Skip to content
November 16, 2011 / mkitxveli

რითმული ემოცია

როცა ტვინი რობოტულ მუშაობაზე უარს აცხადებს, აი მაშინ თითები თავისით რომ გადადიან ერთი საიტიდან მეორეზე და თვალიც ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, კარადიდან დიდი საქაღალდე გამომაქვს, ჩავჯდები ხოლმე იქვე და გადმოვშლი ფურცლებს, ლექსები მეგულება იქ.  პოეზია ბავშვობიდან ამომეჩემა, ყველა  პერიოდში სხვადასხვა მიმართულება ამეკვიატებოდა ხოლმე, სადღაც სხვაგან გადავყავდი, ვიდრე სალომე დამაბრუნებდა რეალობაში. ვერ იტანს ლექსებს, მე იმისი მიკვირდა და მას ჩემი.

ისეც ხდება ხოლმე, ამოჩემებული ავტორის რამდენიმე ლექსი მომწონს, მერე ვკითხულობ ვკითხულობ და ბოლოს აღმოვაჩენ, რომ მისი ლექსები ერთმანეთს ჰგავს, ერთსა და იმავე რითმას/წყობას იყენებს და მხოლოდ სიტყვებს ცვლის. იმედი მიცრუვდება და ისე განვიცდი…

ამონარიდი სოფისათვის გაგზავნილი წერილიდან:

საქართველოში ორი ტიპის პოეტები არსებობენ

პირველი: წერენ გამუდმებით, შეკვეთებით, აქვთ პოეტისთვის სტერეოტიპულად დამახასიათებელ სტილი – უკეთიათ კაშნე და ახურავთ ბერეტი, შიგადაშიგ არაორდინალურად მოიქცევიან მეტი დამაჯერებლობისთვის. რაც მთავარია, ამბიცია აქვთ და სჯერათ, რომ ყველაზე ღირებულს ქმნიან. სურთ ეკრანზე მუდმივად ჩანდნენ, რეკლამა თავისას აკეთებს და გამომცემლებიც ყველა ხარახურას უბეჭდავენ. ხალხი ცნობთ – ეს უპირველესია, ატარებენ პოეზიის საღამოებს, სადაც დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი. იქ ბოლო ხმაზე წაგიკითხავენ ლექსებს!

მეორე: აქვთ სხვა სამსახური, ფულს ლექსებით არ შოულობენ, წერენ მაშინ, როცა ეწერებათ. აცვიათ ჩვეულებრივ, ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევიან, სახეზე ვერ ცნობს ვერავინ, არ აქვთ გამოცემული ბევრი კრებული, არავინ აფინანსებს. მათ პოეზიას ინტერნეტით თუ გაეცნობი. ატარებენ პოეზიის საღამოებს, პოეზიის მოყვარულთათვის –  სადაც მოუხერხდებათ იქ. მსმენელები, ლექსებით მოხიბლულნი, Youtube-ზე ტვირთავენ ვიდეოებს. სხვები ნახულობენ, გულწრფელობა მონიტორიდანაც გადმოდის. მერე სადმე ქუჩაში ხმით თუ იცნობ.

ნიკა ჩერქეზიშვილზე ვესაუბრებოდი, მეორე კატეგორიის პოეტია. ჩერქეზიშვილმა არ გამიარა, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ცოტა დრო გავიდა მისი აღმოჩენიდან. ყველა ლექსი ახალია და სადღაც შიგნიდან მოდის, გჯერა იმის, რასაც წერს, გადმოდის და მოდის შენამდე.

 

ჯერაც მშრალ ასფალტს ასველებს წვიმა,

ლეონიდ აფრემოვი

ქუჩის კუთხეში დგას ჩვენი კაფე,

სადღაც კი, –

ძველი დღეების მიღმა,

დრო ჭრილობაში მიტოვებს ძაფებს.

ვგიჟდები, –

ყველგან შენი ხმა ისმის,

ცხადში კი,

ეს დღეც უშენოდ გავა,

მოწამლული მაქვს წარსულით სისხლი

და ინფექციაშეჭრილი ვდგავარ.

ჰოდა დავიწყებ ამით და მერე შევყვები,  ფრაზები შემოდის, მოდის და რჩება. ისეთი კარგი მიგნებები აქვს, კითხულობ და მის სამყაროში გადადიხარ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ერთ ადამიანს ამდენის განცდა როგორ შეუძლია -მეთქი. მერე ჩემი თავი მახსენდება ულექსებოდ – ცივი, რაციონალური, უემოციო.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე, როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი

 ვიცი, ერთხელაც რომ გამოთბება ისევ წავალთ მზიურში და რამე ადამიანურ (და არა რობოტულ) საშფოთავს გადმოვშლით. თეა, მოაბი თავი რა ჩვენს პოეზიის საღამოს, სადაც ყველანი ნამდვილები ვიქნებით.

აი მაშინ, როცა მარტო ვხეტიალობ, ქუჩაში მხოლოდ ვარდიანი გოგო რომ იქცევს ჩემს ყურადღებას (ესეც აჩემება), სულ ის ლექსი მახსენდება არავინ მყავს და არავის ვყავარო რომ წერს. ეს კიდევ ისეთი უბრალო და სადღაც შიგნიდან მოსულია:

შენი სახელია – მარა,

ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,

არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,

გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი

ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.

ყველაზე გრძელი პოსტი გამოდის, მაგრამ ეს აქ მინდა იყოს. მამა  შვილის მიმართ გრძნობებს ასე გამოხატავდეს, პირველად ნიკასთან ვნახე.

ძმა,

მე ერთი პატარა გოგო მყავს,

დედამიწა გამითბო თითებით,

ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს,

მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.

ჰოდა კიდევ ეს დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა. ზუსტად, არაბანალურად უტყამს. თან თავისი ხელწერა აქვს და ამავე დროს ყველა მისი ლექსი ერთმანეთისგან განსხვავდება, გგონია, რომ წერს თავისთვის.

ვწერ ჩვეულებრივ,
არეულად,
მაგრამ მუღამით,

მ ნაჯღაბნებშიც ბოლთასა ვცემ

სტრიქონ და სტრიქონ…

გდია კუთხეში გაჭვარტლული

ძველი ბუხარი
და ყველაფერი ისევეა,

შარშან რომ იყო.
ქარია გარეთ.

ჰოდა, ასე ფურცელ გაბზგვნილი რომ ვზივარ იატაკზე, მგონია, მოვიპარე მისი ნაწერები და მის ცხოვრებაში ჩავიხედე, ისე ნამდვილია. მისი განცდები ისე ცხადად ჩანს. ასე მგონია ცოლთან ურთიერთობასაც ვუყურებ, ისეთ ლექსებს უწერს, მერე მახსენდება, რომ მკითხველი ვარ და ცხვირს ისე ვყოფ, არავის ვეზედმეტები.

მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

ნიკას მერე თორნიკე ჭელიძე ვიპოვე. საერთოდ არ მაქვს ხოლმე სურვილი ავტორებთან შეხვედრის, გაცნობის, ფოტოს ნახვის, მთავარი მათი ნაწერებია. შემთხვევით მოვკარი თვალი ჭელიძის სურათს და გამახსენდა, რომ უნივერსიტეტში თვალში მხვდებოდა ხოლმე. ორი კურსით ქვემოთ იყო და ყურადღებას მხოლოდ რაღაცნაირად ღრმა თვალებით იქცვდა. გუშინ აღმოვაჩინე და ჩავუჯექი, ბოლოდროინდელ ლექსებში აშკარად პროგრესი აქვს და ნელნელა თავის სტილს იპოვის ალბათ. ეს მომეწონა

შენ რომ შეაღებ,
იმ კარს იქით მე სახლი მინდა,
რომ გადაივლი,
იმ ქუჩისკენ – ღია ფანჯრებით.
შენ შეიძლება არ იყო და…
ისე მიყვარდე.

ბექა აბუთიძეც ამათიანია. თანამედროვე ყანწელებს ჰგვანან. აკი წერს კიდეც ნიკა

სისულელეა,

მის ნერვებზე არ ვითამაშოთ,

დგას ბედისწერა და დაკოჟრილ მუშტებს გვიღერებს…

ერთი მსმენელიც რომ არ დარჩეს ამ ბნელ ქალაქში,

ჩვენ ამ სიმღერას

ბოლომდე და მაინც ვიმღერებთ!

არის რაღაც პაოლოსეული, მაგრამ ესენი უპრეტენზიოები არიან უფრო, დადიან თავისთვის და იშვიათად (ან სულაც არ) გახსენებენ საკუთარ არსებობას. ჰო აბუთიძეზე ვამბობდი. ისეთი ლექსები აქვს მთლიანად რომ უნდა წაიკითხო, ფრაზებს ვერ ამოჭრი, არის მის შემოქმედებაში ინდივიდუალიზმი.

ეს საუკუნე ასე შეშლილი,

ეს საუკუნე – ღმერთის სიცილი.

ყველა შიმშილით ახლა მე მშია,

მე ვიყინები ყველა სიცივით.

***

გზა
რომ
ნელ_ნელა
უნდა შემოკლდეს,
არც არაფერი
შავდება
ამით.
არ შემიძლია
თვალებში
გიყურო
 და
ისე მოვკვდე.
ამომავალ
მზეს
გახედე,
სულ
ერთი წამით… 

8 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Nov 17 2011 5:44 pm

    პირადად ჩემთვის “უბრალო ჯინსიანი” ნიკას (და კიდევ რამდენიმე პოეტის) ერთი ფრაზა მეტად ფასობს, ვიდრე პირველი კატეგორიის “პოეზიის ანთოლოგების” მთელი შემოქმედება.

    • mkitxveli / Nov 17 2011 7:10 pm

      არადა რამდენია მასეთი🙂

  2. Elisso Dvali / Nov 21 2011 4:19 pm

    მიხარია. ეს უბრალოდ სწორი და ალღოიანი ხედვაა.

    • mkitxveli / Nov 21 2011 8:28 pm

      მე ის მიხარია, პოსტი რომ მოგწონათ🙂

  3. fiqria / Nov 23 2011 8:12 pm

    რა კარგია, როცა მდიდარი სულის ადამიანს შეხვდები. დიდი მადლობა, რომ დამიმეგობრე.

  4. ნინო დარბაისელი / Jun 24 2012 9:03 pm

    თბილა აქ. რაღაცეები წავიკითხე. მესიამოვნა.
    წარმატებები!🙂

    • mkitxveli / Jun 26 2012 6:45 pm

      მადლობა🙂

  5. გელა / Jan 3 2015 7:35 pm

    პოეზიის საღამოებზე არასდროს ვყოფილვარ, ისე მარტო რომ ხარ და წაიკითხავ შენთვის მოსაწონ ლექსს, ემოციებში რომ შეხვალ და ან სიარულს დაიწყებ აქეთ-იქით, ან რამე სხვანაერად გამოხატავ შენს მოწონებას, უფრო სასიამოვნოა, ვიდრე საღამოებზე იმაზე ფიქრი როგორ გამოიყურები და სხვა რომ მოიწონებს, შენც იძულებით შეაქო, თუნდაც სულაც არ მოგწონდეს. მე პროზას ბევრად წინ ვაყენებ პოეზიაზე, თუნდაც იმიტომ , რომ აზრს ბოლომდე დალაგებულად გადმოგცემს და რითმის ძებნით არ დაკავდება (ჩემი სუბიექტური აზრია) თუმცა არის მრავალი კარგი ლექსი და პოემა. ნატა ის ლექსი რომ გიწერია—„მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია„, მაგარი მიგნებაა, მომეწონა. მე ეს ლექსი მიყვარს, რამდენიმე სტრიქონით ხსნის ადამიანის ქვეყნად ყოფნის აზრს. მამია გურიელი—- ადამიანი. ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,
    კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი,
    შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,
    გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:

    ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
    და ბედიც კეთილგუნებიანი
    თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
    რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

    იყავი ტურფა, იყავ უებრო,
    მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,
    მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
    რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

    შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,
    ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულსვიანი?
    მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
    რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.

    ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი,
    მოგიკლა გული, გყო სევდიანი?
    ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი,
    გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!

    დაე, იცვალოს გარემოება,
    თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
    თვით ნუ იცვლები! მოვა დროება,
    გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

    ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
    და სიყვარული მოძმეთა ვალად,
    სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
    თუ კი გსურს გახდე ადამიანად!

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: