Skip to content
December 8, 2014 / mkitxveli

ანა პოლიტკოვსკაია – პუტინის რუსეთი

ana

ამ ბილეთით მე ვიმგზავრე, წიგნის კითხვა ვნუკოვოს აეროპორტში დავიწყე. ის ისეთივეა, როგორც მთლიანად მოსკოვი ანას წიგნში.

პუტინი რომ განსხეულებული ბოროტებაა, ანამდეც ვიცოდი.

ჩემთვის ყველაზე ცივ ქალაქში მდგარ წითელ შენობაში მობინადრე შუახნის მამაკაცი, რომელიც დროდადრო წითელ ხალიჩაზე დადის და ხანდახან გვიმტკიცებს, რომ ხალხი უყვარს, უპირველეს ყოვლისა ისაა, ვისაც ჩეჩნეთის ამბავი აწევს კისერზე, ვისაც “ნორდ-ოსტი” და “ბესლანი” აპატიეს, მერე ანას ამბავი შერჩა, 2008-ში საქართველოს ოკუპირება მოუნდა, ბოლოს უკრაინის ანექსია მოეხასიათა. ის ტიპია, ვისაც მსოფლიომ ჯერ ვერაფერი მოუხერა.

ამ წიგნამდე არ ვიცოდი რიგითი რუსების ამბები, როგორ ტრანსფორმირდებიან და ემსახურებიან სისტემას, რომელიც შემდეგ მათ ანადგურებს.

არც იმაზე მქონდა წარმოდგენა, როგორ მდიდრდებიან რუსეთში და მერე მოდიან პოლიტიკაში. პუტინის საბჭოთა სისტემა რაზე დგას, ვერც მაგას ვხვდებოდი მაინცადამაინც.

“ჩვენ დღითიდღე ვყალიბდებით ერად მიზნების გარეშე”

პოლიტკოვსკაია ყვება ისტორიებს, რიგითი რუსების ამბებს, თითო თავი თითო პაზლია დიდი ბოროტების დასანახად, თანდათან საოცრად ითრგუნები. ანაზე უფრო მეტად გწყდება მერე გული, როცა წარმოიდგენ ცხოვრობ ასეთ ქვეყანაში და თან აცნობიერებ, როგორ სძულხარ შენს ქვეყანას.

თავიდან მეგონა, როგორც მხატვრულ პროზაში ხდება, ავტორი მოყვებოდა პირადი გამოცდილების შესახებ, ცოტა შეალამაზებდა ისტორიებს, რაც გადახდა. არაფერი მსგავსი. წიგნში ანა არ ჩანს. მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ამბებია.

აი მაგალითად მზვერავი, რომელიც საუკეთესოა მთელ რუსეთში, მაგრამ არ იცის, მშვიდობიანობის ჟამს როგორ იცხოვროს, არც სახლი აქვს და როცა პრეტენზიას გამოთქვამს, იშორებენ.

კამჩატკელი დიკი, რომელსაც უნიკალური სარაკეტო – ბირთვული იარაღი და საბრძოლო ნაღმების საკმარისი მარაგი გააჩნია, მას ევალება დაცვაც. “სანამ ასეთი ნავი მწყობრშია, რუსეთს სერიოზულად ვერავინ დაემუქრება ყოველ შემთხვევაში წყნარი ოკეანის მხრიდან მაინც. მაგრამ თავად დიკის წყენინება ყველას შეუძლია. და პირველი, ვინც ამას აკეთებს სახელმწიფოა, რომელსაც ემსახურება.” ჰოდა დიკიც მშიერი კვდება.

კიდევ “ნორდ ოსტელები”, ადამიანები გარეუბნებიდან, სადაც მოსკოვისგან განსხვავებული სიტუაციაა. ახალ დროებას მორგებული რუსები, ხელისუფლებაში მოსულები, აქვეა ჯარისკაცებიც და სისასტიკით სავსე ოფიცრებიც.

“პუტინმა გადაწყვიტა თავისი ძალაუფლება ოლიგარქებზე დაეფუძნებინა, მილიარდელებზე, რომლებიც რუსულ გაზსა და ნავთობს ფლობენ. პუტინი ოლიგარქების ნაწილთან მეგობრობს, ნაწილს კი – ეომება. სწორედ ამას უწოდებენ ჩვენთან უმაღლეს სახელმწიფო მმართველობას. რიგით ადამიანებს კი ამ სქემაში ადგილი არ აქვთ.”

ეს წიგნი გვამებითა და სიძულვილით სავსეა.

ვისაც ერთხელ მაინც მოუმზადებია მოკვლევითი ჟურნალისტური მასალა, მიხვდება, რამხელა ძალისხმევა აქვს ანას ჩადებული იმ ინფორმაციის მოგროვებაში, ერთი ისტორია რომ შეეკრა. გიდებს ფაქტებს აბზაც-აბზაც, თავისი სრული კონტექსტებით და რუსეთს გაჩვენებს. მკითხველიც ავტორის ხიბლში ვარდება.

“საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უსიტყვოდ შეუნდო საკუთარ მთავრობას ჩეჩნეთში მომხდარი და ირონიულად უგულებელყოფდა იმ აზრს, რომ ეს ყოველივე შეიძლება ბუმერანგივით უკან დაგვბრუნებოდა, რომ ხელისუფლება, რომელიც მიეჩვია მსგავს ქმედებებს ერთ რეგიონში, აღარ მოისურვებდა გაჩერებას და იმ ხალხის ნებისყოფასაც გამოსცდიდა, რომლებიც სულაც არ ცხოვრობდნენ ჩეჩნეთში”.

არც გაჩერებულა, შემდეგი თავად ანა აღმოჩნდა, რომელიც ლიფტში მოკლეს. ისევე მიშორეს როგორც მისი წიგნის გმირები (ვეღარც დავითვალე, იმდენია). პუტინს ესეც შერჩა. მას ისევე აპატიეს აგვისტოს ომი, როგორც  სისხლით სავსე სხვა ქმედებები, ასევე შეუნდობენ ყირიმის ანექსიასაც. პუტინის რუსეთში ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას სურს.

Politkovska527

ანა პოლიტკოვსკაია

“რატომ არ მიყვარს პუტინი? ცინიზმის, დაუსრულებელი ომის, სიცრუის, “ნორდ-ოსტში” გაშვებული გაზისა და უდანაშაულო ადამიანების გვამების გამო, რაც მუდამ თან ახლდა პუტინის პრეზიდენტობის პირველ ვადას. გვამების, რომელიც შეიძლებოდა, არც ყოფილიყო”

ჩემთვის ანა მართლა გმირია, ისევე როგორც ოსნე საიეშტადი – უშიშარი ქალები, რომლებიც გარწმუნებენ, რომ აზროვნება შეუპოვრობას გაძლევს, ცხოვრება კიდევ ისედაც არ არის ხანგრძლივი, მერე რა, თუ ცოტა ადრე დაამთავრებ, მთავარია, მოასწრო ყველაზე მნიშვნელოვნის გაკეთება.

3 Comments

Leave a Comment
  1. ეველინი / Dec 9 2014 3:16 pm

    ძალიან საინტერესოა. მხიბლავს მსგავსი წიგნები. არა, კი არ მხიბლავს, მიყვარს. აუცილებლად წავიკითხავ🙂

  2. Sophie SUNNY Golden / Dec 11 2014 11:59 am

    მართალია.

    მაგრამ – რუსეთისნაირ გიგანტ სახელმწიფოს და ისეთი ფსიქოლოგია-კულტურის ხალხს, როგორებიც რუსები არიან, სხვანაირი ლიდერი არ შეიძლება ჰყავდეს. სტალინი და პუტინი ზუსტად ის იდეალური ტიპები არიან, რომლებიც რუსეთს უხდებიან, თავისუფლად შემიძლია ვთქვა.

    ყველა ერს ხომ აქვს თავისი ხასიათი, არა? აი, რუსები არიან ნახევრადველურები, თავხედები (მით უმეტეს ახლადგამდიდრებული უცოდინარი ბრბო) და ერთი ჭიქა არყის გამო მთელ მსოფლიოს გადაუვლიან.
    სტალინმა როგორ მოუგო, იცი, ორგანიზებულ და ძლიერ გერმანიას? თავისი მასობრიობითა და ზუსტად ამ აზროვნებით, რომ მთელი ლეგიონები მიდიოდა გერმანული ტანკების წინააღმდეგ, შიშველი ხელებით და ფეხებით.

    რაც ერი, ის ბერიო, ამაზე დიდი სიბრძნე არ არსებობს, სამწუხაროდ და ხანაც საბედნიეროდ :დ

  3. გელა / Dec 14 2014 3:48 pm

    ნატა ყოჩაღ ასეთ წიგნებსაც რომ პოულობ და განიხილავ. ეხლა მაგ წიგნის წაუკითავადაც ვიცით რაც არის რუსეთის ხელისუფლება, ყოველთვის ეგეთი იყო და ეგეთი დარჩება, სანამ სრულიად არ დაიშლება. ეხლა მე უფრო ფართო ჭრილში მინდა განვიხილო ეგ საკითხი. პირველი— ქვეყნები ვისაც მსოფლიოს მმართველობაზე პრეტენზია გააჩნია, ვერ იქნებიან დემოკრატიულები, შეიძლება სიტყვით იყონ, მაგრამ ქმედებებით გამორიცხულია. რუსეთი, ამერიკა, ჩინეთი, თურქეთი და სხვანი , არცერთი თავის ინტერესებს არ დათმობს და ყველანი, სხვადასხვა ფორმით დიქტატორები არიან. ( ეხლა თუ ვინმეს ამერიკა ანგელოზი ჰგონია, ისტორიას კარგად გადახედოს) აბსოლიტურად ყველა სახელმწიფოს ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა მინიმალურზე გადაატაროს (აბა თვითონ აგარაკები და იახტები ხომ უნდათ). თუნდაც ჩვენი მაგალითი ავიღოთ, რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა, მაგრამ თურქეთმა დაგვაკლო?, დღესაც გასარკვევი გვაქვს საზღვარი აზერბაიჯანთან, (მოიწევს ნელ-ნელა), სომხეთის პოლიტიკაზე აღარაფერს ვიტყვი, დღესაც ოცნებად აქვთ მესხეთ-ჯავახეთის ახევა( ჟარგონულად თუ ვიტყვი). ყველა ცდილობს თავისი ქვეყნის ინტერესიდან იმოქმედოს, მართალია თუ არა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა მეორე თემაა ჩეჩნეთის დაბომბვა და საქართველოს ტერიტორიების წართმევა. რამდენი ქვეყანა გეგულება ნატა, რომლებიც ამ წუთში თავისი ქვეყნის ნაწილის დამოუკიდებლობას რომ მიესალმება?! -არც ერთი!!! ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი ჩეჩნეთის ამბები. მე გეთანხმები რომ არაადამიანურ საქციელებს ჩადიოდნენ, თუმცა ომში მოსულა( თანაც არც ჩეჩნები გამოირჩეოდნენ ლმობიერებით.) აი საქართველოსაც მივადექი—ჩემი აზრით რუსეთი რაღაც განსაკუთრებულ ზიზღს არ განიცდის საქართველოს მიმართ ( პირიქით ყველა ქვეყანა რომლებიც მის ინტერესებს არ გაატარებენ ყველა ეზიზღება) რუსეთი არის ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, თავისი პოზიციების დასუსტებას და მოწინააღმდეგის გაძლიერებას. თუკი საქართველოში ნატოს ბაზები განლაგდება, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება რუსეთის მარცხად და ამერიკის გამარჯვებად, ამიტომ რუსეთი ესე მოგვექცევა ყოველთვის. და მესამე— ქვეყნები , რომლებიც ცუდსა და უარესს შორის არჩევანს აკეთებენ (სხვა გზა არ აქვთ და იმიტომ) და ამერიკაზე და ევროპაზე აკეთებენ აქცენტს, ყველანაერად გვერდში უდგანან, უსიტყვოდ ემორჩილებიან მხოლოდ იმიტომ , რომ ისინი რუსეთის აგრესიისაგან დაცულები იყვნენ, რას აკეთებენ ასეთი ქვეყნებისათვის ამერიკელები ანდა ევროპელები? არაფერსაც არ აკეთებენ, შეატოვებენ რუსეთს ხახაში, ეს ქვეყნები დაინგრევა და დაიშლება, სამაგიეროდ ამერიკა სანქციებს დაუწესებს რუსეთს და თავისი პოლიტიკისათვის მცირე გამარჯვებას მიაღწევს. ის რაც უკრაინაში ხდება მსოფლიო დონის სირცხვილია და პატარა ქვეყნებისათვის გაკვეთილი. (ყველა დიდი დიქტატორი მსოფლიოში კაკებეს და ცერეუს გამოზრდილია) ეხლა რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა, რათქმაუნდა რუსეთი დიქტატორია, ისევე როგორც სვა დიდი ქვეყნები. ნატა შენ გიწერია ნახევრად ველურები არიანო (ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, თუნდათ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მწერლები რუსეთში იყვნენ) და მეორეც ჭკვიან მტერს შტერი სჯობია, მე მგონი. p.s. არ გეგონოთ რუსეთის მომხრე ვიყო, მე ყველა მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე ქვეყანა მძულს, მათ შორის პირველი რუსეთი და ნეტა მოხდეს ისე რომ ყველამ თავი დაგვანებოს და ჩვენ თვითონ მივხედოთ საქართველოს>

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: