Skip to content
July 19, 2011 / mkitxveli

გურამ მეგრელიშვილი, თამაზ დემეტრაშვილი – irrata.ru

სამხედრო თემატიკის რომანი დიდი ხანია აღარ წამიკითხავს, ვერ ვიტყვი, რომ ამ ტიპის ლიტერატურა მომწონს, თუმცა ვაფასებ წიგნებს, რომლებიც რეალობას ეხმიანება. გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის irrata.ru 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება. მოვლენები ბრძოლის ველსა და ქალქში პარალელურად ვითარდება და იმ დროინდელი ამბის განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს. აქაც არიან ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, “მკიდია” ხალხი, გათახსირებული ტიპები და კიდევ ტერორისტები. საერთოდ, დადებითი პერსონაჟები, მგონი, მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები არიან, დანარჩენი მყრალი ხალხია – ტვინნაღრძობი.

მერე ვფიქრობდი, მართლა რამდენი “ქოთანაა” გარშემო და 2008-ის ზაფხულში კიდევ ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა. ქოთანა ფანჯარაზე ზის და გაგანია ომის დროს ფორუმზე პოსტავს, მეზობელს უთვალთვალებს და იქვე მცხოვრებ ოსი ქალის გაუპატიურებაზე ფიქრობს, ახლა ამისთვის არ დასჯიან და იმიტომ. მართლია, ცოტა უტრირებულია, მაგრამ ამგვარი ტიპები მართლა არსებობენ. ომის ხსენებაზე ყველა დავით აღმაშენებელს იშვეილებს, მერე რა, მარაბდა და დიდგორი რომ ეშლებათ. კიდევ ერთი პერსონაჟი მიშა, რომელიც ბავშვი ცხინვალში რომ ჩარჩა თავად ფაქტზე წუხილის ნაცვლად სიდედრზე და ცოლზე ბრაზდდება.

ტექსტი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი სიუჟეტი რომანისებური, მხატვრულია, მეორე კი ქართული ჯარის გადაადგილების, მანევრის თუ ტაქტიკის მშრალი აღწერაა. აქ მედიის ენაა და განსხვავება ისეთია, ჩემი ნაწერების გადახედვა მომინდა, არადა სულ ვცდილობ, კალკები არ გამეპაროს🙂 ამ ნაწილს რაც შეეხება, ბევრი ვერაფერი გავიგე, ვინ რა წერტილს იკავებდა, რომელი საჯარისო ნაწილი შედიოდა პირველი, სად იყო ჩასაფრება, ვერ აღვიქვი, არ ვიცი, სწორად იქცეოდნენ, გონივრული იყო თუ არა მათი გადაწყვეტილებები. არ მესმის ამ საქმის არაფერი. ალბათ ჩემნაირ მკითხველს ასეთი დეტალები არაფერს მისცემს, ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს კი რამდენად კომპეტენტურად ნაწერი მოეჩევენება, არ ვიცი. ფაქტი ისაა, რომ ამ ომში ქართველები იგებენ, ისინი გმირები არიან, ოსები და რუსები კი – “ცუდი” ტიპები. პროპაგანდისტულია ცოტა. თუმცა ეროვნებით ქართველი რამდენიმე გმირიც კარგი თახსირია, როგორც ზემოთ ვთქვი. ალბათ, ეს მშრალი ნაწერი უნდა იყოს თამაზ დემეტრაშვილის, რომელიც ყოფილი სამხედროა.

როგორც ვიცი, წიგნი ამერიკულ-ქართული გამომცემლობა “ალიანსის” დაკვეთით შეიქმნა და ამ ნაწარმოების მიხედვით ონლაინთამაშის შექმნაც იგეგმებაო, მაშინ ამბობდნენ, არ ვიცი, ახლა რა ეტაპზეა ეგ საქმე.

გურამ მეგრელიშვილი (ზემხა)

ზემხას, მგონი, ყველა წიგნი მაქვს წაკითხული და ეს ისეთი განსხვავებულია. . . მთავარი რაც მის ნაწერებში მომწონს, აქ არ ჩანს, იქ ერთი შეხედვით მიხვდები, რომ მისია, ისე წერს. თუნდაც სიუჟეტის აგება, განვითარება, მკითხველთან თამაში, მოკლედ ის, რაც ყველასგან გამოარჩევს და რამდენიმე აბზაცით შეიძლებოდა მისი იდენტიფიცირება,  irrata.ru-ში არ დამხვდა და გამაწბილა. თანაც რუსული ფრაზები ნათარგმნი რატომ არაა, ვერ მივხვდი.

საერთოდ ვფიქრობ, რომ თანამედროვე მწერლობაში ძნელია რეალურად მომხდარი ომის აღწერა ემოციურად, ისე, რომ ზედმეტად პროპაგანდული, პატრიოტული და ცოტა ყალბი არ გამოგივიდეს. მედიამ ყველაფერი დრამატულად და მთელი სიცხადით გააშუქა.   ამ კომპონენტში ალბათ ვერ აჯობებს მწერლობა. irrata ომის სხვა ვერსიას გვთავაზობს და არ იმეორებს იმ ამბებს, რაც რეალურად მოხდა, ეს ერთგვარი ხერხია სწორედ ამ მედიისგან ინფრომაციაგამოტენილი საზოგადოების წიგნის კითხვისკენ შესათრევად.

გურამმა მითხრა,  irrata ოსს ნიშნავსო, ru კი იცით, რაც არის. სათაური ძალიან მომწონს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: