Skip to content
April 15, 2017 / mkitxveli

გაბრიელ გარსია მარკესი – სიყვარული ჟამიანობის დროს

მთავარი გმირი ვინც მეგონა, მისი სიკვდილით იწყება წიგნი. მეორე, ვისზეც მივიტანე ეჭვი, ალბათ, ამის ისტორიაა მოყოლილი-მეთქი, მალევე მოკვდა. ექიმი იყო, პატივცემული. თუთიყუშის ჩამოსახსნელად ხეზე აძვრა, ჩამოვარდა და მოკვდა. მოხუცი ერქმოდა უკვე. მისი გასვენების პროცედურებში გარდაცვლილის ცოლს, ფერმინა დასას ასაკიანი კაცი, ფლორენტინო არისა ეხმარება. სწორედ ამ ორი ადამიანის ცხოვრებაა მთელი წიგნი.

51 წელი ელოდებოდა ფლორენტინო არისა ფერმინა დასას. იცოდა, რომ არ უნდა დაბერებულიყო მასზე ადრე, ავად არ უნდა გამხდარიყო და იმქვეყნად მის ქმარზე ადრე არ უნდა წასულიყო.

დიდხანს ვფიქრობდი რა მომწონდა ამ წიგნში. არადა, მართლა მომწონდა რაღაც, რასაც შეეძლო წიგნზე მივეჯაჭვებინე. ძალიან, ძალიან გადაღლილს ღამის 3 საათზე ძილის წინ მაინც მისი კითხვა დამეწყო და დამნანებოდა, კიდევ დიდხანს რომ არ შემეძლო კითხვის გაგრძელება. არადა, შინაარსი სულაც არ არის მაინცადამაინც ჩამთრევი, სწრაფად არ ვითარდება მოვლენები, არც სიუჟეტია ძალიან დამაინტრიგებელი, შეიძლება ემოციურადაც ახლოს არ იდგეს ეს თემა 28 წლის ადამიანისთვის, მაგრამ მაინც სულ იქ ხარ. აი, კითხულობ და ბედნიერი ხარ. ეს გრძნობა სულ უფრო იშვიათად მაქვს. ამ დროს ვგრძნობ ხოლმე რას ნიშნავს დიდი მწერლობა – ლექსიკის ფლობას პირველ რიგში, საკუთარ სტილს, უნარს სხვადასხვა პერიოდებში ისე გადაგიყვანოს და დაგაბრუნოს, სრულიად ბუნებრივი გეგონოს ეს ამბავი. მერე ერთის პრესპექტივიდან დაიწყოს ამბის თხრობა, ცოტა ხანში კი აღმოაჩინო, რომ მეორეს მხრიდან უყურებ მოვლენებს.

სიკვდილი მხოლოდ იმიტომ მიძნელდება, რომ სიყვარულის გამო არ ვკვდები

ასე გაივლი ფლორენტინოსა და ფერმინას ცხოვრებას. სევდიანი ამბავია, რამდენი რამ გამოტოვეს. რეალურად ორივე მარტო იყო. ფერმინას საერთოდ არ ესმოდა მისი ქმრის. ისეთი მარტო იყო, სიგარეტსაც კი მალულად ეწეოდა. ეს პასაჟი, რომელიც არაერთხელ მეორდება, მისი მთელი ცხოვრების სევდას აჩვენებს – თავისთვის მხოლოდ მაგ დროს იყო, თავის საიდუმლოსთან.

სიბრძნე მაშინ მოდის, როცა უკვე აღარ შეგიძლია რაიმე კარგის გაკეთება

არის ხოლმე შემთხვევები, როცა ერთი გადაწყვეტილება ცვლის ცხოვრების მიმართულებას. ზოგჯერ ისეც ხდება, იმ საწყის წერტილს უბრუნდებიან ადამიანები იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც აირჩევენ სწორ ადამიანს ცხოვრებისთვის, გამოასწორებენ დაშვებულ შეცდომას, მაგრამ გარემოებები შეცვლილი ხვდება და აღარაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.

“Tell him yes. Even if you are dying of fear, even if you are sorry later, because whatever you do, you will be sorry all the rest of your life if you say no.”

პ.ს. ცუდი ჩვევა მაქვს, მთარგმნელების სახელებს იშვიათად ვკითხულობ ხოლმე კითხვის დაწყებამდე. სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, არ ვიცი, რამ გამახსენა თეა გვასალია და მისი “ამბობენ”. ნეტავ, ახლა რას საქმიანობს-მეთქი დამაინტერესა და “ფეისბუქზე” მოვძებნე. ასე აღმოვაჩინე, რომ წიგნი, რომელზეც წერის დაწყებას ვაპირებდი, მისი თარგმნილია.

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: