Skip to content
January 17, 2019 / მკითხველი

ბექა ადამაშვილი – ამ რომანში ყველა კვდება

სათაურს თუ შეხედავ, დიდი ვერაფერი პერსპექტივაა. ანდა პირიქით, ინტრიგაა. მაშინვე ხვდები, რომ ავტორი გეთამაშება. ყდაზე არსებული რგოლების გადაფხეკით კი არამხოლოდ ეს ტექსტი, არამედ სხვა წიგნიც შეიძლება დაგისპოილერდეს. თუ ყველა უკვე წაკითხული გაქვს, თვითშეფასება აგიმაღლდება და ისე დაიწყებ კითხვას.

თუმცა, ასე საკუთარ თავში დარწმუნება და კარგ მკითხველად თავის აღქმა დიდხანს არ გრძელდება. ორი პროლოგის წაკითხვაც კი საკმარისია მიხვდე, რომ ამ ღლიცინ-ღლიცინში დიდად დახლართული ამბავი გელის წინ.

რაც “ბესტსელერში” გატესტა, ამ წიგნში ორმაგად გაართულა ავტორმა. ყველა თავი ახალი გამოწვევაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აღარ სჯერა, რომ რამე ტექსტი გააოცებს ანდა სირთულის გამო აღქმა გაუჭირდება. რამდენჯერაც სიუჟეტს მიჰყვები და წიგნში შედიხარ, იმდენჯერ ავტორი იმავე ტექსტში ჩნდება და უკან გაგდებს, კითხვის ტემპს გინელებს. შენც მეტი სურვილი გიჩინდება, რომ არ “დაგამარცხოს”, შენც არ დაგცინოს და წინ მიდიხარ.

ტექსტს ბევრი შრე და პერსონაჟი ჰყავს. თუმცა, მთავარი მაინც სამი გმირია – ფსევდოფემინისტი ლეა, ისტორიაში განსაკუთრებულად შესვლის მსურველი პროფესორი არნო და ვითომკრეატიული მათე. წიგნი კიდევ ფსევდოღირებულებებზეა. ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში. ავტორი დასცინის ყველაფერს, თავის თავსაც, ინტერტექსტუალობასაც, სხვა ლიტერატურულ ხერხებსაც, სიკვდილსაც, სიჭკვიანესაც, სისულელესაც, პერსონაჟებსაც… იმდენი ირონიაა, ზოგჯერ გინდა, რომ ცოტა ხანს მაინც ამოგასუნთქოს.

საერთოდაც, მგონი, მთავარი მისია ის ჰქონდა ავტორს, რომ Deux ex machina საკუთარ თავზე გეწვნია (ღმერთო, ეს რა თავი იყო!).

beka_adamashvili_ilustraciebi

ავტორის ილუსტრაციები ცალკე ამბავია კიდევ. ეს იქამდე იყო, სანამ სიკვდილს ჩაეძინებოდა

სამი ძირითადი პერსონაჟიდან ყველაზე კარგად ლეას გმირი ჩანს. დიდი ეჭვი მაქვს, ლეასნაირები გალანძღავენ კიდეც ავტორს და მიზოგინიც შეიძლება უწოდონ. არადა, ლეა და პრინცესას ისტორია ყველაზე კარგად წარმოაჩენს რა უსარგებლობამდე მიდის ფსევდო ყველაფერი, ქალთა უფლებების დაცვაც.

ეს სამი პერსონაჟი მემენტო მორისთან ერთად დაბოჟიალებს ეპოქიდან ეპოქაში, ჟანრიდან ჟანრში ერთი მისიისთვის. სინამდვილეში ამ მისიას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შიგადაშიგ კოკოშანელებიც ჩნდებიან. კოკოშანი პლანეტაა ამ წიგნში აღმოცენებული. შემოდის უამრავის სახელი, ფრაზა.

თუ ლიტერატურასა და ისტორიაში ერკვევი, გაბედნიერდები, განსაკუთრებით ლიტერატურულ თავში, სადაც არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ სხვა წიგნთა ტექსტებით არის მოთხრობილი ამბავი. ეს ყველაზე ძლიერი თავია ამ წიგნის. მიედინება სათქმელი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუ ამ წიგნამდე ბევრი არაფერი წაგიკთხავს, სიუჟეტის აღქმაში არ შეგეშლება ხელი, უბრალოდ კითხვა არც ისე გემრიელი გამოვა.

ბექა ადამაშვილის ტექსტები ვისაც წაუკითხავს, მათთვის სრულიად ზედმეტი იქნება მის წერის სტილსა და ლექსიკაზე ხაზგასმა. ირონიასთან ერთად შეზავებული იუმორი ყველაზე რთულად საწერი რამეა. აქ კიდევ ისე ბუნებრივადაა ყველაფერი, თითქოს ძალისხმევა არ სჭრიდებოდეს. სიტყვის ფლობა უდიდესი განმასხვავებელი ნიშანია მწერლობის მსურველთა და ტექსტის ავტორთა შორის. ავტორობიდან ბექა მწერლობისკენ მიდის. იმდენი მიმართულებაა ამ ტექსტში თავმოყრილი, თითოეულ მათგანზე ცალკე წიგნი დაიწერება. ასე მგონია, სწორედ ასეთი ამბიციური განაცხადი იყო ეს რომანი და შემდეგი წიგნები ბევრად განსხვავებული იქნება ფორმის და იდეის თვალსაზრისითაც.

ავტორი სათაურშივე რომ გეუბნება, ამ რომანში ყველა მოკვდებაო, უნდა დაუჯერო?

 

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.