Skip to content
March 7, 2019 / მკითხველი

ჟოზე სარამაგუ – იესოს სახარება

iesos_saxareba_0განკაცებული ღმერთი სარამაგუსთან ყველაზე ადამიანურია. უყვარს, შია, იღლება, ბრაზდება, დადის და არკვევს რატომ მოევლინა დედამიწას და რა ჯანდაბა უნდა მამა ღმერთს მისგან. მამა ღმერთი ეგოისტია, ძალაუფლების გავრცელება უნდა დედამიწაზე, რაშიც იესოს იყენებს. ზოგჯერ ტუქსავს კიდეც – გათავხედებულხარო. ეშმაკიც აქვე დაბოგინობს. მწყემსის სახე აქვს ძირითადად, მაგრამ ძალიან ცუდი ტიპი სულაც არაა. სადაც ღმერთია, იქ სატანაცაა და მშვენივრად თანაცხოვრობენ.

დიდი ირონიაა ეს წიგნი. სარკაზმი ისეთი დახვეწილია, ისეთი სხარტია ფრაზები, სიამოვნებას განიჭებს კითხვის პროცესი. ციტატად ვერც კი გაიტან რომელიმეს, კითხვის პროცესში, იქ და იმდროს არის შესაძლებელი სრულად აღქმა.

უფალი ღმერთი სრულიად საპირისპიროა იმის, როგორადაც მას თქვენ, ადამიანები წამოიდგენთ… გაცილებით უფრო ხშირად “არას” ამბობს, ვიდრე “ჰოს”.

წიგნის დიდი ნაწილი მისი ჩასახვიდან იქამდე პერიოდს ეხება, სანამ გაიგებს, რომ ღმერთია და რაღაცა მისიით არის მოვლენილი. მარიამ მაგდალელი (მაგდალინელი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ წიგნში. ყოფილი მეძავი აქ იესოს ერთგულია, სარამაგუს სახარებაში ის იესოს ქალია სხვა სახარებისგან განსხვავებით. 12 მოციქული აქაც 12ია, თუმცა, იუდას თავად იესო ეუბნება, წავიდეს და დაასმინოს. ბოლოს ჩამომხრჩვალს როცა ნახავენ, ჯიბეს ამოუტრიალებენ და ფულიც კი არ მიუციათო, იტყვიან. არ არის აქ ცუდი კაცი მაინცადამაინც.

თუმცა, იესოს ჯვარცმა ყველაზე ბოლო და თან მიფუჩეჩებული, მეორეხარისხოვანი ამბავია. მთავარი კვანძი მაშინ იხსნება, სამნი რომ სხედან ნავში – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და ეშმაკი.  სწორედ აქ იგებს იესო საკუთარ მისიას, რომელიც დიდად არც ეხალისება. აქ საუბრობენ რელიგიის ჭეშმარიტ არსსა და იმაზე, თუ რა საჭიროა საერთოდ ღმერთი და რელიგია.

ერთი რელიგიის უწმინდური ძალა მეორე რელიგიაში ვერ იმოქმედებს. ისევე როგორც, დავუშვათ და, ღმერთი თუ მეორე ღმერთს შეებრძოლება, ვერც გაიმარჯვებს და ვერც დამარცხდება

ამ წიგნში ღმერთი ყველაზე უბრალოა. ალბათ, მთელი სათქმელიც ეგაა – ის თითოეულ ადამიანშია და ის ისეთივეა, როგორიც ჩვენ ყველანი. დანარჩენი ყველაფერი ადამიანებმა მიატმასნეს.

3 Comments

Leave a Comment
  1. ფიბი არტი / Jul 21 2019 8:18 pm

    ღმერთის განკაცება ძალიან მაგარი მიგნებაა ლიტერატურაში… ღმერთზე წერა ალბათ მხოლოდ ასეა შესაძლებელი. სხვათა შორის, ანატოლ ფრანსის “ანგელოზთა აჯანყება” მახსენდება ახლა, იქაც მთელი ამბავი ირონიაა. მაინც მგონია რომ ღმერთს კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

  2. ONORE DE :) / Sep 5 2019 8:35 pm

    martin ideni waikitxuli gaqvs ? aranairi kavshiri aqvs saramagustan ubralod mainteresebs 🙂

შენი კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.