Skip to content
March 28, 2015 / mkitxveli

ჯემალ ქარჩხაძე – ქარავანი

ქარავანიცხოვრებაში პირველად წიგნი დავკარგე. კითხვა დავამთავრე, თვითმფრინავის სკამზე დავდე და წამოვედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თან მქონდა. დღემდე ვერ ვხვდები, 600 გვერდიანი წიგნი როგორ დამრჩა, მაგრამ ფაქტია, წიგნი აღარ მაქვს და ეს პოსტიც ერთი კვირის წინანდელი ემოციების აღწერაა.

მთელი ნაწარმოები ერთი აბელის ამბავია. ოღონდ ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს ეს ბიჭი მიდის, შენ მიყვები, მაგრამ სანამ ფინალამდე მივა, ბევრგან უხვევს, იგრძელებს, იხლართავს გზას ისტორიებით, შენც სულმოუთქმელად მიყვები, სიარულში თანდათან იცვლება, გადასხვაფერდება, იზრდება, სხვა პერსონაჟები ნელ-ნელა ჩნდებიან, მიყვებიან, ბოლოს როცა მათი რაოდენობა პიკს აღწევს, მალევე ყველა ერთად ქრება და აბელი ისევ განაგრძობს გზას. ბოლოს შენც გირთულდება მიყოლა. ისეთი ტემპით მიდის, გიჭირს ყველაფერი აღიქვა, გაიაზრო. ზოგჯერ იცი, რომ მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, გადაკვრით გეუბნება, მაგრამ კარგად ვერ ხვდები, არ გინდა ჩამორჩე და მისდევ, რომ შემდეგი ამბავი სრულად არ გამოტოვო

ჩვენ ხშირად სისულელე და ოპტიმიზმი ერთმანეთში გვერევა და ბოლო საფეხურიდან პირდაპირ კიბის თავში გვინდა მოვექცეთ. შუაში კი ათასი საფეხურია. დღეს შეიძლება რომელიმე საფეხურს გადავახტეთ კიდეც და გაგვიხარდეს, მაგრამ ხვალ უკან დაბრუნება მოგვიხდება.

ყველა ამბავი აბელისთვის თითო შტრიხია და თუ მაინცდამაინც საჭიროა ერთი წინადადებით მარტივად განსაზღვრა, მაშინ ეს წიგნი სწორედ საკუთარი თავის პოვნაზე, ინდივიდად ჩამოყალიბების ამბავია.

ფიზიკის ფაკულტეტიდან სამსახიობოზე გადადის და მერე რაიონის თეატრში იწყებს მუშაობას. მანამდე სკოლაში მირიანის ისტორიაა, ამბავი, რომელიც წიგნის ბოლომდე გახსოვს. ფიზიკასა და მსახიობობას შორის გახიდული, ცხოვრების სხვნაირად დანახვას იწყებს.

ისეთი შეგრძნება გაქვს, არც ერთი ეპიზოდური გმირიც კი არ შემოდის შემთხვევით, ყველას თავისი ფუნქცია აქვს, თითოეული მათგანი თავის ფუნჯს უსვამს აბელს, მის პიროვნებას.;

ჩემი თეორიის მიხედვით, ადამიანს არავითარი დანიშნულება არა აქვს. უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს. ეს სურვილი კი სასაცილოა, რადგან ხვალ მე და თქვენ სცენაზე გავალთ და სეირის საყურებლად მოგროვილი ბრბოს წინაშე სერიოზული სახით მოვყვებით კუნტრუშს.

გედეონი და სამსონი გამოხატული გონება და სულია. მიუხედვად იმისა, რომ მუდმივად კამათობენ, ერთმანეთის გარეშე ვერ ახერხებენ არსებობას. და მერე როცა რაღაცეები ირევა, როცა ადამიანები აბელის ცხოვრებიდან გადიან, ვეღარავინ ანაცვლებს მათ. გარკვეული ასაკის მერე ერთი ადამიანის მეორეთი ჩანაცვლება ძნელდება. ყველას თავისი ფუნქცია აქვს და ერთგვარ წესრიგს ქმნის შენს ცხოვრებაში, ამიტომაც რომელიმეს გამოკლება, ცვლის გარემოს და გცვლის შენც.

რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გემო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა, თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსსა და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ

ნელნელა აბელი აზროვნების სხვა ეტაპზე გადადის და გარშემომყოფებთან კონტაქტი სულ უფრო უჭირს. ასეთ დროს ჰგონია, რომ სადღაც სხვაგან არის და თავს მათ ნაწილად ვერ გრძნობს, უყურებს შორიდან და საერთოს ვეღარ პოულობს, ამიტომაც აღარ აინტერესებს ეპიზოდურ როლებზე დაქვეითება, აღარც სალონიდან გამოგდებას განიცდის.

და მერე ერთ დღეს, როცა ვანო როსტიაშვილი დათვრება და ოთხზე დადგება, მასსა და გედევანს შორის, იმართება საუბარი, რომელიც ყველაზე მეტად ჩამრჩა.

ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ. წაკითხვით არ ვკითხულობთ. წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისათვის წამებულად მოგვაჩვენონ. ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო საფლავში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენს ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გამოდის.

იქნებ ჯერ ჩვენთვის გაგვერკვია. რას ვუპირებთ ამ საწყალ ვანო როსტიაშვილს, რა გვინდა? ის, რომ ვანო როსტიაშვილი ოთხზე არ დადგეს, თუ ის, რომ არავინ დაინახოს, ვანო როსტიაშვილი რომ ოთხზე დადგება? თუ ჩვენ ის ხალხი არა ვართ, ვინც თავის ნაკლს უფრო თავგამოდებით იცავს, ვიდრე თავის ღირსებას?

როცა აბელი ისევ მიდის თბილისში, ყველაფერი შეცვლილი ხვდება, ლადო მენაბდეს სხვა ფერის ფუნჯებით მოუხატავს თავისი პიროვნება და სრულიად უცხო რჩება. ყველა ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო, ალბათ, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, აღარაფერი იქნება, ისე როგორც ადრე. მერე ადგეს, უფრო თვითდაჯერებული გამობრუნდეს და ისევ წავიდეს, უფრო მიზანმიმართულად.

9 Comments

Leave a Comment
  1. dreamar / Mar 29 2015 10:43 am

    რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან მომეწონა🙂

  2. Sophie SUNNY Golden / Mar 30 2015 8:44 pm

    ქარჩხაძეც პოპულარული ლაზღანდარაა :დ

    • mkitxveli / Apr 3 2015 7:16 pm

      ვგიჟდები ეგეთ კომენტარებს რომ აკეთებ ხოლმე🙂 აი მოგისვამდი ახლა გვერდით და დაგელაპარაკებოდი😛

  3. Aleksandre / Apr 5 2015 5:18 pm

    ზუსტად ეგრე დამემართა, დავამთავრე კითხვა და სკამზე დავდე, კურტკას ჩავიცმევ მეთქი და აღარც მიმიხედავს, აეროპორტიდან რომ გამოვედი მერე გამახსენდა, გული დამწყდა, მაგრამ თან გამეხარდა, ვიღაც იპოვის და წაიკითხავს მეთქი, ლაშა ბუღაძის – ლიტერატურული ექსპრესი იყო …

    • mkitxveli / Apr 28 2015 8:49 pm

      დამიბრუნეს, 1 თვის შემდეგ მოაღწია ჩემამდე🙂

    • Sophie Sunny Golden / May 27 2015 10:04 pm

      ბედნიერი, ვინც ბუღაძის წიგნს იპოვის და განათლდება :ლოლ:

      ჰაჰა bitch-ობის ხასიათზე ვარ ახლა, თორემ ისე კეთილი ვარ უმეტესწილად.

  4. ent / Jul 7 2015 9:54 am

    დიდი რამეა ქარავანი, იმდენაი სათქმელი რა ვთქვა არ ვიცი მარა ციტატა რომ დადე ყორღანაშვილებისა და თევდორეების გვერდიგვერდ დასაფლავებაზე – მაშინვე ის გამახსენდა ჯემალი და ჯაბა იოსელიანი ერთათ რომ განისვენებენ დიდუბის პანთეონში🙂

    • mkitxveli / Jul 10 2015 2:23 pm

      ჯემალი ვინ არის?

  5. სოფო / Aug 13 2016 5:28 pm

    ქარჩხაძე გენიალურია❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: