Skip to content
May 25, 2012 / mkitxveli

კურტ ვონეგუტი – “სასაკლაო #5”

კურტ ვონეგუტი სასაკლაო #5ომი – გმირობაზე წერის უშრეტი წყარო. წააგებ და შეგიძლია დაწერო რა თავგადაკლულები იბრძოდნენ  ბიჭები. თუ მოიგებ მით უფრო. ზოგი მწერალი ომის საშინელებას ერთი პერსონაჟის ტანჯვით გაჩვენებს. ნაწილი ბატალური სცენებზე აკეთებს აქცენტს. ყველა მათგანი ერთ გმირს მაინც გამოურევს ხოლმე, მოკლედ,  ხელოვნებაში ომი მშვენიერი ინსპირაციის წყაროა.

ვონეგუტი სრულიად სხვაა – ომის სისულელეს მასზე უკეთ ვერავინ გაჩვენებს. საოცარი ენა აქვს, წერის სტილი, სიუჟეტის აგების მანერა. მისი პერსონაჟები ხომ ცალკე თემაა – ნაწარმოებიდან ნაწარმოებში რომ გადადიან და ერთ დიდ სამყაროს, ვონეგუტის ლიტერატურას ქმნიან.

“სასაკლაო #5”-ს მეორე სახელიც აქვს “ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა”. ამბავი კი დრეზდენში ხდება. ვიდრე ძირითადი სიუჟეტი დაიწყება, მანამდე ოჰარასთან მიდის და ცდილობს გაიხსენონ ომის ამბები. ოჰარას ცოლი – მერი ცუდად იღებს. ჰგონია, რომ მათი მონათხრობიდან მორიგი საგმირო ისტორია უნდა შეთხზას.

“ვერასოდეს მოგვაჩვენებ თავს თითქოს ომში ბავშვები კი არა, კაცები იყავით.  რომ არ თამშობდით ფრენკ სინატრას, ჯონ ვეინის ან სხვა ვინმე მსგავს ომის მოყვარული კაცის როლს იმის საჩვენებლად, თუ რა მომხიბვლელია ომი. შენი გმირებიც ისევე იჩხუბებენ, როგორც ჩვენი ბავშვები”, – ეუბნება მერი. ის ფიქრობდა, რომ ომი  ერთგვარი სტიმული იყო წიგნებისა და ფილმებისთვის. საბოლოო ჯამში ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ წავიდა. წიგნიც ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობაა.

წიგნის პერსონაჟები ომისთვის მოწოდებულნი სულაც არ არიან, ბილი პილგრიმს კი საერთოდაც სიკვდილი ომის დაწყებისთანავე უნდა. მერე დრეზდენში “სასაკლაო #5”-ში მოხვდებიან. მთელ ხუთ წელს უფანჯრებო სივრცეში გაატარებენ. ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ცოცხლად მოხარშული სკოლის ასაკის გოგოები და აცლილი სკალპები.

პილგრიმი დროში მოგზაურობს და უცხო პლანეტა ტრალფამადორიზეც მოხვდება. ეს პლანეტა დედამიწის ერთგვარი კონტრასტია თავისი სიმშვიდით. ისინიც ცხოვრობენ იმ მიზნით, რომ სინამდვილეში არაფერი კვდება და ქრება. ყველა მომენტი წარსული, ახლანდელი თუ მომავალი სამუდამოდ არსებობს, ვერავინ და ვერაფერი შლის.

“ჩვენ ყველანი მარადიულად ვიცხოვრებთ იმის მიუხედავად, ხანდახან მკვდრად თუ მოვეჩვენებით ვინმეს.”

ამ იდეით დედამიწაზე დაბრუნებული ბილი გიჟად მოინათლება.

ხელოვნება სიკვდილთან ცეკვის გარეშე წარმოუდგენელია – ტრალფამადორიელებთან სიკვდილს სულ სხვა განმარტება აქვს. ამიტომაც უკვირს ბილის აქაურებს სიმშვიდეში ცხოვრება როგორ შუძლიათ.

“მე ვიყავი პლანეიტდან, სადაც არსებობის დღიდან ყველა ერთმანეთის ჟლეტაშია ჩართული”.

კურტ ვონეგუტი

კურტ ვონეგუტი

თხრობის სტილი ისეთია, მხოლოდ ვონეგუტს რომ აქვს. გადასვლა დროში, სიტუაციაში, პერსონაჟებში, ამბებში სრულიად ბუნებრივია. არც კითხვის ტემპი ვარდება და არც ინტერესი კლებულობს. ჩემთვის ეს მწერალი ერთ-ერთი მათგანია, იმ რამდენიმეს შორის, რომლის კითხვაც არასდროს მბეზრდება. თავისებური იუმორის გრძნობა აქვს და სასაკლაოზეც კი ისე წერს, არ იზაფრები.

ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ყველა პერსონაჟმა თავისთვის ჩაიქროლა ტექსტის კითხვის დროს და სინამდვილეში დამრჩა ტვინამდე შესული ომის სისულელე. ვონეგუტთან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იდეა მოდის შენამდე და ნაკლებ მნიშველოვანია პერსონაჟები, ვისაც ეს მოაქვს.  მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაწარმოებში მეორდებიან. ტრაუტი აქაცაა, ისევე როგორც “დროის რღვევაში”. აქაც მწერალია და მისი წიგნებიც ერთი მსუყე კომპონენტია აი, იმ იდეისა, ზემოთ რომ ვწერდი.

დრეზდენის დაბომბვის დროს 135 ათასი ადამიანი დაიღუპა. ტრალფამადორიელებისა არ იყოს, სიკვდილი დავიწყებას და გაქრობას არ ნიშნავს. ეს ამბავი ყველას ახსოვს და სინამდვილეში ნახევარი საუკუნის წინ არაფერს ჩაუვლია.

ხუთწლიანი ტყვეობის მერე, ერთ დღესაც კარი ჩაკეტილი აღარ აღმოჩნდა და ისინი გარეთ გამოვიდნენ. მეხსიერებიდან ხუთი წელი არ წაიშალა.

So it goes

11 Comments

Leave a Comment
  1. katerina / May 25 2012 9:23 pm

    კარგი იყო. ეს არ მაქვს წაკითხული და გავეცნობი. ვონეგუტი ჩემს საყვარელ მწერალთა სიაშია. გეთანხმები, გამორჩეულად წერს, გამორჩეული ენით და საოცრად მარტივად და ამ სიმარტივით გაწვდის დიდ სითულეს. ამიტომაც მომწონს.მიმათვალე მის მოყვარულთა სიას🙂

    • katerina / May 25 2012 9:25 pm

      ჰო, ეს ჩემგან http://wp.me/p1MT1L-y2

    • mkitxveli / May 26 2012 11:28 am

      გადმოწერილი მაქვს და ალბათ უახლოეს მომავალში წავიკითხავ🙂 შენი პოსტის მერე კიდვ უფრო დამაინტერესა. სამწუხაროდ რუსული არ ვიცი, ციტატები კი ისეთი აქვს ვონეგუტს სრულად თუ აღიქვი არასოდეს დაგავიწყდება. ჰოდა რომ წავიკითხავ მერე უფრო კარგად ვისაუბრებთ🙂

  2. Kejeradze / May 26 2012 6:30 pm

    ვონეგუტმა უკვე მომხიბლა “დროის რღვევით”… “კატის აკვანს” და “სასაკლაო №5”-საც გავეცნობი აუცილებლად🙂

  3. Mariam Kvitsiani / May 27 2012 9:38 am

    “everything was beautiful and nothing hurt.”

  4. rusa111 / Jul 3 2012 8:56 pm

    კ. ვონეგუტს მე სხვა წიგნებით ვიცნობ, მაგ. “მექანიკური პიანინო” და “დედა წყვდიადი.” რუსულად მაქვს ორივე წაკითხული.

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:17 pm

      მე კიდევ არც ერთი ეგ ნაწარმოები წაკითხული არ მაქვს🙂

  5. mcxvari / Jul 29 2012 7:34 pm

    ქართულად ნათარგმნია?

    • mkitxveli / Jul 29 2012 7:38 pm

      არამგონია, მე არ შემხვედრია

  6. გელა / Nov 24 2016 6:19 pm

    წავიკითხე და აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. განსხვავებულად წერს კი ბატონო, ომი სისულელეა და უაზრობა, თუმცა რეალობაა. მარტივად და გასაგებად წერს, თუმცა რაღაცნაერი ირონიით. ომი რომ საშინელებაა, ამის უფრო მუქ ფერებში დახატვა აჯობებდა, თორემ დრეზდენში 135 000 ადამიანის სიკვდილი საშინელებაა, და არა მგონია ირონია უხდებოდეს. არაუშავს რა წიგნია, ომის თემაზე ბევრად კარგი წიგნები მაქვს წაკითხული.

  7. გელა / Nov 24 2016 6:40 pm

    P.S აი რა ამოვიკითხე დრეზდენის დაბომბვაზე და მთელ ამხელა ნაწარმოებში ვერ დავინახე ის საშინელების განცდა , რაც ამ პატარა მონათხრობშია————————– დრეზდენის დაბომბვა — განხორციელდა 1945 წლის 13-14 თებერვალს ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ცეცხლოვანი დაბომბვისა და აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების დამატებითი იერიშის შედეგად. დრეზდენი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი მდინარე ელბაზე, ფერფლად იქცა. მასიურმა დაბომბვამ ცეცხლოვანი შტორმი გამოიწვია, რომელმაც ყველაფერი შთანთქა მის გზაზე. დაღუპულთა რაოდენობა 22,000—25,000 შორის მერყეობს.

    „ შეუძლებელია აღწერა! აფეთქება აფეთქების შემდეგ. დაუჯერებელი იყო, ღამის კოშმარებზე უფრო საშინელი. უამრავი ადამიანი იყო საშინლად დამწვარი და დამახინჯებული. სუნთქვა თანდათან, უფრო და უფრო ძნელდებოდა. სიბნელე იყო და ყველა წარმოუდგენელი პანიკით ცდილობდა სარდაფების დატოვებას. ხალხი მიცვალებულებსაც და მომაკვდავებსაც ერთნაირად თელავდა, ბარგი ან მიტოვებული იყო ან კიდევ გადარჩენილები გლეჯდნენ ხელიდან. ნაჭერ-გადაფარებული კალათი, სადაც ჩვენი ტყუპები იწვნენ დედაჩემს გამოგლიჯეს ხელიდან და უკნიდან მოწოლილმა ხალხმა ზედა სართულზე აგვიტანა. ჩვენ დავინახეთ ალმოდებული ქუჩები, ნანგრევები და ცეცხლის საშინელი შტორმი. დედამ მოგვაფარა სველი ზეწრები და ქურთუკები, რომლებიც მან წყლის გუბეში იპოვა.
    ჩვენ დავინახეთ საშინელი სურათი: დამწვარი მოზრდილები, რომლებიც ჩვილის ფორმაზე მოკუნტულიყვნენ, კიდურების ნაწილები, მთლიანად ჩამწვარი ოჯახები, მკვდარი ადამიანები, ცეცხლმოდებული ადამიანები დარბოდნენ აქეთ-იქით, დამწვარ ხალიჩებს ეტყობოდათ ადამიანების ფიგურები, დაღუპული მაშველები დაჯარისკაცები, გადარჩენილები ყვირილით ეძებდნენ მათ ბავშვებს და ოჯახის წევრებს და ცეცხლი ყველგან, ცეცხლი ყველგან და ცეცხლოვანი ქარიშხალი ადამიანებს ისევ უკან სახლებში ერეკებოდა, საიდანაც ისინი გამოვიდნენ.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: