Skip to content
March 11, 2012 / მკითხველი

მილან კუნდერა – “შეუცნობელი”

სამშობლოში ოცწლიანი ემიგრაციის მერე “დიდი დამშვიდობებისთვის” დაბრუნდა. იმისთვის, რომ მიმხვდარიყო აქაურებთან კავშირი გაწყვეტილია და მტიცე “ნახვამდის” არის საჭირო.

მილან კუნდერა, ჩეხი რომანისტი, გემრიელად რომ წერს, თავისებურად. ემიგრაციაზე მით უფრო – გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობს და ნოსტალგიაზე, უკან დაბრუნების მთავარ პრობლემებზე, არც კი ვიცი, ამაზე უკეთესად როგორ შეიძლება დაიწეროს.

ირენა საფრანგეთიდან ჩადის ჩეხეთში, იოზიფი – დანიიდან. იქ დარჩენის სურვილი არც ერთს უჩნდება. ადამიანებს შორის კავშირი გაწყდა. წასვლა დამშვიდობების გარეშე მიუხდათ. ეგონათ, რომ იქ დარჩათ ბვერი რამ. ემიგრაციის მანძილზე დაბრუნებაზე ოცნებობდენ. ქვეყანა განთავისუფლდა და ისინიც ჩავიდნენ და მიხვდნენ, რომ იქ დარჩენა აღარ უნდოდათ.

“მე დამავიწყდა როგორები იყვნენ ისინი და მათ არ აინტერესებდათ, როგორი გავხდი მე.”

ირენამ მეგობრები მოიპატიჟა. მათთვის საგანგებოდ ფრანგული ღვინო შეარჩია. მეგობრებს ლუდი ერჩიათ. იხსენებენ ამბებს, რომელიც ირენას წასვლამდე ხდებოდა, არც ეკითხებიან როგორ ცხოვრობდა აქამდე. არ იმჩნევენ განვლილ ოც წელს.  გენიალური ეპიზოდია, ცხადად აჩვენებს იმ უფსკრულს, რაც წლებმა, ტერიტორიულმა სიშორემ ადამიანებს შორის გააჩინა.

“სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდათ ეს 20 წელი მომკვეთონ”

ემიგრანტები ქვეყნებს შორის გახიდული ხალხი აღმოჩნდა.

ირენას ფრანგი მეგობარიც ჰყავს, სილვია, რომელსაც ირენა მას შემდეგ აღარ აინტერესებს, რაც ჩეხეთში ჩავიდა და ემიგრანტის სტატუსი დაკარგა.

“როცა ადამიანები  ხშირად ხედავენ , ფიქრობენ, რომ ერთმანეთს უკვე კარგად იცნობენ. ისინი ერთმანეთს აღარაფერს ეკითხებიან და ამის გამო არც ღელავენ”

და აქვე

“ვისაც უგულოდ ემშვიდობებიან დაბრუნებისას ბევრს არაფერს უნდა ელოდეს.”

იოზეფი ძირითადად ნივთებისთვის დაბრუნდა. მისი მეხსიერებიდან ადამიანების დიდი ნაწილი წაიშალა. ბავშვობის დღიურიც ვერ უწყობს ხელს და ადრეული ამბები მხოლოდ ფრაგმენტ-ფრაგმენტ ახსენდება. ირენა არ ახსოვს. ირენა წლების შემდეგაც სცნობს.

ნივთებისთვის ჩასული ცოტა ხანს იეჭვიანებს – ნივთები მისივე თხოვნით ძმას აქვს. მერე გადაიფიქრებს, საყვარელი სურათის წაღებაც დაეზარება და ჩეხეთს ყველაფრის გარეშე ტოვებს.

არსი მთლიანი რომანის, მხოლოდ ერთ ფრაზაში:

რეალობა, რომელიც არსებობდა მაშინ, როცა არსებობდა, აღარ არსებობს და მისი აღდგენა შეუძლებელია

როდესაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებიდან გადიან, დაბრუნება შეუძლებელია. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ასი კილომეტრი გაშორებს თუ მილიონი.

მილან კუნდერა

უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებთან ურთიერთობაზე გაფიქრებს (ერთი მაინც ჰყავს ყველას). რა მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით ცხოვრობენ ისინი საზღვარგარეთ. წიგნის კითხვის განმავლობაში სულ გერმანიაში მყოფი ჩემი მეგობარი მახსენდებოდა, ასე მეგონა კუნდერა მასზე წერდა. მერე რა, რომ ემიგრანტი სულაც არაა. ზუსტად ვიცი, რომ მასაც ირენას ამბავი დაემართება. ამიტომაც ვეუბნები, სულ ცოტა ხნით ჩამოდი-მეთქი 🙂

ადამიანურ ურთიერთობებთან ერთად კუნდერა ისე მსუბუქად აჩვენებს ჩეხეთში 90-იან წლებში მომხდარ ამბებს. მხოლოდ ორი კაცის სასაფლაოს ეპიზოდი რად ღირს. სკაცელის, შონბერგის ისტორიები. ამ უკანასკნელის ფრაზა, ერთი შეხედვით ემიგრაციასთან არაფერ კავშირში:

“რადიო ისე გვაძღობს მუსიკით, არც გვეკითხებიან, გვინდა თუ არა მისი მოსმენა. საბოლოო ჯამში მუსიკა ხმაურად გადაიქცა”

მთლიან წიგნს ლაიტმოტივად ოდისევსის ამბავი გასდევს. პატარა ერებზე კი კუნდერა ამბობს “მათი პატრიოტიზმი ქვეყნის მიმართ უზომო თანაგრძნობაა”.

“პატარა ერებს ყოველთვის ბევრი დიდი პოეტი ჰყავთ “

ყველაზე სევდიანი ალბათ ბოლო ამბავია, წიგნი ისე მთავრდება იოზეფი ირენას ვერ იხსენებს და არც აღელვებს ეს ამბავი. ირენას ვერც იმ ადამიანმა გაუგო, ვისაც  ერთი შეხედვით მისი კარგად უნდა ესმოდეს.

უცხეოთში მცხოვრებ ჩემს მეგობრებზე ვფიქრობ. ნეტა რამდენ მათგანთან შემრჩა ადამიანური კავშირი? ფორმალური ურთიერთობები არ მომწონს.

19 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Mar 11 2012 7:37 pm

    ეს კუნდერას ყველაზე საუკეთესო ნაწარმოებად მიმაჩნია და არ ვიცი, რამდენ ადამიანს აქვს სულ წაკითხული. ყოველ შემთხვევაში, მე როცა ვკითხულობდი და მაშინ სხვათა შორის, ახალი დაბრუნებული ვიყავი სამშობლოში, მინდოდა ჩემი მეგობრებისთვის წამეკითხებინა და მეყვირა, შეიგრძენით, ხალხო, მე შევიცვალე, სხვა ცხოვრება მქონდა და მინდა რაღაცები მოგიყვეთ, ამ დროს თქვენ ხინკალს ჭამთ და “შაბათის შოუზე” იცინით–მეთქი.

    არ ვიცი, ახლა რომ წაიკითხონ, რამდენად შეიცვლებიან და როცა ჩამოვალ, რამდენად დააინტერესებთ ჩემი ახალი მე 🙂 ახლა იმდენად აღარც მადარდებს, სიმართლე ვთქვა.
    კუნდერა ტყუილად არ მიყვარს მსოფლიოს ყველა მწერალზე მეტად (სელინჯერის შემდეგ), ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური აზრთა სხვაობის მიუხედავად, ცხოვრებაში ბევრი საერთო გვქონდა და მეტ–ნაკლებად პატარა ქვეყნებისაც გვესმის…

    (რაც მთავარია, მე ახლა ყველაზე მეტად ის მახარებს, ქართულად რომ უთარგმნიათ და შენ წაიკითხე, ადრე საერთოდ არ იყო კუნდერას წიგნები ქართულად, მგონი.)

    • mkitxveli / Mar 11 2012 8:11 pm

      კი შენ რომ კითხულობდი მაშინ მხოლოდ “სალაღობო ტრფობანი” მქონდა წანაკითხი და გული მწყდებოდა შფოთვებს რომ ვერ ვმართავდით მაგ თემაზე. შენი ჩამოსვლა-დახვედრის გდაფასების და მეტამორფოზების ამბავი მაინტერესებს საოცრად 🙂

      ისე ადამიანები ირენას მეგობრებს გაუცნობიერად ემსგავსებიან და შენი ჩამოსვლა ჩვენთვისაც ტესტი იქნება 🙂

    • etuna / Mar 4 2013 1:15 pm

      ვხვდები დაახლოებით რას გრდზნობთ როცა ჩამოდიხართ შეცვლილი უცხოეთიდან და აქ იგივე ხდება რაც იყო და არაფერი არ შეცვლილა თუმცა არიან უპრო გრმა ადამიანებიც დამიჯერეთ…

  2. mecmikvarkhar / Mar 12 2012 5:10 am

    კუნდერა საერთოდ ძალიან მიყვარს, ეს წიგნი სულ ახლა წავიკითხე და მეც ძალიან მომეწონა

    • mkitxveli / Mar 12 2012 6:45 am

      ქართულად კიდევ რა არის გამოსული იცი? მე მხოლოდ “სალაღობო ტრფობანი”, “გამოსათხოვარი ვალსი” და ეს ბოლო მაქვს წაკითხული

    • mecmikvarkhar / Mar 12 2012 6:50 am

      მგონი მეტი არც არაფერი 😦 მე რუსულად მაქვს ყველაფერი წაკითხული, ეს პირველი წიგნია ჩემთვის კუნდერასი ქართულად

    • mkitxveli / Mar 12 2012 7:02 am

      თარგმანზე რას იტყვი?

    • mecmikvarkhar / Mar 12 2012 7:05 pm

      მომეწონა

  3. PorcupineD / Mar 12 2012 6:42 am

    ჩემთვის უცნობი მწერალია და დავინტერესდი სიუჟეტით 🙂

    • mkitxveli / Mar 12 2012 6:44 am

      წერის სტილი, იდეა, მისი განვითარება, ყველაფერი მომწონს. ასე მგონია ყველა სიამოვნებით წაიკითხავს

  4. რუსუდანი / Mar 12 2012 12:48 pm

    ნამდვილად სასიამოვნოდ საკითხავი მწერალია მილან კუნდერა, მეც რუსულად მაქვს მისი
    ბევრი წიგნი წაკითხული. სამშობლოს სევდა და ადამიანური თანაგრძნობა. ადრე ისიც მომწონდა, რას ფიქრობდნენ კაცები ქალებზე, საინტერესო იყო ფსიქოლოგიურად, თან საოცრად გულწრფელი.

    • mkitxveli / Mar 13 2012 6:25 pm

      მართლა სასაიმოვნოდ წასაკითხია მისი ნაწარმოებები. თავისებური წერის მანერა აქვს, რასაც ვაფასებ მწერალში

  5. nina / Mar 15 2012 10:37 am

    მე პირადად მგონია რომ ეს კუნდერას ყველაზე სუსტი ნაწარმოებია, რაღაც უღიმღამო, ცოტას მწერალიც რომ წვალობს აზრის გადმოცემისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა. შესაძლოა თარგმანსაც დავაბრალო.

    • mkitxveli / Mar 15 2012 11:53 am

      არანაირად არ გეთანხმები, რაც წამიკითხავს ეს კუნდერას ერთ ერთი ძლიერი ტექსტია. ძალიან დინამიური და სიუჟეტიც ძალიან თანმიმდევრულად ვითარდება. კუნდერა რომ აზრის გადმოსაცემად წვალობს ყველაზე არაადეკვატური ფრაზა მგონია

  6. ubeduris1 / May 3 2012 8:04 am

    Reblogged this on ubeduris1.

  7. Maya / Nov 22 2014 11:15 am

    გადასარევი წიგნია,დიდი ხანია ერთ დღეში წიგნი არ წამიკითხავს,რომ ავიღე ,ვეღარ დავდე დასრულებამდე.მართლაც ასეა დაკვირვებული ვარ,დიდი ხნით არსად მიცხოვრია მაგრამ ადამიანები მართლა ასე იქცევიან,რატომღაც ვინც დარჩა იმათ ჰგონიათ რომ მათ გადაიტანეს მთავარი უბედურება და ბრძოლა და დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებულ მეგობრებს მარტო იმ ამბებს უყვებიან რა რთული იყო აქ ცხოვრება,არც უნდათ გაიგონ ამ ადამიანებმა სხვაგან გახიზვნით რამდენი ბრძოლა გადაიტანეს…ადამიანს მეტი გულისხმიერება მართებს და მარტო თავის თავიდან გამომდინარე არ უნდა აფასებდეს მოვლენებს. ამ წიგნს კიდე წავიკითხავ,ძალიან სევდიანი და დამაფიქრებელი იყო

  8. nika / Apr 17 2015 6:14 pm

    es wigni sad vishovo ?

    • mkitxveli / Apr 28 2015 8:48 pm

      სად ეძებე და ვერ ნახე?

  9. pako / Nov 17 2017 1:48 pm

    es wigni kide ishoveba?

Leave a reply to რუსუდანი Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.