Skip to content
January 7, 2014 / mkitxveli

მიშელ უელბეკი – რუკა და ტერიტორია

რუკა და ტერიტორიათუ გეტყვით, რომ წიგნის ავტორი მიშელ უელბეკია, მთავარი გმირები მხატვარ ფოტოგრაფი ჟედ მარტენი, თავად მიშელ უელბეკი და ფრედერიკ ბეგბედერი არიან, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამ წიგნის კითხვა გადაწყვიტოთ? ჩემთვის მხოლოდ მწერლის ვინაობის გაგებაც საკმარისია. მიშელ უელბეკი თითქმის არასდროს მიცრუებს იმედებს და ბევრს მაფიქრებს.

ერთ ნაწარმოებში იმდენად სხვადასხვანაირი პრობლემა შემოაქვს, შეუძლებელია, 21-ე საუკუნის ადამიანმა ყველაზე ახლობელი ვერ იპოვოს. მთავარი მაინც ისაა, რომ საბოლოოდ ყველა ერთში გენერირდება ლოგიკური დასასრულით.

უკვე რამდენი წელია ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთის ცხოვრებაში შედიან და მერე ისე ტოვებენ, თითქოს არც ყოფილან, მათ ადგილს მერე სხვები იკავებენ და ასე დაუსრულებლად გრძელდება, მხოლოდ რამდენიმე თუ გრჩება ბოლომდე და ისიც შენთან ერთად უყურებს ამ ბრუნვას.

როგორც საგნები, ისე ადამიანები მნიშვნელობას ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ. „რუკა უფრო საინტერესოა, ვიდრე ტერიტორია“ – ადამიანი უფრო საინტერესოა ისეთი, როგორიც შენთან ურთიერთობაშია, როგორსაც შენ აღიქვამ,  ვიდრე  ზოგადად შორიდან ჩანს იმიტომ, რომ ისეთი, როგორიც შენთან არის, არასდროს არავისთან იქნება.

ყველა ადამიანთან გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, ან პროგრესს უწყობს ხელს ან რეგრესს და მერე მიდის, ისე უბრალოდ. უფრო სწორად კი არ მიდის, შენ უშვებ.

“ზოგჯერ ადამიანებს ბედი შანს აძლევს, მაგრამ თუ ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია მისით სარგებლობა, მაშინ ჩამორიგებული კარტი უკანვე მიაქვს; ყველაფერს თავისი დრო აქვს; დრო ნაბიჯის გადადგმისა და ბედნიერების მოპოვებისა მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, ხან რამდენიმე კვირა, ყველაზე მეტი რამდენიმე თვე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება, ერთადერთხელ, მეორედ სამწუხაროდ შეუძლებელია, ძალიანაც რომ გინდოდეს. აღფრთოვანება, იმედი, ნდობა ადგილს მშვიდ მორჩილებას უთმობს, გულის შემკუმშავ სიბრალულსა და უსარგებლო, მაგრამ კანონზომიერ გრძნობას, რომ რაღაც შეიძლება გამოსულიყო, უბრალოდ შემოთავაზებული საჩუქრის ღირსნი არ ღმოვჩნდით.“

ჟედმაც ოლგა ასე გაუშვა, არც დაურეკავს, არადა, უყვარდა. მის შემდეგ არც არავინ ჰყვარებია, მაგრამ მაინც არ დაურეკავს, მერე ბეგბედერიც კი საყვედურობს, მსოფლიოში ყველაზე არასენტიმენტალური კაცი – „ სიყვარული დიდი იშვიათობაა – არ იცოდით?“

ცხოვრებაში არსებობს კიდევ „ნიშნები“, რომლებიც ცდილობენ რაღაცაზე/ვიღაცაზე ყურადღება მიგაქცევინონ და ცოტა მეტი გაფიქრონ

„უკეთესის არქონის პირობებში, რაიმე რელიგიური გრძნობების უქონლობისას, ინტუიციას ეძახიან. ეს ნიშნები კატეგორიულად და კერპად მბრძანებლობენ თქვენზე და ამ ბრძანებების მეშვეობით ხერხდება საკუთარი მთლიანობისა და საკუთარი თავის პატივისცემის დაკარგვის თავიდან აცილება.“

როგორც სხვა ნაწარმოებებში, აქაც მთავარი გმირი მარტოა. ჟედის მამასთან ურთიერთობა ცალკე თემაა და ერთი ესე დაიწერება მასზე. ევთანაზიის შემდეგ შვეიცარიაში ჩასული ჟედის ქცევა ერთერთი ემოციური ეპიზოდია.

მისი შემხედვარე უელბეკი ისევ თანამედროვე ადამიანზე გაფიქრებს და წაკითხვის მერე დათრგუნული ზიხარ.

ეს წიგნი სიბერეზე უფროა, ბოლოს ყველა არარაობად რომ ვიქცევით, იმაზე. უელბეკი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საერთოდაც ადამიანური საქმეები თავიანთ მნიშვნელობას კარგავენ, ნელნელა ქრებიან, მხოლოდ მცენარეები რჩებიან.

როცა ჟედი მასთან ჩადის და საკუთარ ნამუშევრების შეფასების დაწერას სთხოვს, უელბეკი ზუსტად ისეთი ხვდება, როგორიც წარმომიდგენია – „განაწამები ნანგრევი“, თვითონ ამბობს, მე არა. აი, აქ მახსენდება ლევან ბერძენიშვილის მოსაზრება, რომ როდესაც მწერალი თავის სათქმელს ამბობს, სიცოცხლე აკლდება. „ბრძოლის ველის განვრცობა“, „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“ და ბოლოს „რუკა და ტერიტორია“. ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპი აღწერა, თან ისე, საკუთარ სისაძაგლეს ყველაზე მძიმედ რომ გაჩვენებს, მისი ასე გამოფიტვა და ფსიქიატრიულში მკურნალობა ყველაზე ბუნებრივ რამედ მიმაჩნია.

მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი

ახლა მგონია, რომ ეს მისი ბოლო რომანია და ამაზე უკეთესს ვეღარ დაწერს.

წიგნის ეპიგრაფი – „სამყარომ თავი მომაბეზრა, ზუსტად ასევე, მეც მოვაბეზრე სამყაროს თავი“ (შარლ დ’ორლეანელი) ამაში მარწმუნებს.

ჟედი უელბეკის გზას იმეორებს, ისევე როგორც ყველა ადამიანი, გარკვეულწილად ერთნაირი ცხოვრებით ცხოვრობს, სიბერეში მით უმეტეს ერთნაირად ინგრევა ყველა და პიროვნებისგან აღარაფერი რჩება.

„ადამიანებს ხმები არ ეცვლებათ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე თვალების გამომეტყველება. ტოტალური ფიზიკური ნგრევის მორევში, რომლის ბოლოსაც სიბერეა, მხოლოდ ხმა და გამოხედვა რჩება ხასიათის სიმტკიცის, მისწრაფებების, სურვილებისა და ყველაფერ იმის ავადმყოფურ, მაგრამ უდავო მტკიცებულებად, რისგანაც შედგება ადამიანის პიროვნება.“

ბოლოსიტყვაობაში წერს, ეს მხოლოდ მხატვრული ნაწარმოებიაო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც ამ წიგნის გმირ მიშელ უელბეკს კრემაციას არ ჩაუტარებენ და „ძველებურად“ დაასაფლავებენ – „როცა სიკვდილის რეალობის დაფარვას ვერავინ ბედავს“.

3 Comments

Leave a Comment
  1. :) / Jan 9 2014 10:06 pm

    რაც ეს წიგნი წავიკითხე, მას მერე შენ პოსტს ველი :დ ვიცოდი რო გულს გამიხარებდა🙂
    მართალი ხარ, უელბეკმა იმდენი სერიოზული წიგნი დაწერა რომ შეილეა მართლა ამოწურა თავის თავი, მაგრამ უფლება არ აქვს რომ სანამ მოკვდება 3 წიგნი მაინც არ დამიტოვოს :დდ

  2. David Svimonishvili / Jan 10 2014 5:26 pm

    პირველი წიგნი რომელსაც 2014-ში ვყიდი ეს იქნება. 2013ში ბოლო პლატფორმა იყო :)) მიყვარან ეს ფრანგები…

Trackbacks

  1. მიშელ უელბეკი – კუნძულის შესაძლებლობა | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: