Skip to content
March 7, 2019 / მკითხველი

ჟოზე სარამაგუ – იესოს სახარება

iesos_saxareba_0განკაცებული ღმერთი სარამაგუსთან ყველაზე ადამიანურია. უყვარს, შია, იღლება, ბრაზდება, დადის და არკვევს რატომ მოევლინა დედამიწას და რა ჯანდაბა უნდა მამა ღმერთს მისგან. მამა ღმერთი ეგოისტია, ძალაუფლების გავრცელება უნდა დედამიწაზე, რაშიც იესოს იყენებს. ზოგჯერ ტუქსავს კიდეც – გათავხედებულხარო. ეშმაკიც აქვე დაბოგინობს. მწყემსის სახე აქვს ძირითადად, მაგრამ ძალიან ცუდი ტიპი სულაც არაა. სადაც ღმერთია, იქ სატანაცაა და მშვენივრად თანაცხოვრობენ.

დიდი ირონიაა ეს წიგნი. სარკაზმი ისეთი დახვეწილია, ისეთი სხარტია ფრაზები, სიამოვნებას განიჭებს კითხვის პროცესი. ციტატად ვერც კი გაიტან რომელიმეს, კითხვის პროცესში, იქ და იმდროს არის შესაძლებელი სრულად აღქმა.

უფალი ღმერთი სრულიად საპირისპიროა იმის, როგორადაც მას თქვენ, ადამიანები წამოიდგენთ… გაცილებით უფრო ხშირად “არას” ამბობს, ვიდრე “ჰოს”.

წიგნის დიდი ნაწილი მისი ჩასახვიდან იქამდე პერიოდს ეხება, სანამ გაიგებს, რომ ღმერთია და რაღაცა მისიით არის მოვლენილი. მარიამ მაგდალელი (მაგდალინელი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ამ წიგნში. ყოფილი მეძავი აქ იესოს ერთგულია, სარამაგუს სახარებაში ის იესოს ქალია სხვა სახარებისგან განსხვავებით. 12 მოციქული აქაც 12ია, თუმცა, იუდას თავად იესო ეუბნება, წავიდეს და დაასმინოს. ბოლოს ჩამომხრჩვალს როცა ნახავენ, ჯიბეს ამოუტრიალებენ და ფულიც კი არ მიუციათო, იტყვიან. არ არის აქ ცუდი კაცი მაინცადამაინც.

თუმცა, იესოს ჯვარცმა ყველაზე ბოლო და თან მიფუჩეჩებული, მეორეხარისხოვანი ამბავია. მთავარი კვანძი მაშინ იხსნება, სამნი რომ სხედან ნავში – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და ეშმაკი.  სწორედ აქ იგებს იესო საკუთარ მისიას, რომელიც დიდად არც ეხალისება. აქ საუბრობენ რელიგიის ჭეშმარიტ არსსა და იმაზე, თუ რა საჭიროა საერთოდ ღმერთი და რელიგია.

ერთი რელიგიის უწმინდური ძალა მეორე რელიგიაში ვერ იმოქმედებს. ისევე როგორც, დავუშვათ და, ღმერთი თუ მეორე ღმერთს შეებრძოლება, ვერც გაიმარჯვებს და ვერც დამარცხდება

ამ წიგნში ღმერთი ყველაზე უბრალოა. ალბათ, მთელი სათქმელიც ეგაა – ის თითოეულ ადამიანშია და ის ისეთივეა, როგორიც ჩვენ ყველანი. დანარჩენი ყველაფერი ადამიანებმა მიატმასნეს.

January 17, 2019 / მკითხველი

ბექა ადამაშვილი – ამ რომანში ყველა კვდება

სათაურს თუ შეხედავ, დიდი ვერაფერი პერსპექტივაა. ანდა პირიქით, ინტრიგაა. მაშინვე ხვდები, რომ ავტორი გეთამაშება. ყდაზე არსებული რგოლების გადაფხეკით კი არამხოლოდ ეს ტექსტი, არამედ სხვა წიგნიც შეიძლება დაგისპოილერდეს. თუ ყველა უკვე წაკითხული გაქვს, თვითშეფასება აგიმაღლდება და ისე დაიწყებ კითხვას.

თუმცა, ასე საკუთარ თავში დარწმუნება და კარგ მკითხველად თავის აღქმა დიდხანს არ გრძელდება. ორი პროლოგის წაკითხვაც კი საკმარისია მიხვდე, რომ ამ ღლიცინ-ღლიცინში დიდად დახლართული ამბავი გელის წინ.

რაც “ბესტსელერში” გატესტა, ამ წიგნში ორმაგად გაართულა ავტორმა. ყველა თავი ახალი გამოწვევაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აღარ სჯერა, რომ რამე ტექსტი გააოცებს ანდა სირთულის გამო აღქმა გაუჭირდება. რამდენჯერაც სიუჟეტს მიჰყვები და წიგნში შედიხარ, იმდენჯერ ავტორი იმავე ტექსტში ჩნდება და უკან გაგდებს, კითხვის ტემპს გინელებს. შენც მეტი სურვილი გიჩინდება, რომ არ “დაგამარცხოს”, შენც არ დაგცინოს და წინ მიდიხარ.

ტექსტს ბევრი შრე და პერსონაჟი ჰყავს. თუმცა, მთავარი მაინც სამი გმირია – ფსევდოფემინისტი ლეა, ისტორიაში განსაკუთრებულად შესვლის მსურველი პროფესორი არნო და ვითომკრეატიული მათე. წიგნი კიდევ ფსევდოღირებულებებზეა. ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევაში. ავტორი დასცინის ყველაფერს, თავის თავსაც, ინტერტექსტუალობასაც, სხვა ლიტერატურულ ხერხებსაც, სიკვდილსაც, სიჭკვიანესაც, სისულელესაც, პერსონაჟებსაც… იმდენი ირონიაა, ზოგჯერ გინდა, რომ ცოტა ხანს მაინც ამოგასუნთქოს.

საერთოდაც, მგონი, მთავარი მისია ის ჰქონდა ავტორს, რომ Deux ex machina საკუთარ თავზე გეწვნია (ღმერთო, ეს რა თავი იყო!).

beka_adamashvili_ilustraciebi

ავტორის ილუსტრაციები ცალკე ამბავია კიდევ. ეს იქამდე იყო, სანამ სიკვდილს ჩაეძინებოდა

სამი ძირითადი პერსონაჟიდან ყველაზე კარგად ლეას გმირი ჩანს. დიდი ეჭვი მაქვს, ლეასნაირები გალანძღავენ კიდეც ავტორს და მიზოგინიც შეიძლება უწოდონ. არადა, ლეა და პრინცესას ისტორია ყველაზე კარგად წარმოაჩენს რა უსარგებლობამდე მიდის ფსევდო ყველაფერი, ქალთა უფლებების დაცვაც.

ეს სამი პერსონაჟი მემენტო მორისთან ერთად დაბოჟიალებს ეპოქიდან ეპოქაში, ჟანრიდან ჟანრში ერთი მისიისთვის. სინამდვილეში ამ მისიას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შიგადაშიგ კოკოშანელებიც ჩნდებიან. კოკოშანი პლანეტაა ამ წიგნში აღმოცენებული. შემოდის უამრავის სახელი, ფრაზა.

თუ ლიტერატურასა და ისტორიაში ერკვევი, გაბედნიერდები, განსაკუთრებით ლიტერატურულ თავში, სადაც არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ სხვა წიგნთა ტექსტებით არის მოთხრობილი ამბავი. ეს ყველაზე ძლიერი თავია ამ წიგნის. მიედინება სათქმელი ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუ ამ წიგნამდე ბევრი არაფერი წაგიკთხავს, სიუჟეტის აღქმაში არ შეგეშლება ხელი, უბრალოდ კითხვა არც ისე გემრიელი გამოვა.

ბექა ადამაშვილის ტექსტები ვისაც წაუკითხავს, მათთვის სრულიად ზედმეტი იქნება მის წერის სტილსა და ლექსიკაზე ხაზგასმა. ირონიასთან ერთად შეზავებული იუმორი ყველაზე რთულად საწერი რამეა. აქ კიდევ ისე ბუნებრივადაა ყველაფერი, თითქოს ძალისხმევა არ სჭრიდებოდეს. სიტყვის ფლობა უდიდესი განმასხვავებელი ნიშანია მწერლობის მსურველთა და ტექსტის ავტორთა შორის. ავტორობიდან ბექა მწერლობისკენ მიდის. იმდენი მიმართულებაა ამ ტექსტში თავმოყრილი, თითოეულ მათგანზე ცალკე წიგნი დაიწერება. ასე მგონია, სწორედ ასეთი ამბიციური განაცხადი იყო ეს რომანი და შემდეგი წიგნები ბევრად განსხვავებული იქნება ფორმის და იდეის თვალსაზრისითაც.

ავტორი სათაურშივე რომ გეუბნება, ამ რომანში ყველა მოკვდებაო, უნდა დაუჯერო?

 

January 6, 2019 / მკითხველი

მე ზლატარ იბრაჰიმოვიჩი ვარ

ზლატანცოტა ფეხბურთელია, რომელიც კლუბში თამაშზე უარს ამბობდეს, სასტუმროში იჯდეს, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდეს და ეკიდოს რამდენით დააჯარიმებენ. გვარდიოლასნაირ მწვრთნელს “უხერხემლო მშიშარას” ეძახდეს, 1.95 სანტიმეტრი სიმაღლის მოთამაშე კარატის ილეთის მსგავსად იქნევდეს ფეხებს და გოლის ნაცვლად მოწინააღმდეგეს უთავაზებდეს, ხან მსაჯს აგინებდეს, თანაგუნდელსაც სცემდეს და მიუხედავად ამისა იყოს დიდი ფეხბურთელი. ის ზლატან იბრაჰიმოვიჩია. როზენგარდელი თავხედი ბიჭი, რომელმაც იცის საკუთარი თავის ფასი.

თავადვე ამბობს, მთელი მისი კარიერა რევანშია იმ პატარა ემიგრანტი, ღარიბი როზენგარდელი ბიჭის, რომელიც ველოსიპედებს იპარავდა. მისი ავტობიოგრაფია ბავშვობიდან იწყება და ნათლად აჩვენებს რა გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე, არამედ მთელ კარიერაზე მისმა აწეწილმა ბავშვობამ. მამა ბოსნიელია, დედა ხორვატი. შვედეთში გადაცხოვრებულები, გაშორებულები, სადაც ერთმანეთს სხვა შვედებისგან განსხვავებით არ საუბრობდნენ ასე “თუ შეიძლება რძე მომაწოდეთ, გეთაყვა”. მის ოჯახში ერთმანეთს უყვიროდნენ და ეჩხუბებოდნენ. მერე გაიხსენებს, უკვე ვარსკვლავი ბიზნეს კლასით როგორ ამგზავრებს ოჯახს ისინი კი დალევენ და ისე იჩხუბებენ, ყველას ყურადღებას მიიპყრობენ.

ზლატანიც მთელი კარიერა ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ასეთი ოჯახის შვილსაც შეეძლო დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო. უნდოდა მისნაირი პატარა გოგოებისა და ბიჭებისთვის ეჩვენებინა, რომ თუკი ინდივიდუალური, განსხვავებული ხარ, არ ნიშნავს რომ ცუდი ხარ, პირიქით, მეტი შანსი გაქვს წარმატების. მას სჯერა რომ ასეთი გამორჩეული, საკუთარი წესების მქონე, რომ არ ყოფილიყო, ვერ იქნებოდა დღევანდელი იბრა.

კრიზისში მყოფ გუნდებში მივიდა და მოიგო ჩემპიონატი – იუვენტუსში, ინტერში, მილანში, ბარსელონაში. მისი ავტობიოგრაფია მილანში პირველი სეზონის დასრულებით და ჩემპიონობით მთავრდება. თუმცა მერეც არაერთი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიგო.

თითოეული ამ კლუბის შიგნით მიმდინარე ამბები მშვენივრად ჩანს. მისთვის კლუბები სამუშაო ადგილი იყო, რაც შესაძლებლობას აძლევდა მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო. ამიტომაც 3 წელზე დიდხანს არ თამაშობდა არც ერთ კლუბში. ის არ ყოფილა არც ტოტი, არც მალდინი, რომლებმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს მიუძღვნეს, ამიტომაც ყველა კლუბში თავისი ინდივიდუალური სტილი მიჰქონდა და ნაკლებად ცდილობდა პირიქით, კლუბის წესებში ჩამჯდარიყო. ამის გამო აითვალწუნეს “ინტერის” ულტრასებმაც.

ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც არ წაუვიდა თამაში ბარსელონაში. თვითონ ამბობს, რომ სკოლის მოსწავლედ აგრძნობინეს თავი, რომელიც ისე უნდა მოქცეულიყო როგორც მესი, ხავი და ინიესტა იქცეოდნენ. ისინი ბავშვობიდან ამ კლუბში თამაშობდნენ და მთლიანად მას იყვნენ მორგებულნი. ეს კიდევ გიჟი ზლატანი იყო და ამ წესებით თამაში არ უხაროდა. ჯამში 70 მილიონამდე ევრო გადაიხადა ბარსელონამ მასში, ორი წლის შემდეგ კი 20 მილიონად მიაყიდა მილანს. კლუბმა მხოლოდ იმიტომ იზარალა, რომ გვარდიოლას იბრა არ მოეწონა.

წიგნში ბევრი სხვა საინტერესო დეტალია ფეხბურთის მოყვარულებისთვის. მაგალითად ამ ვიდეოზე თავად წერს, როგორი ბედნიერი იყო, როცა რონალდოს, საკუთარ კუმირს მოედანზე შეხვდა.

საჯარიმოს გარედან მაკრატელათი გატანით და კუნგ ფუ გოლებითაც ბევრი სხვა ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის

November 16, 2018 / მკითხველი

ხალიდ ჰოსეინი – მთებმა მთებს უთხრეს

7173846545ხალიდ ჰოსეინს მეორე შანსი მივეცი – ფრანით მორბენალის შემდეგ “მთებმა მთებს უთხრეს” წავიკითხე. ვერ გაამართლა. ისეთივე ზღაპარივით საკითხავია. თვითმფრინავში გამოდგება მხოლოდ. ვითომ დახლართული, მაგრამ სინამდვილეში მარტივი სიუჟეტით დროის გასაყვანი საშუალებაა. წერის სტილი არ იგრძნობა, მეეჭვება თარგმანში ასე დაკარგულიყო. არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია და მთელი გათვლა მხოლოდ იმაზეა, რომ ავღანეთში მომხდარმა ამბავმა მკითხველში ემოცია გამოიწვიოს. ეს მეზობლის მიერ მოყოლილი ამბის მსგავსად ნაწერი ტექსტი კი სულაც არ აჩუყებს გულს და ინტერესს მხოლოდ ამბის დასასრულის მოლოდინი იწვევს.

წიგნი ავღანეთში მომხდარ ამბავს ეხება, მოვლენები სხვდასხვა დროსა და ქვეყანაში ვითარდება. დამოუკიდებელი ამბები ბოლოს საერთო ხაზს კრავს. უფრო სწორად უნდა კრავდეს, მაგრამ ერთი ამბის გმირებს ავტორი უპატრონოდ ტოვებს სადღაც შუა თავში და ისე მთავრდება წიგნი, აღარ ახსენდება. მერე ფიქრობ ან რისთვის გამოჩნდა ან რატომ დაეთმო ამდენი გვერდი ამ პერსონაჟს ბოლოს თუ საერთოდ არაფერს შემატებდა მთლიან სიუჟეტს. საერთო ჯამში მთელი წიგნი მრავალპლანიანი ტექსტის შექმნის წარუმატებელი მცდელობაა.

ჰოსეინის მთელი უპირატესობა მხოლოდ ისაა, რომ წარმოშობით ავღანელია. ავღანეთი კი დავარცხნილი ევროპისთვის თუ ამერიკისთვის ეგზოტიკური ამბების ქვეყანად  რჩება. ყველა წიგნში სწორედ ეს თემატიკა აქვს – აჩვენოს ამ ქვეყნის ტრაგედია. ავღანური ამბებიდან ოსნე საიეშტადი ბევრად კარგად საკითხავად მეჩვენება. ის დოკუმენტური მაინც არის და მხოლოდ ამბის გადმოცემაზე აქვს პრეტენზია. მხატვრული ტექსტი კი სიუჟეტის გარდა მხატვრულობასაც უნდა გთავაზობდეს. ამ ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებს და მოტყუებულად მაგრძნობინებს ხოლმე თავს მხატვრულ ტექსტად შემოსაღებული უბრალოდ სწრაფად საკითხავი წიგნები.

 

 

July 28, 2018 / მკითხველი

ლაშა ბუღაძე – პატარა ქვეყანა

მგონი მერვე კლასში ვიყავი, როცა რაღაცა მანქანებით ვიშოვე ის სკანდალური წიგნი -“პირველი რუსი”. უშუქობის ჟამს ჩემთანაც მოაღწია ამბავმა, რომ აღსაშფოთებელი რამე დაეწერა ლაშა ბუღაძეს. განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე. მართალია, ვერც სიმბოლოებს ჩავწვდი და ვერ მივხვდი, რომ საქართველო თამარი იყო, რუსეთს კიდევ ის იური რუსი განასახიერებდა, მაგრამ ერთადერთი რამაც გამაოცა ტექსტის ორი ვარიანტი იყო. დეტალურად ვერ ვიხსენებ, მაგრამ იმ უგვან ნაბეჭდ ქაღალდზე (წიგნად აკინძულზე) ცალკე გამოყოფილი, ჩასწორებული ტექსტი კი თვალწინ მიდგას.

როგორც ჩანს, თავად ლაშა ბუღაძეს იმდენად დეტალურად და მტკივნეულად ახსოვს ტექსტის ჩასწორება თუ ბოდიშის მოხდა ზოოფილური ეპიზოდის გამო, რომ 16 წლის შემდეგ იმავე ამბავზე 500 გვერდიანი წიგნის დაწერა გადაწყვიტა. “პატარა ქვეყანა” სწორედ “პირველი რუსის” გამოსვლის შემდეგ ატეხილ ვნებათაღელვას და საპატრიარქოში დაბარებებს ეხება.

სინამდვილეში ეს წიგნი დოკუმენტური პროზაც არ არის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პერსონაჟი რეალურია და 2000-იანების ამბებს ვინც თვალს ადევნებდა, ადვილად იცნობს, ზოგიერთი დეტალი განგებ არის შეცვლილი და პრეზიდენტების (შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი) გარდა, თითქმის ყველა მათგანის სახელიც არ ემთხვევა რეალურს. თუმცა, დაინტერესებული დამიანისთვის მარტივად იდენტიფიცირებადია ყველა, რადგან “პატარა ქვეყანა” ლაშა ბუღაძის მიერ წლების წინ ჟურნალ “ცხელ შოკოლადში” გამოქვეყნებული ამ წერილის ვრცელი ვარიანტია. თითქმის ყველა ეპიზოდი სრულად არის გადმოტანილი წიგნში და თავებიც ამ თანმიმდევრობით იყოფა. ამ ორი ტექსტის შედარებით მარტივი დასადგენია რა ჰქვიათ რეალურ ცხოვრებაში წიგნის პერსონაჟებს:

  •  ანი – ნინია კაკაბაძე
  • აკაკო-ირაკლი კაკაბაძე
  • კოკი – ზაზა შენგელია
  • პირველი დათო – დათო ტურაშვილი
  • ლაშა – რატი ამაღლობელი
  • ზვიადი – ნიკა რურუა
  • ლიბერალიზმის ინსტიტუტი – თავისუფლების ინსტიტუტი
  • თავისუფლების ეპოქა – დრო მშვიდობისა
  • თბილისი 2 – რუსთავი 2
  • კვირის რეზონანსი და მისი რედაქტორი – რეზონანსი, მისი რედაქტორი ლაშა ტუღუში
  • ბატონი ამირანი – გურამ შარაძე
  • დეპუტატ მსახიობი, ორგზის თოვლის ბაბუა – ზურაბ ქაფიანიძე
  • პატრიარქის მდივანი ხათუნა – შორენა

საპატრიარქოში ლაშას ბოდიშის მოსახდელად იბარებენ, მოლაპარაკებების პროცესი კარგად აჩვენებს, როგორი წნეხი მოდის ამ ინსტიტუტიდან, სადაც როგორც შევარდნაძე ამბობს, ილია მეორე „1977 წლიდან მუშაობდა“. მანამდე მეტ ეპატაჟს სთავაზობდნენ მავანნი.

წნევის აწევაა საჭირო, უნდა დავარტყათ ვინმე ძველ ბობოლებს: უნდა თქვა, რომ ნაგავია, მაგალითად, იოანე ზოსიმე… არ ვიცი… აი, ამ სტილში… ან ფიროსმანი გეია… უნდ აწყენინო ხალხს. იტყვიან: არ იყო. შენ იტყვი: იყო! აი, ასე, პოპულისტურად

საპატრიარქოში მესამედ მისვლის შემდეგ იყო შეთანხმება ბოდიშის მოხდაზე. მერე გადაიფიქრა, თუმცა ისე გაშუქდა, რომ თითქოს მაინც ბოდიში მოიხადა. “პატარა ქვეყანა” ამ ბოდიშის მოხდის ახსნა-განმარტებაა (შეიძლება ბოდიშიც) ცოტა ბუნდოვანი მიზნით. რატომ გაახსენდა ავტორს 2017 წელს ეს 2002 წლის ამბავი, გაურკვეველი რჩება. შეიძლება იმიტომ, რომ ლაშა ბუღაძის გამოსვლები ახლა სრულიად არ ჯდება ტექსტის გამო ბოდიშმოხდილი მწერლის ტიპაჟში და საკუთარი აუდიტორიის დარწმუნება უნდა, რომ რეალურად ცენზურას არ დაექვემდებარა. არადა, ვისაც ახსოვს ის ამბები, დავიწყებული ექნებოდა, ჩემს თაობას (უშუქობაში გაზრდილს)კარგად არც გაგვიგია ვინ სად დაუპირისპირდა.  ან შეიძლება საპატრიარქოს ამბები ახლა გახდა აქტუალური და მანაც უბრალოდ ის დაწერა, რაც კარგად იცოდა. ჟანრებში კი აგვრია მკითხველები. რომანსა და დოკუმენტურ პროზას შორის გაგვჭედა.

საპატრიარქოზე მეტად მიმდინარე მოვლენები იკითხება სწრაფად, აი თუნდაც ის, პატრიარქმა და შევარდნაძემ რომ გახსნეს პირველი მაკდონალდსი საქართველოში. ანდა ის, შევარდნაძემ პატრიარქზე რომ თქვა, „მღვდელი გამოუშვით, მღვდელი!“. ეს ეპიზოდი კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია:

ამ დარბაზში უკვე წლებია აღარაფერი მომხდარიყო, რაც აღნიშვნის ღირსი იქნებოდა, თუ არ ჩავთვლით ფილოსოფოს შავაძის გამოხტომას, რომელიც თავისი ღამის ქოთნით გამოცხადებულა რექტორატის გაფართოებულ სხდომაზე (ეს ის ფილოსოფოსი შავაძეა, რომელმაც სქელტანიანი გამოკვლევა უძღვნა ქართველ ფილოსოფოსებს: „მთხლეობის ემანაცია – ვინ ვინაა ქართულ ფილოსოფიაში“). ფილოსოფოსს პირდაპირ ტრიბუნაზე ჩამოუდგამს ღამის ქოთანი და ხმამაღლა მიუმართავს პალტოში შეფუთული პროფესორებისთვის: „ეს მძღნერია, ბატონებო, ჩემი მძღნერი, რადგან მეტს არც არაფერს იმსახურებთ ჩემგან! აი, ესაა თქვენი წარსული და ესაა თქვენი ძველი დიდება!”

დავძებნე და “მთხლეობის ემანაცია” მართლაც არსებობს. ქუთაისის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს შემორჩენილი.

ქართულ მიტინგებზე იშვიათად იკრიბებოდნენ სოციალური პრობლემების გამო, ან თუკი მაინც იკრიბებოდნენ, ვთქვათ, უშუქობის გასაპროტესტებლად, ერთ საათში აუცილებლად დააყენებდნენ უიღბლობის სიმბოლოდ ქცეული პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას.

წიგნი ბოდიშით მთავრდება. რისთვის, არ ვიცი.

P.S. მწერალთან ურთიერთობა საშიშია, როდის რანაირად გამოგაჭენებს, კაცმა არ იცის.

 

 

June 18, 2018 / მკითხველი

აკა მორჩილაძე – კუპიდონი კრემლის კართან

აკა როგორი მწერალია იცით? ერთხელ თუ გემო გაუგე, მერე მიდის თავისით. განა ერთი და ორი, ყველა წიგნი ეგრე იკითხება. ამ სამი კ-ს (უპიდონი რემლის ართან) ჩანაფიქრი რა იყო არ ვიცი, მაგრამ ისეთი ტექსტი კია, თავიდან ბოლომდე ღიმილ-ღიმილით ჩაგაკითხებს და თუ კარგი ლექსიკის გემოც იცი, ზოგიერთი ფრაზის კითხვისას სრულიად ბედნიერდები. მერე რა, რომ მთელი წიგნი იმერულ დიალექტზეა დაწერილი. “მორიდებული ზურმუხტი” გახსოვთ? მეოცე საუკუნის დასაწყისის ენაზე რომ ჰყვება ამბავს? ჰოდა, რა გასაკვირია, იმერულადაც დაეწერა, თან ისე, ერთი აბზაციც კი არ ჩავარდნოდა.

ამ წიგნში მუსჲა მიდის სტალინთან კრემლში. როგორი ამბავია? 30-იანი წლების ბოლოა, სტალინი რომ სტალინობს. ეს კიდევ ადგა ჩაიცვა წითელი საპოშკები, ხელში დაიკავა რედიკული, გადაკეთებული პასპორტით ავიდა მატარებელში და აი, იმ რკინის კაცთან წავიდა საკუთარი ქმრის დასასხსნელად. დიდი ავანტიურის ამბავია აქა. წასვლამდე კიდევ წერილი მიწერა, რაღაცა დაფარული, კოდური სიტყვებით. იმ კრემლის კაცმა გაიგო და ისე ქნა, ქალი ციმციმ ჩაეყვანათ რუსეთამდე.

მუსჲა არ იყო სანახევროობის ადამიანი. გოურკვევლობა, გაჩერებული ამბავი, დაღლილი ცხენი, ჩაძინებული მუშა, გადადებული პარტია არ უყვარდა.”

წასაგებათ მუსჲა არსად წევიდოდაო, მაგიტომაც იყო ავანტიურა, მართლა ლატიში ქმრის გამოსახსნელად კი არ ავიდა მატარებელში. გულხელდაკრეფილი ვერ იჯდებოდა სახლში როდის მოადგებოდნენ დასახვრეტად. მუსჲა პირველი სუფრაჟისტკა და ანარხისტკა იყო ქუთაისში და იმიტომ. ფემინისტკაც, ფიწლით რომ გამოედევნება მოძალადე კაცებს, მასეთი. კიდევ მუსჲა წესების ქალი არ იყოო, უწესოსაც ვერ იტყოდნენ მასზე. “გამავლობა ჰქონდა – გიჟი მუსჲაო, მაგ განხრით, რაცხაების გამოხლართვით და ინტრიგებით კი არა. ამნაირი რო დეიბადება ადამიანი, ე, იმით”

ჰოდა მიდის მუსჲა სტალინთან, მაგრამ წიგნის ნახევარი წინაისტორიაა, მატარებელში ასვლამდე არამხოლოდ იმდროინდელი საქართველოს და ქართველების ხასიათი ჩანს, არამედ ცოტა სხვა მხრივაც გადაჰკრავს ხოლმე ავტორი:

ჩვენი სამშობლო, საქართველო, სულ გადასარჩენია. მაგ ერთადერთი, განუმეორებელია ვოზდაათ საუკუნეს, არი პატარა, ხლართიან-ხვანჯიანი, მაგ ვოზდაათ საუკუნეს მტერთაგან, დიდ იმპერიათაგან გახრული და გამოხრული, დაპატარავებული მალენკოვის ჭიქასავით – შეჭმული და გამოჭმული, ვითომ ისეთი, ამის იქით მიწა არ ყოფილიყო, მაინცა და მაინც მაგ რო არ წეეხდინათ.

აი, ამ დიდ ავანტიურაზე წასული მუსჲა დიდად მხნედ გამოიყურება ასვლის დროსაც. “ქართველებმა რო იციენ, წაგებულზე რო მიდიენ წინდაწინ და საცხა ვიწროა, იქანა გაწყდესო”, ეგრე მიდის და მთელი ინტრიგა ეგაა – გაწყდება თუ არა ამ ვიწრო ადგილას. იმ მატარებელში კიდევ ყველა მოხვდა, დიდი რეჟისორიდან დაწყებული, ქალებზე ატორღიალეული ანთიძით დამთავრებული. შინსახკომელები აღარ ითვლებიან.

დიდი კინოა შიგნით მატარებელში. ერთხელ ჩერდება როსტოვში დიდხანს და აი, მანდ ირევა საბოლოოდ ყველაფერი, რამკიანმა “შლიაპამ” შლიაპა რომ მოიპარა ვაგონიდან იმ დროდან.

ძან ბვერი ხალხი იხოცება იმისთვის, რო ცოცხლათ დარჩენილების ხასიათი წარმოჩინდეს.

როსტოვის მერე  მუსჲა ის ანარხისტკა აღარ არის. მიიტანენ იმ სოსო – კობა – სტალინთან ოპერაში მოხარშულ კვერცხს რომ სჭამს, იმ დროს. არ უნდოდა ახლა ამას გამბედაობა? მარა ასეთები უნახავს იმ კაცსა და მის რეჟიმს?

June 7, 2018 / მკითხველი

გაბრიელ გარსია მარკესი – პოლკოვნიკს არავინ სწერს

პოლკოვნიკს“პოლკოვნიკს არავის სწერს” მარკესის სევდიანი და რაღაცნაირად ჩუმი მოთხრობაა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პოლკოვნიკი ათეული წელია ელოდება ჯილდოს, რომელმაც რამდენიმე წლით უნდა ზრუნველყოს მისი და ცოლის ცხოვრება, თუმცა ბიუროკრატიაში გაჭედილს არ ეღირსა ამ თანხის მიღება.

თავმოყვარეობა მისთვის მნიშვნელოვანია, ერიდება, როცა გასაყიდად მიაქვს ოჯახიდან ნივთები.

მე ქუდს არ ვატარებ, რომ არავის მოვუხადო.

მამალი ჰყავთ, რომელიც ეიმედებათ – გაიმარჯვებს ჩხუბში და მიღებენ შემოსავალს. მამალი პოლკოვნიკის ერთგვარი განსხეულებაა, ალტერ ეგოა. ისიც ელოდება გამარჯვებას, მაგრამ არა და არ მოვიდა ბრძოლის დღე. მაინც დარწმუნებულია, რომ ამ მამალს ვერავინ მოერევა.

სიღარიბის ყველაზე ცუდი თვისება ის არის, რომ ადამიანს აიძულებს იცრუოს

მარკესის სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე პერსონაჟია და სახელიც მხოლოდ ერთს პერსონაჟს აქვს. მაკონდო აქაც გაიელვებს, სხვა მხრივ კი ცოტა უჩვეულო ტექსტია მარკესისთვის.

June 6, 2018 / მკითხველი

მიშელ უელბეკი – მორჩილება

მორჩილება“მორჩილება” 2015 წელს  “შარლი ებდოს” ტერორისტულ აქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიცა. წიგნი იმაზეა, როგორ იპყრობს თანდათან მუსლიმური სამყარო ევროპას 2017 წლის შემდეგ.  სკანდალურობა მიშელ უელბეკს ისედაც არ აკლდა და ამის შემდეგ წინასწარმეტყველურ უნარზეც ალაპარაკდნენ.

 “ისლამი” არაბულ ენაზე მორჩილებას ნიშნავს და ეს ტექსტიც ცდილობს აჩვენოს როგორ ხდება ევროპა ისლამის მორჩილი, მთავარი გმირიც, ალბათ. უელბეკის ტექსტი რომ პესიმისტური იყოს, რა გასაკვირია. ვიღაცამ შეიძლება გაფრთხილებად მიიღოს ან პროვოკაციულად. გააჩნია, ვინ რა დოზით ხედავს ამ საფრთხეს, ისლამოფობიურად კი ბევრს მოეჩვენება.  წიგნში 2022 წელია და ეს საფრთხე რეალიზებულია.

ტექსტი უნივერსიტეტის პროფესორის მონაყოლს მიჰყვება, უელბეკისეული ტიპაჟია – ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, როგორც მიდის ცხოვრება, ისე ცხოვრობს. ერთი მწერლის შემოქმედების შესწავლას შეალია მთელი ცხოვრება, სადღაც შუახნისაა და არც არაფერი შეუქმნია. მარტოა. მაინც აღელვებს ქვეყანაში მიმდინარე ამბები, რადგან მასაც ეხება. არჩევნებში მუსლიმთა კანდიდატი იმარჯვებს, ამის შემდეგ ნადგურდება ყველაფერი. თავისუფლება კვდება და ისლამი აღწევს ყველგან – არტ ნუვოს სტილის ბარში, უნივერსიტეტში, ჩაცმულობაში და პროფესორთა რელიგიურ მრწამსშიც.

“საფრანგეთში ინტელექტუალობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებელიც ხარ. პასუხისმგებლობის აღება ინტელექტუალებს სულაც არ ახასიათებთ”, – ამას მოაყოლებს იმ ეპიზოდს, სადაც ინტელეტუქლების მიერ საარჩევნო კანდიდატის მხარდაჭერაზე საუბრობს და იხსენებს, რომ ყველა ლიდერს, მათ შორის სტალინს, მაოს ინტელექტუელებიც უჭერდნენ მხარს და ამის გამო მათთვის არავის უსაყვედურია.

 

ნოსტალგიას საერთო არაფერი აქვს ესთეტიკასთან, არც ბედნიერი დროის მოგონებასთან. რომელიმე კონკრეტულ ადგილზე ნოსტალგია უბრალოდ იმიტომ გემართება, რომ იქ ცხოვრობდი

როდესაც მწერლის რამდენიმე ნაწარმოები წაკითხული გაქვს, ბუნებრივია ადარებ მათ და შესაძლოა სწორედ ამ ფონზე “მორჩილება” ვერც კი მიუახლოვდება “რუკა და ტერიტორიას” ანდა “ელემენტარულ ნაწილაკებს”, თუნდაც “პლატფორმას”. თუკი მის წინა ნაწარმოებებში მუდმივად ვპოულობდი რაღაც ახალს, “მორჩილებაში” არ გამომივიდა. ის ისეთივე იყო, როგორიც ყველგან. რამდენიმე ეპიზოდი კი ისეთი მოსაწყენი ჩანდა, არაფერი ეტყობოდა უელბეკისეულობის. სულ მქონდა განცდა რომ ძალიან დაღლილი წერდა მხოლოდ იმისთვის, რომ უნდა ეწერა.

April 22, 2018 / მკითხველი

დევიდ ბექჰემი – ჩემი მხრიდან

დევიდ ბექჰემითანამედროვე ფეხბურთელთა ავტობიოგრაფიის კითხვისას მთავარი სიამოვნება ისაა, ყველა მომენტის ნახვა ინტერნეტით რომ შეგიძლია. უყურებ მატჩის ვიდეოს, რას ამბობენ კომენტატორ

ები, რას წერდა პრესა და შემდეგ წიგნში კითხულობ რეალურ ამბავს. აი თუნდაც იმას, რატომ იჯდა სათადარიგოზე დევიდ ბექჰემი კარგად ჩატარებული მატჩის მერე 2002-2003 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში რეალთან განმეორებით მატჩში. ბოლო წუთებზე შემოსული რას გრძნობდა გოლის გატანისას, რა უთხრა კარლოსმა მატჩის შემდეგ და რატომ მიიღო გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება იმ მატჩის შემდეგ.  ეძებ ინტერნეტში ამ მატჩს და ლამის ორივე ტაიმი შემოგეყუროს, ისეთი დიდებულია მთელი თამაშიც და ის ყველა ვარსკვლავიც, შენს ბავშვობას რომ თან სდევდა.

დევიდ ბექჰემი ჩემი ბავშვობისდროინდელ დიდებულ ფეხბურთელებს შორისაა, პლაკატებს რომ ვაგროვებდით უინტერნეტობის ხანაში. ყოველთვის გლამურული ფესბურთელის იმიჯი ჰქონდა, რომელსაც ვარკვლავობა უფრო იტაცებდა ვიდრე ფეხბურთი. მთელი ავტობიოგრაფია კი იმის მტკიცებაა, რომ სინამდვილეში ეს იმიჯი პრესამ შეუქმნა ასევე სუპერპოპულარული ვიქტორიას გამო, რომელიც როცა ცოლად შეირთო, ბევრად ცნობილი იყო, ვიდრე თვითონ. 30 წლის ასაკში დაწერილ ამ ავტობიოგრაფიაში ბევრს წერს იმაზე, რომ სულაც არ უყვარდა წვეულებები, ადრე დაძინება ერჩვინა, ცდილობდა თავისუფალი დრო მხოლოდ ოჯახისთვის დაეთმო. საერთოდაც ოჯახი ამ ავტობიოგრაფიული წიგნის ნახევარს იკავებს. შვილები და ვიქტორია ჩნდებიან ფაქტობირვად ყველა გვერდზე. ყოველ შემთხვევაში ყველა მნიშვნელოვანი მატჩის, წაგებული შეხვედრის შემდეგ პირველი ზარი ვიქტორიასთან იყო.

ალბათ ეს წიგნიც იმაზეა, რომ ამ პოპულარობის, აღიარების, ტიტულების უკან მძიმე შრომა დგას. ბევრი შეურაცხყოფის ატანაც, დასჯაც, როდესაც ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელს მეორე გუნდთან ავარჯიშებენ, ტრავმები, მაყურებლების, მედიის მიერ განტევების ვაცად ქცევა 1998 წლის ჩემპიონატზე გაძევების გამო, კონფლიქტი მწვრთნელთან, რის გამოც “დაბადებულსა და გაზრდილს იუნაიტედისთვის” “რეალში” გადასვლა მოიუწია.


რა გავლენას ახდენს მაყურებელი და მედია ფეხბურთელზე, ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა ეს წიგნი. ერთი ამბავი 1998 წელს იყო, როდესაც სწორედ მას დაბრალდა ნაკრების გამოვარდნა მსოფლიო ჩემპიონატიდან და შემდეგ უკვე პოპულარობის ზენიტში მყოფი, მადრიდში საცხოვრებლად გადასულმა მედიის მომეტებული ყურადღების გამო შვილი სკოლაში ვერ მიიყვანა. შუაში იყო მუქარა აფეთქებაზე, მცდელობა მისი ოჯახისთვის ზიანის მიყენებისა.

1992 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” კლასი 2011 წლის საქველმოქმედო მატჩისას

როგორც ხდება ხოლმე, მასაც უნდოდა ჩვეულებრივ ბიჭად დარჩენილიყო, რომელიც გამოსვლის წინ ნერვიულობს, პირველ პაემანზე უხერხული ამბავი ემართება, მანჩესტერ იუნაიტედის ფანად დაიბადა და ასევე ვარსკვლავის სტატუსით გადასული “რეალში” მოწიწებით შესცქეროდა იქაურ “გალაქტიკოს” – ზიდანს, რაულს, რონალდოს, ფიგუს, კარლოსს. როგორ უჩუყდება გული, როცა პატარა ბიჭი ავტოგრაფს სთხოვს და ახსენდება საკუთარი თავი. თვითონაც უკვე ნაკრების კაპიტანმა ასე სთოვა ავტოგრაფი მაიკლ ჯორდანს. 23 ნომრიანი მაისურის არჩევაც, სწორედ ჯორდანს უკავშირდებს. დღესაც მის “ინსტაგრამს” თუ შეხედავთ ნახავთ ასეთივე მოწიწებას სხვა ვარსკვლავებისადმი, მაგალითად რაულს დღესაც “კაპიტანს” ეძახის.

2004 წელს მთავრდება ამბის თხრობა. ბუნებრივია დიდი ნაწილი “მანჩესტერ იუნაიტედს” ეხება.  90-იანების ბიჭებს – ძმებ ნევილებს, სქოულს, გიგზის, ნიკი ბატს – აი, იმათ, 1999-ში ტრიბელი რომ დადეს და 1992 წლის კლასს რომ ეძახიან.

ამ ავტბიოგრაფიული წიგნის გამოცემების შემდეგ დევიდ ბექჰემმა კიდევ არაერთი ტიტული მოიგო როგორც კლუბთან, ისე ინდივიდუალურად. საერთო ჯამში უმართლებდა და ყოველთვის ახერხებდა ჩაგდებული მატჩის შემდეგ დიდებულად დაბრუნებას, რევანშის აღებას, გადამწყვეტი გოლის გატანას. “რეალის” შემდეგ წავიდა ამერიკაში, შემდეგ ითამაშა “მილანში”, “პსჟ-ში”,  სადაც დაასრულად კიდეც ფეხბურთელის კარიერა 2013 წელს. სტადიონმა სიმღერით გააცილა, მთელი მატჩი გულაჩუყებული იყო თვითონაც. მისი ბოლო თამაში ყველაზე ემოციურ გამოსათხოვებელ მატჩებს შორისაა.

 

April 7, 2018 / მკითხველი

თომას მანი – ჯადოსნური მთა

6 თვე ვიცხოვრე ამ წიგნთან ერთად. ორი ამდენი დამჭირდა სანამ წაკითხვას გადავწყვეტდი. ის დრო შევარჩიე, როცა მეგონა მხატვრული ტექსტის გაგება აღარ მიჭირდა. თომას მანისაც მგონი ყველა თარგმანი წაკითხული მქონდა. მაინც შევცდი. 1200 გვერდამდე კი არის, მაგრამ საქმე ტექსტის სირთულეშია და არა მოცულობაში. აღარც კი მახსოვს რამდენჯერ დავბრუნდი უკან. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამ წიგნს ისე და იქამდე გაიგებ, სადამდეც ზოგადი ცოდნა და შესაძლებლობები მიგყვება. ასეთ წიგნებს ლიტერატურის კრიტიკოსები “მრავალპლანიან ნაწარმოებს” ეძახიან. ჩემს ენაზე კი “ჯადოსნური მთა” იმათ კატეგორიას მიეკუთვნება, ყველა ტიპის, ინტერესის ადამიანს რომ ჩაიყოლებს მოცულობის მიუხედავად.

მთავარი გმირი ჰანს კასტორპია. ამ პერსონაჟის სახელი არამგონია ვინმეს დაავიწყდეს, რადგან მთელი ტექსტის განმავლობაში აბსოლუტურად ყველგან სწორედ ასეა მოხსენიებული, სახელითა და გვარით. დავოსში, ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმ “ბერგჰოფში” რამდენიმე კვირით ადის ბიძაშვილთან იოახიმ ციმსენთან, რომელიც იქ მკურნალობს. საბოლოოდ 7 წელი რჩება. როგორ იქცევა კვირა თვედ და მერე წლად, ერთი წელი შვიდად და როგორ ქრება საერთოდ დროის შეგრძნება, ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია.

“დრო თხრობის და მუსიკის სტიქიაა, ისევე როგორც სიცოცხლისა, ხოლო სიცოცხლე მასთან ისევე განუყრელად არის დაკავშირებული, როგორც სივრცეში განლაგებულ სხეულებთან”, -ამბობს ერთგან ავტორი და იქვე ავითარებს აზრს, რომ დროის მოყოლა შესაძლებელია. საერთოდაც ეს “დრო-ჟამის” წიგნია. დრო არის მთავარი წარმმართველი მთელი სიუჟეტისაც. გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, თავიანთი უმწეობის გამო დრო უფრო შემოკლებული ეჩვენებათ, ვიდრე გახანგრძლივებული – ამასაც გიმტკიცებს ბოლოს.

თუ სიყმაწვილის წლები თითქოს ზოზნით გადის, შემდგომი ცხოვრება სულ უფრო და უფრო სწრაფად მიქრის და მიილტვის წინ. .. ძველზე გადაჩვევა და ახალზე მიჩვევა სიცოცხლის უნარის შენარჩუნების, ძალის მოკრების, დროის განცდის შენელებისა და ამით სიცოცხლის გრძნობის განახლების ერთადერთი გზაა. ამიტომაც ვიცვლით ხოლმე ადგილსა და ჰავას, ამიტომაც მივდივართ ზღვაზე, ამიტომ ბადებს ჩვენში დასვენების განცდას ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებანი და თავგადასავლები. 

სანატორიუმში ყველა დღესასწაული აღინიშნებოდა. რაც ფაქტობრივად დროის მონაკვეთებად ჰყოფდა მათ ცხოვრებას, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე. “დაუნაწევრებელი ერთფეროვნება” რომ არ ჰქონოდათ, სწორედ ამიტომ.

ავადმყოფობაც და სიკვდილიც როგორც სიცოცხლის თანმდევი ნაწილი ისეა განხილული ამ წიგნში. სწორედ ასე ბუნებრივად გადადიან “ბერგჰოფელები” ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

ყველა პერსიონაჟი იმდენად ინდივიდუალურია, რომ ფაქტობრივად ღირებულებების, მსოფლმხედველობის დაპირისპირებაა თითოეული კამათი.

სეტემბრინი ჰუმანისტია, პროგრესის მომხრე, დემოკრატიული იდეები აქვს და ევროპელობაც მის წარმოდგენაში განვითარებას ნიშნავს.

ევროპელის საქმე, ყოველგვარი ფუძემდებლური დებულების მიუხედავად, საზრისი, ანალიზი, ქმედება და პროგრესია და არა ბერის სამცონარო სარეცელი. 

ჯადოსნური მთის ხედი “ბერგჰოფიდან”, სადაც ახლა სასტუმროა. ფოტო: როიტერსი

მისი მთავარი მოწინააღმდეგ ლეო ნაფტაა. ებრაელი მარქსისტი, იეზუიტებს რომ შეუერთდა. “ჯადოსნური მთის” დიდი ნაწილი სწორედ სეტემბრინსა და ნაფტას კამათია.

ადამიანი მარტოოდენ ინდივიდი კი არ არის, მხოლოდ თავისი პირადული ცხოვრებით რომ იცხოვროს, იგი შეგნებულად თუ შეუგნებლად თავის თანამედროვე საზოგადოებისა და ეპოქის სულისკვეთებითაც ცხოვრობს. 

მათი კამათი საბოლოოდ დუელამდე მივა. იდეოლოგიურმა დაპირისპირებას რომ მიჰყავს ადამიანები უკიდურეს კონფლიქტამდე, ეს ყველაზე ცხადად გამოჩნდა დუელამდე სეტემბრინისა და კასტორპის დიალოგში.

ნაფტასა და სეტემბრინის დისკუსიას მოგვიანებით პეპერკორნი უერთდება და აბსოლუტურად სხვა დისკურსი შემოაქვს მსჯელობაში. ისინი, ვისაც ნიცშეს ფილოსოფიასთან  ახლოს ჩაუვლია, უკეთესად გაანალიზებენ მის პერსონაჟს. ვინც ფილოსოფიასთან არ ვმეგობრობთ, ჩვენთვის პეპერკორნი გართობის, დროსტარების მოყვარული კაცია, რომლისთვისაც ცხოვრება წარმავალია და ამიტომ ყველაფერი უნდა მოასწრო. მისი მსჯელობაც სწორედ ამ პერსპექტივიდან იშლება და სრულიად განსხვავებულ ჭრილში წარმოაჩენს მანამდე სეტენბრინისა და ნაფტას მიერ განხილულ საკითხებს.

მათგან განსხვავებით ფილოსოფიურ მსჯელობებში არ ერთვება კასტორპის ბიძაშვილი, იოახიმ ციმსენი, გამოჯანმრთელებაზე და სამხედრო სამსახურში დაბრუნებაზე იცნებობდა. წავიდა კიდეც და როდესაც ვალი მოიხადა, დაბრუნდა “სიკვდილს უპატაკაო”, ასე წერს თომას მანი. ცოტას ლაპარაკობს. მოვალეობის კაცია ამ თავისი მოვალეობის შესრულებისას ჩანს მისი ფილოსოფია. კიდევ აქვეა ფრაუ შოშა, კასტორპს რომ შეუყვარდა. ცოტა არაბუნებრივად, დაუსრულებლად გაწყდა მისი ხაზი. დანარჩენი პერსონაჟები იშვიათად გაიელვებენ ხოლმე.

ალბათ, ავადმყოფი ადამიანები ცოტა განსხვავებულად აღიქვამენ ამ ტექსტს და უფრო მეტად გაიაზრებენ როგორი ნაწილია დაავადება სიცოცხლის, “ჰორიზონტალური წოლის” საათები როგორ ხანგრძლივდება ბუნებრივად. სიკვდილი კი სულაც არ არის სიცოცხლის ანტონიმი. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ დროს კი ავადმყოფობა კლავს. უფრო სწორად, სისწრაფე ემატება დროს და ლოგიკური დასასრულიც მალე მოდის.