Skip to content
April 6, 2012 / mkitxveli

დათო ტურაშვილი – “მე რომ ფეხბურთელი ვიყო”

ვიცი რას ნიშნავს სტადიონზე ხმის ჩახლეჩვამდე ხავილი, ცუდად წასული თამაშისას ყელში ბურთის გაჩხერა, წაგებისას თავისით წამოსული ცრემლები, გოლის გატანისას არაკონტროლირებადი ქცევები და მოგებისას სიხარული, რომელიც არაფერთან დარდება. მიუხედავად ამისა, მე არასოდეს მითამაშია ფეხბურთი. დათო ტურაშვილს კი, როგორც ჩანს, წერაზე არანაკლებ კარგად სწორედ ეს თამაში გამოსდიოდა. ყოველ შემთხვევაში სულითა და გულით ფეხბურთელია. ამ წიგნშიც ეს სიყვარული და სითბოა მკითხველადე ძალიან კარგად მიტანილი.

სინამდვილეში ეს წიგნი ფეხბურთზე კი არა,  (არამხოლოდ დათოსთვის) ვერახდენილ ოცნებებზეა.

გიყვება ისტორიებს,  რაც იცის და რაც თვითონ გადახდა ფეხბურთთან დაკავშირებით. ნანახი კი მართლაც ძალიან ბევრი აქვს. მაგალითად არ ვიცი რა მოვიყვანო, “ბერნაბეუზე” მიღებული საოცარი შთაბეჭდილება, სხვა სტადიონებთან დაკავშირებული ამბები თუ კევინ კიგანთან შეხვედრა.

ქართველები მთავარი გმირები არიან და კიდევ ერთხელ ცრემლებმომდგარი ვკითხულობდი უმცროსი მიშა მესხისა და გიო ქინქლაძის “იყო და არა იყო რა” ამბავს. მომენატრა ქეცბას ჯიგრიანი თამაში (თვითონ ტურიკაც ასე ჰყვება თემურის ამბავს). სამაგიეროდ, ღიმილის გარეშე ვერ კითხულობ ძმები არველაძეების ეპიზოდს. სახე მაშინ გისერიოზულდება, როცა აჩის ტრავმებზე და შოთის ფრაზას კითხულობ -აჩის მაგივრადაც მე ვთამაშობო, რომ თქვა.

მე კიდევ 2008 წლის 3 ივნისი ამომიტივტივდა, შოთის გამოსათხოვარი მატჩი. იმ დღიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ პაოლო მალდინის ფეხბურთიდან წასვლის გამო ჩამომივიდა ღაპაღუპით ცრემლები.

ფეხბურთი სხვა ემოციაა და ვერაფრით ვუხსნი ხოლმე ადამიანებს რატომ მომწონს მისი ყურება, რატომ ვესწრები (ხშირად ვერა) ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი. აი, ისეთი დათომ რომ ნახა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. საქართველოს გარდა არსად დავსწრებივარ თამაშს. ჩვენთან კიდევ ყველაზე ემოციური საქართველო-ხორვატია მინახავს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა სიხარულისგან გეშინია გული არ გაგისკდეს და თან არ გჯერა ის, რის გამოც გიხარია. სხვა დროს მაყურებელთა განლაგება ისეთი მეჩხერია ხოლმე, ერთნაირ შეძახილზე ლაპარაკიც ზედმეტია, კინოსავით უყურებ.

ამ წიგნიდან კიდევ ერთი ეპიზოდი მომხვდა გულზე. უბნის ბიჭები სტადიონზე მუხლებს ვიყვლეფდითო. მე ის გამახსენდა ჩემი სკოლელი ბიჭები საღამოობით სულ სტადიონზე იკრიბებოდნენ ხოლმე. ისიც არ მავიწყდება, სახეები როგორ ეცვლებოდათ, როცა გოგოები თამაშზე დასწრებას გადავწყვეტდით –  თავს იკლავდნენ სირბილით. ბოლოს რომ ვნახე ის სტადიონი, აბალახებული იყო. აქაც უბანში სულ აღარ მესმის ფეხბურთის თამაშის ხმა.

იმ ბავშვობის ნაცნობებს შორის ბევრი იყო საოცრად ნიჭიერი, ვერც ერთი ვერ გაჰყვა ფეხბურთს. კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ მე ვიცნობდი ბიჭს, რომელიც დარწმუნებული ვიყავი (არა მარტო მე) რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. თუმცა მასაც ის დაემართა, რაც დათო ტურაშვილის ძალიან ნიჭიერ მეგობრებს.

დათო ტურაშვილის ამ წიგნისა და სპორტული საიტის geosports.ge-ს პრეზენტაცია ერთად გაიმართა

ეს წიგნი მხოლოდ ფეხბურთის მოყვარულებისთვის რომ არ არის, ისიც მოწმობს მამიდამაც რომ ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხა. არადა, იმდენად არ აინტერებს საერთოდ სპორტი, კახი კალაძის მეტს ფეხბურთელს ვერ დაასახელებს. ისე წერს ტურაშვილი, წინადადებას ვერ ჩააგდებ.

წიგნში შესული ამბები ადრე ჟურნალ “ათიანში” დაიბეჭდა. თავები ერთმანეთს შესაძლოა ლოგიკურად არც ებმებოდეს, სადაღაც ამბებიც მეორდებოდეს (მაგალითად მალტა საქართველოს დაპირისპირება), მაგრამ ძალიან სასიამოვნო, სწრაფად საკითხავი წიგნია. “ამერიკული ზღაპრებისა” არ იყოს, საკუთარი გამოცდილებისა თუ მოსაზრებების წერა დათოს მართლა კარგად გამოსდის.

ჰოდა, მეც მასავით მჯერა, რომ თუ ნამდვილი ფეხბურთი გვექნება, ნამდვილ სახელმწიფოსაც შევქმნით.

ბოლო აბზაცი მთელი წიგნის არსია:

“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი და თუ ვინმემ ჩემსავით ეს ოცნება ვერ აისრულა, მისი მთავარი მატჩიც არ შედგა და გადამწყვეტი გოლიც ვერ გაიტანა, შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს წიგნიც სწორედ მისთვის დაიწერა”.

13 Comments

Leave a Comment
  1. geoaria / Apr 6 2012 9:40 pm

    აუ,ძალიან კარგი პოსტია. ეხლა მეც გამახსენდა რაღაცები და ბურთი მომაჯდა კისერში :] :დ
    აუცილებლად ვიყიდი ამ წიგნს. :]
    მე ერთი ნაწყვეტი წავიკითხე და მართლა ცრემლები ძლივს შევიკავე. შოთა არველაძის და ქინქლაძის ამბავი “აიაქსში”. : (

    • mkitxveli / Apr 7 2012 9:56 am

      მაგ დროს გიოს ცემა მომინდა, ძალიან ვბრაზდები და თან გული მწდება ხოლმე ქინქლაძის გახსენებისას

  2. miranda / Apr 6 2012 9:41 pm

    ნატ, მე შენმა პოსტმა ამიჩუყა გული❤

    • mkitxveli / Apr 7 2012 9:57 am

      მე მთელი წიგნი გულაჩუყებულმა წავიკითხე, მიხარია თუ ეს ემოცია აქამდე მოვიტანე

  3. PorcupineD / Apr 6 2012 10:16 pm

    შესანიშნავი პოსტია❤
    არ ვიცი რაშია საქმე, ალბათ ჩემი პრობლემაა, მაგრამ ვერ ვხვდები ადამიანს როგორ არ უნდა უყვარდეს ფეხბურთი. აი ასე უბრალოდ – ვერ ვხვდები !

    "ჩვენთან კიდევ ყველაზე ემოციური საქართველო-ხორვატია მინახავს. მაშინ პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა სიხარულისგან გეშინია გული არ გაგისკდეს და თან არ გჯერა ის, რის გამოც გიხარია"

    რა დამავიწყებს მაგ ემოციებს?! სულ არ ვიცოდი როგორ ხაოდა მინაშვილი ეკრანზე.
    65000 კაცი რომ გუგუნებდა სტადიონზე და იმ წამს 65000-ვე რომ ბედნიერი იყო, 65000-ვეს რომ ყველაფერი დაევიწყებინა ცხოვრებაში გარდა იმ გატანილი გოლისა, ეს იყო ყველაზე დიდი ემოცია. ვოცნებობ დინამოს სტადიონზე კიდევ შედგეს ეგეთი მატჩები❤

    დათოზე კი აღარაფერს ვამბობ.
    ადამიანური მწერალია და მორჩა. ზოგი ვარსკვლავი მწერალის გამო-გადა-კვლეულ ინტელექტუალურ თემებს, მისი ერთი მოთხრობად დაწერილი ოცნება მირჩევნია ხოლმე.

    • mkitxveli / Apr 7 2012 10:01 am

      დათოს ნამდვილად აქვს თავისი სტილი, თან ბევრ რამეს რომ გიყვება და თან მარტივად გაკითხებს.

      მეც ყოველთვის მიკვირს ხოლმე როცა ფეხბურთი არ აინტერესებთ. საოცარი ემოციებია. ჰოდა ვერ ვიტანდი ადამიანს რომელმაც არ იცოდა თუნდაც საქართველო-ხორვატიის მატჩის შესახებ.

      საქართველოს ნაკრებს კი ყოველთვის ყველა სპორტის სახეობაში ვგულშემატკივრობ. არანაკლები ემოციები მახსოვს კალათბურთისა თუ რაგბის თამაშებისგან

  4. Kejeradze / Apr 7 2012 12:29 pm

    ფეხბურთი რომ არ მიყვარდეს, ვერ ვნახავდი ასათიანის, კობიაშვილის და შევჩენკოს “იმ” გოლებს,🙂 ვერც საქართველოს გამარჯვებებს (ჯერ ბევრი არ გვაქვს, მაგრამ გვექნება), მილანის აღმართულ სკუდეტოს და ლიგის თასს, ვერ გავიცნობდი შოთის, პაოლოს და კიდევ ბევრ “მოედნის ჯადოქარს”🙂 მოკლედ, ფეხბურთის არსიყვარული არ გამოდის :)))

    … და ამ წიგნს წავიკითხავ აუცილებლად – დათოს ნაწარმოებს და ისიც ასეთ თემაზე ვერ გამოვტოვებ (ყდასაც აღვნიშნავდი, მაგრამ ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ მილანის ბოლო თამაშის შემდეგ😀 )

    • mkitxveli / Apr 8 2012 9:06 am

      არამხოლოდ ბოლო თამაშის გამო, სერიაში ქულების დაკარგვამაც საოცრამ გამაბრაზა, აღარაფერს ვამბობ ბარსასთან ბოლო მატჩზე. მოკლედ ყველაფერი არც ისე კარგად წავიდა.

      ამ წიგნში კი არ წერია მაგრამ კობის ჰეთთრიკი ლიგაზე, აი ის დათვლილი გოლები დღემდე გულს მიჩუყებს.

  5. melita / Jan 20 2013 1:16 pm

    დათო როგორ მყვარს>>ეს წიგი არა მაქვს წაკითხული ,მაგრამ არ შემეძლო ესე დამეტოვებინა.ყველა დროში ის პოპულარული ადამიანი იყო… სადღაც მოვკარი თვალი და ის გამახსენდა”თქვი სიმართლე და შენ ყველაზე განსხვავებული იქნები”
    ამ წიგნს კი როცა თავისუფალი დრო მექნება აუცილებლად წავიკითხავ
    პ.ს
    ბლოგი მომწონს >>

  6. kiii / Jan 29 2013 6:24 pm

    ისეთი პოსტი დაწერეთ რომ უკვე ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და მეც როგორც დათოს ბოლო სიტყვებში ჩანს, ვერ ამიხდა ის ბავშვობის სურვილი, ფეხბურთელი რომ მინდოდა ვყოფილიყავი.

  7. annabell lee / May 13 2013 1:47 pm

    დათო ტურაშვილში ყველაზე მეტად ის მომწონს რომ ძალიან გულახდილია და ყოველგვარი გადაპრანჭვების გარეშე წერს იმას რასაც მართლა ფიქრობს, გრძნობს და განიცდის, ყველაზე მეტად დათოს ,, ამერიკული ზღაპრები” მიყვარს, ისე სადად და გულუბრყვილოდ წერს რომ …გადავშალე პირველი გვერდი და ,, მადლობას ვუხდი ბობ დილანის…. და კიდევ ბევს სხვათა და ბოლოს კურტ კობეინის ამერიკას, ამის შემდეგ როგორ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ინტერესი და არც შემცდარვარ-უმისამართო სოფია, იდუმალი პიეტა ბრაუნი და სტადიონზე აღმართული პლაკატი to go, რომელიც მის ტოგოელ მეგობარს სულ ტყუილად გაუხარდა-ყოველთვის შემახსენებენ თავს:)) ეს არ მაქვს წაკითხული და ასეთი გემრიელი პოსტის შემდეგ სიამოვნებით შევსანსლავ:))

  8. gela / Feb 3 2014 5:47 pm

    ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ნომერ 1 სპორტად მიმაჩნია. არ წამიკიღხავს წიგნი, მაგრამ მჯერა კარგია და აუცილებლად წავიკითხავ. ის რაც ყელში ბურთის მოწოლაზე გიწერიათ, ბევრჯერ გამომიცდია. გვყავდა საოცრად მაგარი ფეხბურთელები, სსრკ-ს დაშლის მერე ძალიან ძლიერი კონტინგენტი გვყავდა, თუმცა შედეგი ვერ მივიღეთ. ეხლა კი ჩემი აზრით ისიც უნდა ვთქვათ, თუ რატომ იყო ქართული ფეხბურთი ასეთი წარუმატებელი. რატომ?—იმიტომ , რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს შოთა არველაძემ და მისთანებმა, საქართველოს ნაკრებში იყო პატრიოტიზმის ნაკლებობა. ერთი ნათელი წერტილი ქეცბაია იყო და თავისი ნაკრებში მწვრთნელობით, ეგეც გააუფერულა. იტყვიან, რომ ცუდი დრო იყო და გაჭირვებაო, კი ბატონო იყო, მაგრამ თუ ფეხბურთელებისთვის იყო, რა მორაგბეებისათვის არ იყო??? ბევრად ცუდი პირობები ჰქონდათ, მაგრამ პატრიოტები იყვნენ და ჯიგარი ეწვოდათ. ეს არის სიმართლე.სანამ ფეხბურთელები წვალობდნენ, იმ პერიოდში მორაგბეები ორჯერ გავიდნენ მსოფლიო პირველობაზე, ასევე გავიდნენ კალათბურთელები, ქალთა ჭადრაკში გვასახელეს, მოჭიდავეებმა მრავალჯერ, მკლავჭიდელებმა, წყალბურთელებმა, კარატისტებმა, ყველა არც მახსენდება ეხლა, რა ამათ უკეთესი დაფინანსება ჰქონდათ?! ამას იმიტომ ვწერ რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ერთად მივხედოთ, თორემ ამათი შემხედვარე ახალგაზრდა თაობა, ეზოში ბურთს აღარ აგორებს და კომპიუტერში ურჩევნია ფეხბურთის თამაში. P.S რათქმაუნდა ეს ყველა ფეხბურთელს არ ეხება. P.P.S მალხაზ ასათიანი დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად მიმაჩნია

Trackbacks

  1. 3 ბლოგი ფეხბურთის შესახებ | dgeboo

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: