Skip to content
June 9, 2013 / mkitxveli

პოლ ოსტერი, ჯ.მ. კუტზეე – “აქ და ახლა”

აქ და ახლა(წერილები 2008-2011)

არ მახსოვს ბოლო პერიოდში რა წავიკითხე იმაზე უფრო გემრიელი, ვიდრე მაქსველისა და კუტზეეს მიმოწერაა. ისეთია, კითხვისთვის თავის დანებება რომ გეზარება. წერილები რომ მიყვარს, მგონი ჩემმა ყველა ახლობელმა იცის, ჭკვიანი ადამიანების დაწერილი წერილების კითხვა კი ორმაგად საინტერესო და დამაინტრიგებელია.

ერთი ამერიკაში ცხოვრობს, მეორე ავსტრალიაში, შიგადაშიგ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებიან, შუალედში ერთმანეთს წერილებით უზიარებენ აზრებს. იმდენად განსხვავებულ ჭრილში ხედავენ ამა თუ იმ საკითხს, გაოცებული რჩები. საუბარს მეგობრობით იწყებენ, მერე 2008 წლის ფინანსურ კრიზისზე გადადიან, სპორტზეც იმსჯელებენ და ისრაელ-პალესტინასაც მიმოიხილავენ. მათი დასკვნები არგუმენტირებულია, ხანდახან კიდევ ისე ბავშვურად გულუბრყვილოები ჩანან, მიკვირს.

“2008 წლის ბოლოს მაღალი ფინანსების სამყაროში რაღაც მოხდა, რის შედეგადაც, როგორც შეგვატყობინეს, მრავალი ჩვენგანი ახლა უფრო ღარიბია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.”

ჰოდა არკვევენ რა მოხდა ასეთი და როგორ შეიძლება ამგვარი კრიზისის აცილება. სულ მაინტერესებდა, როგორ წერდნენ მწერლები წიგნებს და როგორ რეაგირებდნენ კრიტიკაზე. აქამდე ვფიქრობდი, რომ ყველა ავტორი ბოლომდე იცნობდა თავის გმირს, იცოდა რა გარემოში ცხოვრობდა, მაშინაც კი, როდესაც ეპიზოდი, ვთქვათ, ოთახის აღწერას არ მოითხოვდა. აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის. კუტზეე საკუთარ წიგნებში ნივთებს მხოლოდ მაშინ  ხედავს, თუ გმირს დასჭირდება და მერე იმაზე წუხს, რეპორტაჟის წერა არ შემიძლიაო. ოსტერი პირიქითაა და მერე ამშვიდებს, სამაგიეროდ ისეთი ამბების შემჩნევა შეგიძლია, სხვა რომ ვერ დაინახავსო.

ჯონ მაქსველ კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე

გარდა იმისა, რომ სხვადასხვა თემაზე ჭკვიანურ აზრებს ისმენ, ლიტერატურის შიდა სამზარეულოში გახედებენ და ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესსს იწვევს.

დღეს აღარავის სჯერა, რომ პოეზიას (ზოგადად ხელოვნებას) სამყაროს შეცვლის ძალა შესწევს. წმინდათაწმინდა მისია უარყოფილია. საითაც არ უნდა გაიხედო, პოეტები ყველგან არიან, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან.

მწერლები და ზოგადად ხელოვანები დამარცხდნენ, რადგან წამყვანი როლის შენარჩუნება ვერ შეძლეს და სწორედ ამის გამოა, რომ დღეს ჩვენ უფრო ღარიბები ვართ.

ყველაზე ბევრი მაინც ისრაელზე და იქ არსებულ პრობლემებზე მაფიქრეს. აი იმაზე, მარცხის აღიარება რომ უნდა შეგეძლოს.

იმის ცოდნა, რომ წაგებულ ბრძოლაში ვიბრძვით, ბრძოლისთვის თავის დანებების მიზეზად არ გამოდგება.

ორივეს სჯერა, რომ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. მთავარი წინააღმდეგობა თავად ადამიანებშია, თორემ არც ახალი ფინანსური სისტემის შექმნა იქნება რთული და არც კონფლიქტის მოგვარება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ “ჩვენ, “მსოფლიოს”, იმ უბადრუკ სინამდვილეში ცხოვრება გვირჩევნია , რომელიც თავადვე შევქმენით, ახალი ყოველ მხრივ შეთანხმებული სინამდვილის დამკვიდრებას”.

ბოლოს ეგვიპტის ამბავი მოდის და ჩემთვის ისე გასაგები არაფერი ყოფილა როგორც ეს:

პოლ ოსტერი

პოლ ოსტერი

სწორედ მაშინ, როცა ერთი ხელისუფლება დაემხობა და  მომდევნო ხელისუფლებას ჯერ არ  აუღია ხელში მართვის ყველა სადავე, ჰო, მხოლოდ მაშინ ამ მეტად ხანმოკლე პერიოდში გრძნობს ხალხი ნამდვილი თავისუფლების გემოს.

რევოლუციების მთელი არსი აი ეგ ერთი ორი კვირაა, სანამ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდებაო.

აქ მთავრდება. მოდი და არ დაგწყდეს გული.

პ.ს. წიგნი რომ დავხურე, ბოლოსიტყვაობაში წავიკითხე, ქართული თარგმანის გამოცემამ ინგლისურ ორიგინალს დაასწროო. რა უცნაური გრძნობა ყოფილა. სულ საწყალი თვალები მაქვს ხოლმე ამაზონზე აქ დაუბეჭდავ წიგნებს რომ ვუყურებ.

9 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Jun 9 2013 8:40 pm

    ერთ-ერთი საუკეთესო non-fiction მგონია ეს წერილები🙂

    • mkitxveli / Jun 9 2013 9:00 pm

      სხვა რა უნდა გიპასუხო გარდა იმისა, რომ დაგეთანხმო🙂

  2. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Jun 10 2013 8:18 am

    “პოეტები ყველგან არიან, მაგრამ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან.” – ამაზე დიდი სიმართლე კაი ხანია არსად წამიკითხავს. წავედი, ამაზონი დავლაშქრო… :დ

    პ.ს. არა, თარგმანის გამოცემამ როგორ დაასწრო, ნუ გადამრევთ, ჰქონდათ კი უფლება თარგმანი ორიგინალზე მალე გამოეცათ??? იმისი არ იყოს, საქართველოში (რუსეთშიც) ისეთ ფილმებს რომ უშვებდნენ უკვე, ჯერ რეჟისორს რომ არ ჰქონდა დამონტაჟებული ნანახი.

    • mkitxveli / Jun 10 2013 9:29 am

      კი ჰქონდათ, პრეზენტაციაზე ოსტერიც ჩართეს სკაიპით🙂

      ძალიან მოგეწონება დარწმუნებული ვარ. აუ ეს ფოსტა ნორმალურად მუშაობდეს რა უცებ გამოგიგზავნიდი

  3. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Jun 10 2013 8:47 pm

    ოსტერი სკაიპით ჩართესო, მოიცა მე სად ვცხოვრობ და თქვენ – სად, ახლა უნდა გავერკვიო კარგად.
    :დ
    სხვა წიგნებზე უარს ვიტყვი და ამას ვიყიდი, ძალიან დამაინტერესა.

    პ.ს. ისე, ოსტერის ცოლიც მწერალია და მაქვს მისი წიგნი რამდენი ხანია, ვერ მოვაბი თავი, რაღაც გაპრანჭული ქალი მგონია :დ

    • mkitxveli / Jun 11 2013 1:35 pm

      სირი ჰქვია ჰო? ამ წერილებშიც ამაყობს თავისი ცოლით

      ასე რაღაცნაირად პროგრესი გვაქვს

  4. rusa111 / Aug 24 2013 9:48 pm

    ახლა უკვე ვიცი, რომელ წიგნს ვიყიდი ამ სერიიდან.

    ისე სადა ხარ დაკარგული?

    • mkitxveli / Aug 26 2013 12:14 pm

      სულ უფრო მიჭირს სხვა საქმეებს წიგნებისთვის დრო მოვპარო🙂 თუ მოვპარე მერე წერითვის აღარ მრჩება, ჰოდა დამრჩა ასე უპატრონოდ ბლოგი🙂

    • rusa111 / Aug 26 2013 6:24 pm

      ბოლო დროს ,მეც ასე ვარ, ხან ჯანმრთელობა დაემთხვა, ხან – თარგმანები…

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: