Skip to content
April 26, 2014 / მკითხველი

რეი ბრედბერი – 451º ფარენჰაიტით

რეი ბრედბერიხშირად ასახელებენ წიგნებს და მეკითხებიან წაკითხული მაქვს თუ არა. რაც არ ვიცი, იმაზე დამრიგებლური სახით მეუბნებიან, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წავიკითხო. მე კიდევ ეს “უნდა” წასაკითხი მაშინვე რიგის ბოლოს გადამაქვს. ამ მიზეზით მიჩქმალული მიდევს უკვე წელიწადია რეი ბრედბერის “451º ფარენჰაიტით”, წიგნი, რომელიც წიგნებს ეხება და “უნდა” წასაკითხი წიგნების სერიაში გამოიცა.

მოქმედება არარეალურ ქალაქში ხდება, სადაც მეხანძრეებს ერთი ფუნქცია აქვთ – გააჩაღონ ცეცხლი და გაანადგურონ წიგნები. წიგნებს მათი მფლობელებიც ეწირებიან. სხვა სამყაროა და ადამიანებიც სხვანაირები არიან, ემოციაგამოცლილები, რობოტულები.

“ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუნჭო, გადააგდო, მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო”.

დაახლოებით ამ თემაზე უკვე იმდენი ფილმი გადაიღეს, ბევრიც დაიწერა, ამიტომ 2014 წლის გადასახედიდან 1985 წელს დაწერილი ეს წიგნი სიუჟეტის ორიგინალურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. არც მაინცადამაინც განსაკუთრებული წერის სტილი აქვს. ფანტასტიკის ჟანრის მოყვარული არ ვარ, მაგრამ წამიკითხავს რამდენიმე ნაწარმოები, რომელიც უფრო დამაჯერებლად, არაზღაპრულად იკითხება.

საერთოდ მგონია, რომ გასულ საუკუნეში XXI საუკუნის ეშინოდათ და ელოდნენ რაღაც ცვლილებას, რაც ამ ორი საუკუნის ადამიანს მნიშვნელოვნად განასხვავებდა. ოღონდ ეს ცვლილება იქნებოდა უარყოფითი, რაც მეცნიერებების და შესაბამისად, ტექნიკის განვითარებას უნდა მოჰყოლოდა.

ამ ნაწარმოებშიც ადამიანი წიგნს იმიტომ დაშორდა, რომ დრო აჩქარდა, ტექნიკა განვითარდა და მათ ეზარებოდათ კითხვისთვის დიდი დროის დათმობა.

“თქვენ წიგნები კი არა, ის გაკლიათ, რაც ოდესღაც ეწერა მათში… წიგნები მხოლოდ ერთი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებაც გვეშინოდა” , – ეუბნება ფაბერი მონტეგს და აღნიშნავს, რომ მთავარი ფურცლები კი არაა, არამედ ის ინფორმაცია, რაც იქ წერია და მთავარია, ეს ინფორმაცია იყოს გადაცემული, ამას რა ხერხით მოახერხებ, მნიშვნელობა არ აქვს.

სინამდვილეში ამ საკუნეშიც ჩვენ ადამიანებად დავრჩით, წიგნებსაც ვკითხულობთ და თან ბათუმის ერთერთი მაღაზიის მსგავსად ვანადგურებთ კიდეც.

5 Comments

Leave a Comment
  1. Sophie Golden / May 1 2014 7:21 am

    ზუსტად, ზუსტად ვეთანხმები ამ წიგნის შენს შეფასებას. პირველად როცა წავიკითხე ეს წიგნი და ბრედბერის სხვა მოთხრობები, ძალიან აღვტაცდი, მახსოვს, მაგრამ ახლა არაფერ განსაკუთრებულად აღარ მეჩვენება და ბანალურიც კი მგონია.

  2. doskee super (@doskee) / May 17 2014 2:26 pm

    Designate #Russia as “State Sponsor of Terrorism” in #Ukraine and other counttries #russiaterror #terror

    http://goo.gl/IkaYsR

  3. გელა / Jan 25 2017 1:44 pm

    რუსულ ენაზე წავიკითხე და ძალიან კარგი წიგნია, მთლიანად ვიზიარებ ავტორის აზრს, რომ ტექნიკის განვითარება და წიგნის არ წაკითხვა ადამიანებს დაადებილებს. ამ წიგნს აზრობრივად ორუელის 1984 ვამსგავსებ ცოტათი. ნატა გამიკვირდა განხილვაში ნათქვამი———–„საერთოდ მგონია, რომ გასულ საუკუნეში XXI საუკუნის ეშინოდათ და ელოდნენ რაღაც ცვლილებას, რაც ამ ორი საუკუნის ადამიანს მნიშვნელოვნად განასხვავებდა. ოღონდ ეს ცვლილება იქნებოდა უარყოფითი, რაც მეცნიერებების და შესაბამისად, ტექნიკის განვითარებას უნდა მოჰყოლოდა„.—- და რა არ მოყვა ვითომ??? მთელი მსოფლიო კომპიუტერთან რომ ზის და იმის მაგივრად განვითარდნენ და რამე ისწავლონ, ფეისბუკში აზიარებენ რაღაც სისულელეებს. რამდენი მოძრაობს ქუჩაში ტელეფონით ხელში გათიშული ამ სამყაროიდან, და ეს მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ტექნიკა ისე განვითარდება, რომ მობილური ტელეფონის ჯიბიდან ამოუღებლად, მიიღებ პასუხს ყველაფერზე, მაშინ ადამიანს ფიქრი არ დასჭირდება და იქნება გამოთაყვანებული. სამი კედელი ტელევირორი აქვს და ფულს აგროვებს მეოთხე კედელიც რომ აქციოს ეკრანად და იქიდან კიდევ ათასი სისულელე ისმის, ამას საუკუნით წინ წერდა და არაფერი გეცნობათ? 9 წლის მანძილზე რუსთავი-2 არ იყო ამის ნათელი მაგალითი?! მოკლედ ძალიან კარგი წიგნია და სიღრმისეულად უნდა წაკითხვა.

  4. დავითი / Feb 8 2018 8:22 pm

    თუ არ არის სიუჟეტი ორიგინალური, შეგიძლიათ დამისახელოთ სხვა წიგნი იმავე ან მსგავსი სიუჟეტით? სადაც აქცენტი წიგნებთან მოპყრობაზეა გადატანილი? ისე, ბრედბერის ამ წიგნს ორიგინალურობის გარდა უამრავი ღირსება აქვს.

  5. დავით / Feb 16 2018 2:30 am

    ძალიან დაბალი დონის განხილვაა. იგივე წარმატებით ნებისმიერი დიდი ნაწარმოების დამდაბლება შეგეძლო.

    საერთოდ, ჯობია წიგნი დაწვა, ვიდრე ასე დაამდაბლო ვიწრო თვალსაწიერით დანახულის გადმოცემით (აკრძალული ინტერესს აღძრავს, ასეთი დამდაბლება, პირიქით, ბევრში მოკლავდა ინტერესს, ვისაც “451º ფარენჰაიტით” არ წაუკითხავს).

Leave a reply to Sophie Golden Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.