Skip to content
January 11, 2015 / mkitxveli

გელა ჩარკვიანი – ნაგერალა

product_image_1936ალბათობა იმისა, რომ პირველი პირის შვილად დაიბადო, ძალიან მცირეა. კიდევ უფრო ნაკლებია შესაძლებლობა, სისტემის შეცვლის შემდეგ, ამ პირველი პირის შვილი სხვა პრეზიდენტის მრჩეველი გახდეს, მოგვიანებით კი,  უკვე მომდევნო პრეზიდენტის მმართველობისას ქვეყნის ელჩის პოზიცია დაიკავოს. მიუხედავად ამგვარი კარიერისა, შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი თაობა, როგორც მუსიკოსის მამას, ისე გიცნობდეს, თითქმის ერთეულამდე ჩამოდის.

ამ ერთეულებს შორისაა გელა ჩარკვიანი.

ყველა ტიტული მოვიცილე. დამრჩა ერთი – გელა ჩარკვიანი.

“ნაგერალა” მისი ჩანაწერებია. არც მხატვრულია, არც ბიოგრაფიული, არც პუბლიცისტური და არც მინიატურებია, მე თუ მკითხავთ. 422 ჩანაწერია პირდაპირი მნიშვნელობით. მაქსიმებიც შეგიძლიათ უწოდოთ. ერთმანეთს ლოგიკურად არ ებმის და სხვდასხვა მოვლენებს ეხება.თითოეულ მათგანში სპონტანურობა ჩანს. გარკვეული მოვლენებით გამოწვეული რეაქციებია, რაც მთავარია, გულწრფელი.

მკითხველს ყოველთვის ახალისებს სხვის ცხოვრებაში შეჭვრეტა, ისეთი ამბების გაგება, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. ამ წიგნის კითხვისას ამგვარ ჟინს კაცი თან იკმაყოფილებს და თან არა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მიმდინარე მოვლენებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერს ეხება, დიპლომატია ყველგან ჩანს. მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით რომ არ უნდა აღიქვა სამყარო, ამას არაერთხელ გიმეორებს.

ძალაუფლება დროებითია, ისტორია კი – მარადიული. უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებისათვის ისტორიაზე მუშაობა უფრო მართებული იქნებოდა. მათ კი უმეტესად ძალაუფლების მათრობელი პერსპექტივა იზიდავთ. ამ სურვილით ანთებულებს, ისტორიისთვის აღარ სცალიათ.

პოეტური ბუნების კაცი ვარო და რითმების სიყვარული მის ტექსტსაც ეტყობა, სხარტი ლექსიკა აქვს. აზრის ასე ლაკონურად და ზუსტად გადმოცემას უნარი უნდა, კიდევ უფრო იშვიათად ხდება, როცა ადამიანი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ამჩნევს, ამდენნაირად აღიქვამს და ფიქრობს მასზე.

დიდი მომავლის კაცი მოწყვლადია. შეიძლება წაართვან. დიდი წარსულის მქონე კაცს, საუკეთესო შემთხვევაში, ფეხებს მოსჭამენ.

ამაზე სწრაფად წასაკითხი წიგნი ახლა არც მახსენდება. თვითონაც წერს მინიატურებს იმიტომ ვწერ, რომ სათქმელი მოკლედ უნდა თქვა. დიდხანს არ უნდა გაატრაკოო.

მიუხედავად კვიმატი ენისა, რითმებისა, იუმორისა, რაღაცნაირი სევდა გასდევს წიგნს. ასე მგონია, სიკვდილს ელოდება ახლა. ან უბრალოდ თავისუფალია, როგორც ასაკოვანი კაცი, თავისავე გაგებით.

ასაკოვანი კაცის უპირატესობა ისაა, რომ მას სიცოცხლეს ვეღარავინ წაართმევს. მისი განვლილი გზა file-ში დევს. იგი თავისუფალია. აღარ ეშინია.

სამოქალაქო საზოგადოების, მიმდინარე ამბების, ქვეყნის საგარეო კურსის, შიდა პოლიტიკის, საბჭოთა კავშირის, ფილოსოფიის, მუსიკის, რითმების პარალელურად პირადი ამბები აქვეა. ერთი შეხედვით ყველაფერში წარმატებულ კაცს თავისი ტრაგედიები აქვს – ირაკლი და ნანა. შვილი და ცოლი.

როგორც ბავშვობაში შენი დაბადების დღიდან მიჰყავთ მშობლებს შენი მეგობრები, ასევე რიგრიგობით მიჰყავს ისინი დღეს ჩვენს საერთო მშობელს. მაშინდელივით განიცდი, გინდა, გაგრძელდეს ზეიმი. აღარავინ გრჩება, რომ ეთამაშო.

ამ ორ ადამიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანა უფრო შორს წავიდა – მან სიკვდილი მომანდომა.

ბოლო პერიოდში ირაკლი იმაზე პოპულარული გახდა, ვიდრე მაშინ, როცა ცოცხალი იყო. შეხვედრებსა თუ გადაცემებშიც გელა ჩარკვიანს ირაკლის მამის სტატუსით იწვევენ. ბავშვის აღზრდაზე ამ წიგნში ერთ ეპიზოდში საგულისხმო რამეს ამბობს, ინგლისში ბავშვის ფანტაზიის განვითარებისკენ არიან ორიენტირებულნი, ყურადღებას არ ამახვილებენ გრამატიკული წესების დარღვევაზე. მოსკოვის სკოლაში (ჩემი აზრით, ჩვენთანაც), სასვენი ნიშნების გამო ნიშანს აკლებდნენ, ამიტომ ბავშვებს ეშინოდათ შეცდომების და “შპარგალკას” იშველიებდნენ. “რას მოიგონებს ასე გაზრდილი ადამიანი. კალაშნიკოვის ავტომატს?”

ყველაფერი, რასაც ირაკლი ქმნიდა, შეუცდომლად ქართული იყო, თბილისურ ფესვებზე აღმოცენებული და იმავდროულად სრულიად თავსებადი დღევანდელ მსოფლიო ცივლიზაციასთან. მისი პროდუქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად რჩეულიცაა და ხალხურ-დემოკრატიულიც. აშუღი იყო… ვერელი აშუღი.

ჰოდა ბოლოს:

მე თერგდალეულიც ვარ და ატლანტიკა – ნაყლაპიც. ამიტომ დამეჯერება.

ის 422 ჩანაწერიც დაეჯერება. კარგი, 400 მაინც.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: