Skip to content
October 16, 2011 / mkitxveli

ნაირა გელაშვილი – ჩვენება (ანაბეჭდები)

“ჩვენება (ანაბეჭდები)” პირველად 15 წლისამ წავიკითხე და დაახლოებით ერთი კვირა მისი ფრაზები ტვინიდან არ გამომდიოდა. მაშინ  მეგობარს, რომელსაც, “ჩემი საუკეთესო” ერქვა, სულ ამ მოთხრობის მთავარ გმირთან ვაიგივებდი, მეგონა, ერთხელაც მასაც ის დაემართებოდა, რაც ნაირა გელაშვილის გიორგი გიორგობიანს და ცრემლების გარეშე ვერ ვკითხულობდი. ახლა ბევრად დიდი ვარ, ის მეგობარიც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, “ჩვენება (ანაბეჭდები)” ისევ თვალში მომხვდა და ემოცია იგივე დარჩა.

ტექსტის სიძლიერე მისი ფორმის ორიგინალურობაშია. მოთხრობა საბუთებსა და დოკუმენტებზეა აგებული, შიგადაშიგ ვხვდებით პერსონაჟების ფიქრებსაც. ერთი ეპიზოდი მთლიანად მეტატექსტია – მკითხველისა და მწერლის საუბარი. “ჩვენება (ანაბეჭდები)”  კაცის სიცოცხლის ისტორიაა. “სიცოცხლე, სადაც მე ვერ ვერევი, ვერ ჩავერიე, ვერაფერი ვერ გადავაადგილე და ვერ შევცვალე” – ეუბნება ავტორი მკითხველს და შენც ხვდები, რისი ჩვენება უნდოდა, ტვინში ტოვებს ანაბეჭდს.

ყველაფერი მშობიარობის ისტორიიდან და დედამისის ანამნეზიდან იწყება. გიორგი გიორგობიანის ცხოვრებას დოკუმენტებით მივყვებით, ატესტატიდან ვიგებთ სკოლის დამთავრებას, აქვეა  ავადმყოფობის ისტორია, სასამართლოს განაჩენი, ხელწერილი, ქორწინების/განქორწინების მოწმობა, წერილები და ათასი რამ. დედა მშობიარობას გადაჰყვა, მისი სიკვდილისწინა ფიქრებიც აქაა. გიორგობიანის უცნაური ფსიქოლოგიური პორტრეტი იხატება, ასე მგონია, ვერავინ გაუგო. ავად ვიყავი შენითო, განქორწინების მოწმობასთან ერთად დატოვებულ წერილში უწერს ყოფილ ცოლს, მერეც სულ რომ ღელავს მასზე. უდარდელი რომ ეგონათ ამას ეუბნება კიდეც მამა, რომელზეც თავისებურად ზრუნავს, დასასვენებლად წასული კარგად ვარო, წერს, ბევრი საჭმელი გვაქვსო, პარალელურად  ძმაკაც ნიკა მხეიძეს წერილს უგზავნის დროზე ჩამოდი შიმშილით ვკვდებითო. მხეიძე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, არ ჩანს არსად, საბუთებში ამოიკითხავ მხოლოდ მის სახელსა და გვარს, სულ ოთხჯერ არის ნახსენები, მაგრამ ხვდები, რომ ყველაზე ახლობელია.

ოთხ ივლისს დაიბადა და დაობლდა, ოთხი ივლისი ბოლო ტრაგიკული დღეა მის ცხოვრებაში. მივლინებით იქ რომ არ გაეგზავნათ, დედამისის საფლავზე ყვავილების მისატანად რომ არ წასულიყო, ბიჭებს მისი დაბადების დღის აღნიშვნა რომ არ მოენდომებიანა, ის ბავშვი რომ და კიდევ ათასი რომ . . .ცხოვრებაში “რომ”არ არსებობს და არც ის “საშინელების წინა წამი” ჩერდება.

ყველაზე ემოციური მამამისის ფიქრებია ოთხ ივლისს, მისთვის ორმაგად ტრაგიკულ დღეს, ერთხელ კაცურად ვერ დავილაპარაკეთო, ქალი არავინ დაგვრჩა დამტირებელიო.

ამ ისტორიაში რამდენიმე სიმბოლური ნივთია დედასა და შვილს შორის დამაკავშირებელი – ბიბლიოთეკის ძველი წიგნი და “შავციფერბლატიანი მრგვალი საათი, ცისფერი ქვებით, ახალგაზრდა კაცის მაჯაზე მერეც რომ წიკწიკებდა, როცა მის ქვეშ ძარღვი გაიყინა და ფეთქვა შეწყვიტა”. მთელი ნაწარმოების იდეა ერთ წინადადებაში ეტევა “ვირწევით სიცოცხლიდან სიკვდილისაკენ – ტკივილიდან ტკივილისაკენ”.

პესიმისტური და სევდიანი ისტორიაა, ამგვარ საკრალურ დამთხვევებს ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ჩემს ცხოვრებასმე რომ არ ვმართავ ამას  ხანდახან  ისე ცხადად ვგრძნობ, ბედისწერის ხომ არ დავიჯერო – მეთქი ვფიქრობ.

არ ვიცი უფრო ემოციური დასასრული რა უნდა ყოფილიყო, რაც ნაირა გელშვილმა მოიფიქრა – მეორე კლასელი გიორგი გიორგობიანის ნაწერი:

16 Comments

Leave a Comment
  1. PorcupineD / Jun 25 2012 9:32 am

    ქართული ლიტერატურის ანთოლოგიაში შესატანი მოთხრობაა❤
    ყველაზე მეტად მიყვარს ნაირა გელაშვილის მოთხრობებიდან.

    • mkitxveli / Jun 26 2012 6:46 pm

      მახსოვს პირველად რომ წავიკითხე ძალიან იმოქმედა, მაშინ მეგონა რომ ამაზე ემოციური არაფერი დაწერილა

  2. teona / Jul 3 2012 4:39 pm

    ყველაზე საოცარი ქალის ჯერ კიდევ უშობელ შვილთან დიალოგია..ვტოვებთ დედას დაბადებით და შემდეგ მთელი ცხოვრება ვეძებთ თავშესაფარს, რომელიც ჩვენივე ნებით დავთმეთ..ადამიანის ცხოვრება რამდენიმე ფურცელზე დასატევი ფაქტია მხოლოდ

  3. თამარა / Aug 12 2012 6:31 pm

    ეს არ ვიცი მაგრამ “სერსო” მაქვს წაკითხული და ძალიან დადებითი მოთხრობაა. წაიკითხეთ მაინც🙂

  4. Goderdzi Maxarashvili / Aug 21 2012 2:15 pm

    BATONEBO DA QALBATONEBO,CEMO TKBILO DA MURABA SAZOGADOEBAV. SAD WAVIKITXO ES WIGNEBI MOMWERET RA IQNEBA.EL.WERSIA SAD ARIS? AQ DAWERET DA WAVIKITXAV MERE. PAT. M A X A R A SH V I L I

  5. ana / Sep 30 2012 8:24 am

    მახსოვს რამდენი ხანი ვტიროდი ეს მოთხრობა პირველად რომ წავიკითხე და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო სულ ვტირივარ

  6. katerina / Oct 29 2012 9:09 pm

    მომწონს მე გელაშვილი, მგონია, რომ თავისი ხელწერა და ადგილი აქვს, თან ძალიან საინტერესო ადგილი. ეს მოთხრობა მართლა საინტერესოა თავისი ფორმით. მარტო იმ საშინაო დავალებისთვის ღირს ერთ რამედ.

    • mkitxveli / Oct 30 2012 9:57 am

      მაგ საშინაო დავალებაზე უფრო ემოციური ახლა არც ერთი ნაწერი არ მახსენდება

    • katerina / Oct 30 2012 11:20 am

      და იცი რომელი კიდევ? “მთვარით განათებული ბაღი”❤ რაც მე მაგაზე ვიტირე. სანდრო ლიჩელის ამბავი კიდევ ავტობიოგრაფიული მგონია ხანდახან🙂

    • mkitxveli / Oct 30 2012 12:02 pm

      ეგ არ მაქვს წაკითხული🙂 შენთან მოგწერე წეღან ეგეც იმავე კრებულში იყო მაგრამ რატომღაც არ წავიდა და ვერ წავიკითხე წლების წინ. მერე აღარ მივბრუნებულვარ

    • katerina / Oct 30 2012 11:22 am

      http://wp.me/p1MT1L-zO ეს ჩემგან პატივიცემით და ასე შემდეგ. კარგია შენი ბლოგი, მომწონს.

    • gela / Mar 9 2014 7:43 am

      ნატა მაგ საშინაო დავალებაზე ემოციური არაფერი წაგიკითხავს??? ალბათ არ გახსენდება, თორემ, უამრავია მაგაზე ბევრად ემოციური. მარტო ნოდარ დუმბაძეს აქვს უამრავი, ერთს გაგახსენებ თუნდაც, ნუ გეშინია დედა-ში არის ეპიზოდი სადაც სუფრაზე წაიკითხავს დაღუპული ჯარისკაცის წერილს, დედასადმი მიწერილს, გემახსოვრება ალბათ.. ანდაც ჰელადოს, მტკვარი რომ გამორიყავს ბერძენ ბიჭს, რომელმაც საქართველოდან წასვლა არ მოინდომა. შვლის ნუკრის ნაამბობი, გენიალური ნაწარმოებია, რომელიც თავიდან ბოლომდე გულზე ხვდება. ეს კომენტარი , იმიტომ გავაკეთე, რომ ნატა უამრავი წიგნი გაქვს წაკითხული და უბრალოდ გამიკვირდა ეგეთი აზრი, რომ გამოთქვი.

    • mkitxveli / Mar 17 2014 8:01 pm

      გელა სიტყვა “ემოციური” ძალიან სუბიექტური რამეა, აი ახლა რომ წამეკითხა იგივე ტექსტი არ ვიცი იგივე რეაქცია მექნებოდა თუ არა, მაშინ როცა ეგ წავიკითხე (პოსტი წლების შემდეგ არის დაწერილი) 13 წლის ვიყავი და ხდებოდა ჩემ გარშემო რაღაც რასაც დაახლოებით იგივე სიუჟეტი ჰქონდა, ამიტომ ცხადია, ჩემთვის შვლის ნუკრზე ემოციური რამე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ემოციური ტექსტები წაკითხული არ მაქვს. ემოციებს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან ტექსტის კავშირი იწვევს, შესაბამისად ობიექტურად ემოციური არაფერი არსებობს

  7. mgzavri / Dec 10 2012 12:03 pm

    mitxarir vinenem dzaan gtxovt sad shemidlzia wavikitxo chveneba anbechdi😦 madlobt winaaswar

    • mkitxveli / Dec 10 2012 12:12 pm

      ინტერნეტში არსად შემხვედრია, ნაბეჭდიც აღარ იყიდება ბუკინისტებთან თუ ნახავ, მანდ ხშირად ვხედავდი ხოლმე

  8. იზაკო / Nov 15 2013 5:37 pm

    ნაირა გელაშვილი შესანიშნავი თანამედროვე მწერალია… მისი ყველა მოთხრობა საოცარ კვალს ტოვებს ადამიანზე… მე ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მოთხრობას, გულამოსკვნილს რომ არ მეტიროს!!!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: