Skip to content
May 13, 2017 / mkitxveli

პიტერ პომერანცევი – არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია

პომერანცევის კითხვა უკვე დაწყებული მქონდა, როდესაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ადამიანთა ნაწილს ჰგონია, რომ რუსეთში დემოკრატიაა. მერე ვფიქრობდი, რა ვიცით საერთოდ რუსეთის შესახებ საქართველოში. ჩვენი მედია ხომ არაფერს გვიყვება გარდა იმისა, პუტინმა ან ლავროვმა რამე თუ არ თქვეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ანდა ამერიკა- ევროკავშირმა სანქციები თუ არ დაუწესა რუსეთს. ამიტომაც არასწორი წარმოდგენა აქვს ხალხს და მერე გვიკვირს რატომ მიუწევთ ვიღაცებს გული ისევ მაგ ქვეყნისკენ.

პომერანცევი სხვაგვარ რუსეთს აჩვენებს ისეთს, სადაც “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია”, სადაც იღვიძებ “და ღმერთო ჩემო: შენ ბრალდებული ხარ”, სადაც სექტები არსებობს, მოდელები თავს იკლავენ, FSB მუშაობს, გოგოები რუსეთში მდიდარი კაცების (ფორბსების) შესაბმელად ჩადიან, სადაც ტელევიზია “პოზიტიური ამბებს” აშუქებს და მაყურებელს უქმნის წარმოდგენას, რომ  რაღაც კარგი ხდება.

“ტელევიზიების საშუალებით წყვეტდა კრემლი, რომელ “პოლიტიკოსებს მისცემდა ნებას”, ვითომცდა ოპოზიცია ყოფილიყვნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ისტორია… ახალი კრემლი საბჭოთა კავშირის მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებდა: ის არასოდეს მისცემდა ტელევიზიას უფლებას მოსაწყენი გამხდარიყო”.

თავად პიტერ პომერანცევიც რუსულ არხ TNT-ზე პროდიუსერად მუშობდა. ის ლონდონში ემიგრირებულ ოჯახში გაიზარდა. მთელი წიგნიც მისი გმირების შესახებაა და სწორედ ასე აჩვენებს თანამედროვე რუსეთს და პროპაგანდის მთელ მანქანას. თვითონ ამბობს, რომ ჩაფლავდა, პოზიტიური ამბები ამ გმირებზე არ გამოუვიდა. ან რანაირად უნდა გამოსვლოდა. მერე ადგა და წამოვიდა იმ ქვეყნიდან.

იანა იაკოვლევა

იანა იაკოვლევა – საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა საწმენდი სითხეები. ერთ დღესაც იმ ნივთიერების ქონისთვის დააპატიმრეს, რითიც წლების განმავლობაში ვაჭრობდა. ასე უცებ აკრძალული აღმოჩნდა მისი რეალიზაცია და “მოულოდნელად აღმოუჩინეს”. მერე როგორც პომერანცევი ამბობს, გავლენებისთვის მებრძოლ ამბიციურ ხალხს “ერთმანეთი დააჭმევინეს”, რის გამოც იანამ ციხიდან გამოსვლა მოახერხა. დააფუძნა ორგანიზაცია “ბიზნეს სოლიდარობა” და მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილების დახმარებას ცდილობს.

რუსლანა კორშუნოვა

რუსლანა კორშუნოვა – წარმატებული რუსი მოდელი, რომელიც საკუთარი 21 წლის დაბადების დღის აღნიშნვამდე 2 დღით ადრე, ნიუ იორკში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ის ვოთერ სტრიტზე მდებარე საცხოვრებელი შენობიდან გადმოხტა. ახლობლებს მისი თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. პომერანცევმა გაარკვია, რომ რუსლანა “პიროვნული განვითარების” ტრენინგებზე დადიოდა გაერთიანება “სამყაროს ვარდში”. წიგნის მიხედვით სწორედ ამ ერთგვარი სექტის წევრობამ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე. პომერანცევი ირწმუნება, რომ ასეთი არაერთი სექტა არსებობს რუსეთში.

სერგეი მაგნიცკი

სერგეი მაგნიცკი – იურისტი, რომელმაც მაქინაციების და ფულის მითვისების სქემა გამოავლინა. მან ინტერვიუ მისცა “ბლუმბერგ ბიზნეს უიკს”. 12 დღის შემდეგ კი დააპატიმრეს, “აწამეს და საბოლოოდ რუსეთის ციხეში გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ”.

ეს რა თქმა უნდა, სრული სია არ არის იმ გმირებისა, ვისაც პომერანცევი იყენებს რუსეთის წარმოსაჩენად. “ღამის მგლებსაც” (მორწმუნე ბაიკერები) შეხვდებით და ბერეზოვსკი – აბრამოვიჩის ამბავსაც. “ოფშორი” განსაკუთრებული თავია ამ წიგნში. რუსული ფული როგორ ტრიალებს ყველაზე კარგად ჩანს, იმასაც ნახავთ რატომ არ აწუხებს ლონდონს ახალი მდიდარი რუსების შემოსვლა ქალაქში. ის ამბავიც აქ არის, ევროპის მაძაგებელი პოლიტიკოსები საკუთარ შვილებს დასავლეთში რომ აგზავნიან სასწავლებლად თუ საცხოვრებლად.

თვალი გადაალეთ ამ ახალი რელიგიური პატრიოტების კარიერას და აღმოაჩენთ, რომ ცოტა ხნის წინათ თავგადაკლული დემოკრატები და ლიბერალები იყვნენ, პროდასავლურები, მოდერნიაციასა და ინოვაციას ქადაგებდნენ, რუსეთის ევროპულ კურსს უჭერდნენ მხარს, უფრო ადრე კი სანიმუშო კომუნისტები გახლდნენ.

თითქოს უბრალო ამბავს ჰყვება, მოსკოვში შენობების განლაგებასა და მშენებლობაზე, საგზაო მოძრაობაზე. სადღაც თბილისის ანალოგიაც შეიძლება გაგიჩნდეს, მთავარი კი ისაა, რომ სწორედ ასეთი მარტივი პასაჟებით გაჩვენებს აბსურდულობას, დიდ გავლენებს, ორი სამყაროს სიმბიოზს, სადაც ერთად თანაცხოვრობს სხვადასხვა იდენტობა, სადაც ადამიანებს რამდენიმე “მე” აქვს და ყველა თავისთვის მუშაობს, სხვა არაფერზე უნდა იდარდოს და როცა საჭიროა “შენ შენ არ ხარ”.

ყოველი ახალი რეჟიმი რადიკალურად ცვლის წარსულს, ხელახლა აშენებს მას… ლენინი და ტროცკი ადამიანთა გონებიდან მეფის ხსოვნის წაშლას ცდილობდნენ, სტალინი – ტროცკი ხსოვნის წაშლას, ხრუშჩოვი – სტალინისას, ბრეჟნევი – ხრუშჩოვისას, პერესტროიკა მთელ კომუნისტურ წარსულს მიწასთან ასწორებდა… და ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ გმირები თურმე სინამდვილეში არამზადები ყოფილან, ვითომდა მხსნელები კი – სატანები. ქუჩების სახელებს ცვლიან, სახეებს ფოტოებიდან შლიან, ენციკლოპედიებს ხელახლა გამოსცემენ  და ასე ყოველი რეჟიმი ანადგურებს და ხელახლა აშენებს წინა ქალაქს

პომერანცევი ირწმუნება, რომ ამგვარ ხატებს უპირველესად ტელევიზია ქმნის და არარეალურ სამყაროში აცხოვრებს ხალხს. პროპაგანდა მუშაობს და ვლადიმერ სურკოვიც კარგად გრძნობს თავს. წიგნში თითქოს არ ახსენებს ვლადიმერ პუტინს, მაგრამ ყველგან გრძნობ. ხვდები რომ მისი ხელი ყველგანაა.

ყოველ არხზე პრეზიდენტი – სატელევიზიო პროექტებისთვის შექმნილი, ყველა რუსის არქეტიპზე მორგებული, თითქოს მთელ რუსეთად ქცეული, მის პიროვებაში სწრაფად რომ ენაცვლება ერთმანეთს განგსტერი, სახელმწიფო მოღვაწე, ბაიკერი, მორწმუნე, იმპერატორი

და მაინც, პომერანცევმაც 9 წელი იცხოვრა ამ ქვეყანაში. კარიერის შავ ხვრელს კი უწოდებს, მაგრამ მთელი წიგნის განმავლობაში მაინც ვერ მივხდი ამდენხანს როგორ გაჩერდა იქ.

ამ ტექსტს თუ წაიკითხავთ, დაამატეთ ანა პოლიტკოვსკაიას “პუტინის რუსეთი”, მერე არ გამოგრჩეთ ოსნე საიეშტადის “გროზნოს ანგელოზი” და მიიღებთ რუსეთს, რომელიც ჩვენთან არ ჩანს.

Advertisements

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: