Skip to content
December 15, 2011 / მკითხველი

დავით ჩიხლაძე “Feminine Feminine”

80-იანების მოაზროვნე/შემოქმედებითი თაობიდან ბევრი აღარავინ დარჩა, ნაწილი გაფრენას შეეწირა, ნაწილი ნარკოტიკებს, ვიღაცეებმა სუიციდით ან ბუნებრივად დაასრულეს სიცოცხლე, სხვები აზროვნებას შეეშვნენ. ისევ გვყავს დავით ჩიხლაძე – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, არტ კრიტიკოსი.

“Feminine/Feminine” – პოსტმოდერნისტული ნაწარმოებია. აშკარად ეტყობა რომ სხვადასხვა პერიოდში წერდა – მოულოდნელი განვითარება აქვს. სიუჟეტი არ ღირს აღსაწერად, ამბავს შიგადაშიგ გიყვება და ავტობიოგრაფიული უფროა. პირველ ნაწილში 90-იანი წლების დასაწყსია – ამჯერად რუსეთში ბოდიალის ხაზგასმით, უშუქობა, სიცივე, უმუშევრობა უკანა პლანზეა. საბჭოეთის დროინდელი ანდერგრაუნდი ძალას იკრებს. ქართველ შემოქმედებითად მოაზროვნე ხალხს (ავანგარდისტებს) მოსკოვში ჩასვლის სხვა მიზანი გაუჩნდათ. თუმცა ჯინსები, “სტიმოროლი” და იმ დროს საოცნებო ნივთები აქაც აქტუალურია.

“ლევისები” დ.ჩიხლაძის გენერაციის ბევრი სხვა ქართველი ახალგაზრდისთვის კონტრკულტურის სამყაროს მოუცილებელი, მათთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში სანატრელი ატრიბუტია,” – წერს კარლო კაჭარავა უკანასკნელი ტექსტში, რომელსაც “აზანოვა” დაარქვა და რომელიც მის სიცოცხლეში ვერ დაიბეჭდა. კაჭარავა ჩიხლაძის განუყოფელი ნაწილია და “აზანოვა” კაჭარავამ ჯერ კიდევ მაშინ დაწერა როცა ჩიხლაძის “Feminine/Feminine-ს” მხოლოდ ფრაგმენტი ჰქონდა წაკითხული. მიუხედავად ამისა, ძალიან ზუსტად გადმოსცემს მთელი ნაწარმოების არსს. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცნობდა ავტორს და ამბის თანამონაწილეა. მთავარი ალბათ ისაა, რომ კაჭარავა-ჩიხლაძემ ერთად გადაწყვიტეს დაეწერათ ორი რომანი იმ რეალობისა, სადაც ცხოვრობდნენ. პირველმა ვერ გააგრძელა, მეორემ დაიწყო და გაანადგურა, მერე აღადგინა.

ორივე ბუნებით ანარქისტი მოდიოდა ერთად და 30 წლის ასაკში ჩიხლაძეს სიცარიელესთან მოუხდა იმ დიალოგის გაგრძელება, რომელიც კარლოსთან დაიწყო. “აზანოვა” “Feminine/Feminine-ს” უკვე სხვა თავია – ერთ ერთი ყველაზე ემოციური, დასასრული მით უფრო.

“ყველაფერი ის, რისი არსებობაც ასე გვჯეროდა და გვიყვარდა, მართლა არსებობს, უბრალოდ ის არც ისე იაფი აღმოჩნდა, როგორც გვეგონა” – კარლო კაჭარავა.

დავით ჩიხლაძე

მათი ურთიეთოების დასაწყისში მოსკოვში მოიგონეს, რომ ჰგავდნენ  პუერტორიკოელ  მხატვრებს ნიუ იორკის ელიტის ფონზე და მერე იქ დარჩა კარლოს ეს ზუსტი თვითირონია  “მის ასეთ პოზიციაში იმდენად ცოტა ადგილი რჩებოდა საკუთარი, ჩვენი თავისთვის, ისე მაზოხისტურად ცოტა, რომ მე მაოცებდა და გულს მტკენდა”.

ასე მგონია, “Feminine/Feminine-ს” კარლოს წასვლა დაეტყო. უფრო სწორად ჩიხლაძემ უბრალოდ ნაწარმოების მიტოვება გადაიფიქრა. მეორე ნაწილი უკვე თბილისია ჩვეული დეპრესიით. მთავარი გმირი მშფოთვარე ტიპია, ოღონდ ისეთი, ემოციებს შიგნით რომ იტოვებს. ბოჰემური ცხოვრება პირველ ნაწილში დაგვრჩა.

“მეც და სანდროც დიდი ხანია გავგჟდით, დღეში 12 საათი ხელებს ვიბანთ, 12 საათი გვძინავს,” სხედან  კონკაზე და სამუშაოს ეძებენ. იმ დროინდელი ახალგაზრდებისთვის დამახასიათებლად ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ. კონტრკულტურად მოაზროვნე, იმ დროის კონიუქტურას დაუმორჩილებლებმა  ბოლომდე უცნაურად იცხოვრეს ან ცხოვრობენ, უბრალოდ ახალგაზრდები აღარ არიან. ან სულაც ასე უნდა ცხოვრობდნენ. წესები მათთვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. შიგნით დაგროვილ ემოციებს, ნიჭს მხოლოდ მცირე აუდიტორიისთვის ამზეურებდნენ. დრო არაფერ შუაშია, ახლაც ასეა, ვინც წინ აზროვნებს, მას ვერ უგებენ და ხშირად ასოციალური ხდება.

“ჩემი ცხოვრებაა ისეთი უბრალო, როგორც მამაჩემი სანამ მოკვდებოდა და როცა მოკვდა, პირველ დღეებში.”

ჩიხლაძესთან ინტერვიუ კიდევ ერთი განმარტება და მესამე ნაწილზე გადასასვლელი ხიდია. ამერიკა ჩიხლაძესთვის “ლევისია” და მაინც წავიდა.

“ამერიკაა ესაა სახელმწიფო, საიდანაც ხდებოდა მთელი თანამედროვე კულტურის სულის ინსპირაცია” ამის მაგალითად კი  ალან გინზბერგი და კამინგსი მოჰყავს. კიდევ მარგო კარაბლიოვაზე ვიგებთ ცოტაოდენს. მისი სახელობის პერფომანსის თეატრი ჩიხლაძის დაარსებულია.

კარლო კაჭარავა

“Feminine/Feminine”-ს ბოლო ნაწილი კი შინაგანი დიალოგებია. საგნის გატოტალურება აბათილებს საგანს და არა მისი შემცირება, თუ ყველა იომებს, მაშინ ომი უბრალოდ აღარ იქნება. შეყვარებულს კი შეყვარება აღარ შეუძლია. შიანგან დიალოგებში, შეიძლება თქვენს თავთან იგივე თემაზე გამართული ცხარე კამათები გაგახსენდეთ, თუნდაც ამაზე:

“რელიგია შექმნეს  პოეტებმა, მხოლოდ თავდაცვის მიზნით, როგორც ერთგვარი “მორალის პოლიცია” ბრბოს “ორგანიზებული მაფიის წინააღმდეგ”. და კიდევ იმაზე, რატომ წერენ წიგნებს იშვიათად რა ხდება ქორწინების შემდეგ.

“ქორწინება ყველა ასეთი ბალანსები ბოლოს მოსაწყენ ბანალობად გვევლინება, არც ერთი ნორმალური მწერალი არ მოკიდებს ხელს მარცხისგან დაცლილ მასალას”.

“Feminine/Feminine” დაბადების დღის საჩუქრად მივიღე უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდით მაშინ და ორმაგად ჩემია. ჰოდა, ამავე კურსის ბოლოს პირველად ჩიხლაძე-კაჭარავა ერთმა ნიჭიერმა გოგომ გამაგებინა, მისი ეს სტატია “რაკურსისდროინდელი” ნოსტალგიური გრძნობების მთავარი მასალაა.

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.