მწერალმა ძალიან ძალიან დამაინტერესა, რომლით დავიწყო აღარ ვიცი, ელემენტარული ნაწილაკენი თუ ჯერ პლატფორმა
მე ცოტა სხვაგვარი რამ დავინახე “პლატფორმის” წაკითხვისას: ადამიანი მარადიულად და უპირველესად ეძებს მხოლოდ ერთ რამეს – სიყვარულს. მოუცლელი, კარიერასა და ფულის შოვნას გამოდევნებული თანამედროვე ადამიანი სიყვარულისთვის ვეღარ იცლის, მაგრამ ეს მოთხოვნილება სულ თავს ახსენებს და მას ანაცვლებს სუროგატებით– შემთხვევითი ან უემოციო სექსით, რაც ბუნებრივია, ამ მოთხოვნილებას ვერ უკმაყოფილებს და კიდევ უფრო უბედური, გაავებული და მარტოსული ხდება, გარეგნული წარმატებულობის მიუხედავად. და აი, მიშელი პოულობს სიყვარულს– ვალერის სახით, მაგრამ ამას ქალის სიკვდილამდე ვერ აცნობიერებს, ვინაიდან თავისი ცხოვრების წესით 21–ე საუკუნის ტიპიური ადამიანია. კვდება ვალერი, და მისი ცხოვრებაც აზრს კარგავს, სექსიც და ფულიც სულერთი ხდება მისთვის, რადგან უკვე იცის, სიყვარულის გარეშე ყველაფერი უაზრობაა.
ისე საინტერესოა, თავად უელბეკს რისი თქმა უნდოდა, როცა “პლატფორმა”–ს წერდა?